"უარი რომ მიიღეს, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა დაიწყეს თვალთვალი, მოსმენები"
"ოქრუაშვული ჯობია, ფსიქიატრს გაესინჯოს"
ქიბარ ხალვაშის შემდეგ ტელევიზიის წილებზე სამართლებრივ ბრძოლას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც იწყებს. პარალელურად პროკურატურაში 7 წელია მიმდინარეობს გამოძიება დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის საფუძველზე. ამტკიცებენ, რომ 2004 წელს ხელისუფლებამ მათ "რუსთავი 2"-ის წილები იძულებით დაათმობინა. ვინ არის რეალურად ტელევიზიის მესაკუთრე და რას დაჰპირდა დამფუძნებლებს ქიბარ ხალვაში, ამ საკითხებზე "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი დავით დვალი გვესაუბრა.
- 2004 წლის 29 მაისს ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ჩვენთან შეხვედრა მოითხოვეს... გამოგვიცხადეს, "რუსთავი 2" უნდა დათმოთო. უარი რომ მიიღეს, დაიწყეს თვალთვალი, მოსმენები... მოგვიანებით დაინიშნა მორიგი შეხვედრა. გვითხრეს, მოლაპარაკებას თუ განვაახლებთ, თვალთვალს შეწყვეტდნენ. საბოლოოდ ეროსი კიწმარიშვილთან შეთანხმებით დავბრუნდით... შემდეგ ეროსის ხელით კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს - სასამართლოში შეიტანეს მოთხოვნა და არხს დროებითი მმართველი დაუნიშნეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ "რუსთავი 2"-ზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი დაგვეკარგა.
ტელეკომპანიის სახელზე კრედიტი გვქონდა აღებული, გარანტიად კი ჩადებული იყო კომპანია "ჯორჯიან ონლაინი", ასევე ჩემი და ჯარჯის პირადი ქონება. კრედიტის გამცემ ორგანიზაციაში გადაგზავნეს ინფორმაცია, რომ ტელევიზია გაკოტრებულია, ამიტომ მათგან მოგვივიდა სასწრაფო ფაქსი, რომ კრედიტი შეწყდა და იმ დღესვე უნდა დაგვეფარა მილიონ ორასი ათასი დოლარი, ამხელა თანხა არ გაგვაჩნდა. შემდეგ კიდევ დაგვიბარეს, - ან დატოვებთ "რუსთავი 2"-ს, ან გაკოტრებულ ტელევიზიასთან ერთად კარგავთ "ჯორჯიან ონლაინს" და რჩებით, ვციტირებ: "საცვლების ანაბარაო". ასე გვაიძულეს ხელის მოწერა. რამდენიმე დღეში იმავე მოსამართლემ აღმოაჩინა, რომ გასაკოტრებელი არაფერი ყოფილა და საქმე დახურა.
- ანუ მილიონ ორასი ათასი თქვენ არ აგიღიათ, თუმცა კრედიტი გაისტუმრეს?
- დავალიანება "რუსთავი 2"-ის იყო. 600.000 გამისტუმრეს მე და ანალოგიური თანხით ჯარჯი.
- ოქრუაშვილი ამბობს, ფული მე მივეციო. - ოქრუაშვილს არც ერთი კაპიკი არ მოუცია და არც გამოჩენილა. ტყუილია, რომ ფული მისი იყო და ის შუამავლობდა.
- 600-600 ათასი ვინ გადმოგცათ? - არ ვიცი, ჩემოდანი იყო ოთახში, რომელშიც შევედით. ჩვენებებში არავინ ამბობს, ვისი იყო თანხა. მხოლოდ ოქრუაშვილს ეყო თავხედობა და თქვა, ჩემი იყოო.
- ქიბარ ხალვაშს როდის შეხვდით? - ქიბარი პირველად ნოტარიუსთან ვნახეთ, როცა გადაფორმებაზე ვიყავით. მანამდე არც ქიბარი ჩანდა და არც ოქრუაშვილი. ჩვენთან ადეიშვილი და მერაბიშვილი ურთიერთობდნენ... ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენების ფრაგმენტები: სააკაშვილმა თქვა, ეროსისთან მოლაპარაკებას მე ვითავებო, ადეიშვილსა და მერაბიშვილს დაავალა, დვალსა და აქიმიძეს თქვენ მიხედეთო. ადეიშვილისა და მერაბიშვილის შუამავლად პირველად გამოჩნდა იმნაიშვილი, რომელმაც გვითხრა, ამ ორ ადამიანს უნდა თქვენთან შეხვედრაო.
- ოქრუაშვილის თქმით, ტელეკომპანიის წილების სანაცვლოდ ითხოვდით "მაგთისა" და საქართველოს რკინიგზის წილებს? - სისულელეა. საერთოდ არ ვაპირებდით წილების გაყიდვას და არც გეგმა გვქონდა. ეგ კაცი ჯობია, ფსიქიატრს გაესინჯოს.
- თქვენ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადეთ, რომ პრინციპულად წინააღმდეგი ხართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების... - ქიბარ ხალვაშის კეთილი ნებაა, მომცემს რამეს თუ არა. 7 წელია სახელმწიფოსგან ვითხოვ დამიდასტუროს, რომ წამართვეს ტელევიზია და ის მე მეკუთვნის.
- არსებულ ვითარებაში არხის საინფორმაციო პოლიტიკა როგორ წარმოგიდგენიათ? - "რუსთავი 2"-მა თავი უნდა დააღწიოს პოლიტიკური პარტიის ზეგავლენას და კიდევ უფრო თავისუფალი უნდა იყოს. ხომ არის ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკული, მაგრამ აქვს ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაზე ტაბუირებული თემებიც.
მე პირადად ამას გავაკეთებ, თუ არხის მმართველობის ბერკეტები მექნება.