"რამდენი ადამიანი უნდა დაგვხოცოთ?" - რას აცხადებს "კაბუ" ციხიდან გამოსვლის შემდეგ - კვირის პალიტრა

"რამდენი ადამიანი უნდა დაგვხოცოთ?" - რას აცხადებს "კაბუ" ციხიდან გამოსვლის შემდეგ

ქუჩაში, კოჭლ ძაღლს რომ პოულობენ, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში კიდევ ბიჭი ტუბერკულიოზით მოკლეს, - ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა( კაბუ) "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში", საფრანგეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთის ციხეში ბევრი მოქალაქეა ისეთი, ვინც ცუდ ყოფაშია და დახმარება სჭირდება.

"მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, თუნდაც ციხეში მყოფებს. ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, პასპორტი ხომ გვაქვს ქართული, ხალხო, იქ ძალიან ბევრი ხალხია, ვისაც უჭირს. მივიდნენ, იკითხონ. ამ ბიჭს აღარაფერი ეშველება სამწუხაროდ, მაგრამ ვიღაცა იქნებ გადარჩეს. ციხეში არ აქცევდნენ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალიან ცუდად და საბოლოოდ, ეს ადამიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის წევრი, უახლოესი ადამიანი, ჩემი ძმაც იყო და ყველაფერი, გარდაიცვალა. პაატა ახალაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც მოკლეს ტუბერკულიოზით. 21-ე საუკუნეში, ადამიანებო, 21-ე საუკუნეში ადამიანი გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. დაუმტკიცეს კი არა, ხელში საერთოდ არაფერი ეჭირა. იყო აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. იქ ვინც სხედან, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ დავუმტკიცოთ ამ ხალხს რომ სულ ტყუილად ვიჯექით და სულ ტყუილად ვზივართ და სულ ტყუილად გვაყენებენ შეურაცხჰყოფებს?! რამდენი ადამიანი უნდა დაგვხოცოთ. აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას, ქუჩაში რომ პოულობენ კოჭლ ძაღლს, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულიოზით. ეს ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელი შევიდა ციხეში. ნერვიულობით დაემართა, იმიტომ რომ ცოლი დაუჭირეს, შვილები მარტო დაუტოვეს, ავადმყოფი მამა და დედა მარტო დაუტოვეს“, - განაცხადა კახა აბუაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, მოახერხა თუ არა აბუაშვილმა რესოციალიზება მას შემდეგ, რაც დატოვა საფრანგეთის ციხე, კახა აბუაშვილმა განაცხადა, რომ „დიდად რთული არ იყო შეგუება თავისუფლებასთან.“.

როგორც მან აღნიშნა, ის აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან არ უშვებენ.

შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი. იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა.

"ინტერპრესნიუსი"