"დედა არასდროს მყავდა ნანახი. როცა ციხეში იყო, ბევრს ვფიქრობდი მასზე. ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე..." - კვირის პალიტრა

"დედა არასდროს მყავდა ნანახი. როცა ციხეში იყო, ბევრს ვფიქრობდი მასზე. ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე..."

17 წლის ნინოს ცხოვრება ბევრი მისი თანატოლის ცხოვრებისგან განსხვავებული იყო. ამ ლამაზ გოგონას მიზნები და ოცნებებიც სხვა ჰქონდა. სამწუხაროდ, პატარაობიდან ლუკმაპურის შოვნა თავად უწევდა. დამლაგებლადაც მუშაობდა და პატარა ხელებით ცდილობდა, თავისი სარჩო გამოემუშავებინა, ლუკმა რომ არავის დაეყვედრებინა. დედის სითბოზე ოცნებობდა. ეგონა, ეს დღე დადგებოდა და დედასთან შეხვედრის შემდეგ დედაშვილობის დანაკლისს აინაზღაურებდა, მაგრამ ესეც არ მოხდა, დედამ მას სითბო ვერ მისცა და მათი გზები ისევ გაიყარა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"9 კლასი დავამთავრე და სკოლიდან გამოვედი, მინდოდა, სკოლა დამემთავრებინა და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გამეგრძელებინა, მაგრამ ვიცოდი, ამას ვერ შევძლებდი. ასეთ პატარა ასაკში ბავშვები სწორედ იმიტომ მუშაობენ, რომ უჭირთ. ვისაც მშობლები ჰყავს, ისინიც ცდილობენ, ოჯახს დაეხმარონ. მათგან განსხვავებით, მე არც მამა მყავდა, არც დედას ეცალა ჩემთვის და მარტო დარჩენილს თავი რომ გამეტანა, იძულებული ვიყავი, საკუთარი შრომით მომეპოვებინა სარჩო..."

"სულ ამაზე ვფიქრობდი, მთავარი იყო, ცუდ გზას არ დავდგომოდი და პატიოსნად ვყოფილიყავი. ახლობლის დახმარებით 14 წლისამ ქარხანაში, დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. ვცდილობდი, დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შემესრულებინა და ნდობა მომეპოვებინა..."

"პირველი ფულით სახლისთვის პროდუქტები და ფეხსაცმელი ვიყიდე, რადგან გახეული მქონდა. მაშინ ნათლიასთან ვცხოვრობდი, მას ჰქონდა ჩემზე მზრუნველობა აღებული. ბევრჯერ მტკენია მისი სიტყვებისგან გული. მავალდებულებდა, ფული მეშოვა. შენი საჭმლის ფული შენ უნდა გამოიმუშაოო, ამიტომ სწავლის ნაცვლად, ფიზიკურად ვშრომობდი, სახლში პროდუქტი რომ მიმეტანა..."

"არ ვიცნობდი დედას, არასდროს მყავდა ნანახი. როცა ციხეში იყო, ბევრს ვფიქრობდი მასზე. ისიც ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე მართლა ყველაფერი გავაკეთე... ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ გამომივიდა, რადგან მას არ სურდა. ვცდილობდი შევყვარებოდი. 2 წელი დაჰყო ჩემთან და მერე სახლიდან წავიდა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" პირველი აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა