"არსებული გრაფიკით, ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდება" - კვირის პალიტრა

"არსებული გრაფიკით, ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდება"

"მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გვერდზე გადგებიან და ჩვენ კიდევ ერთი მცდელობა გვექნება სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებთან ერთად, რომ მთავრობასთან შეთანხმებას მივაღწიოთ პროექტის საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნებზე", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

როგორც ლევან ახვლედიანი აცხადებს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოზიციებზე კანდიდატები უკვე შერჩეულია.

მისივე თქმით, დღეს პროექტს პრობლემები აქვს ინვესტორების დარწმუნებასთან დაკავშირებით, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

"დღეს ანაკლიის პროექტი საკმაოდ რთულ მდომარეობაშია, ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ის ზეწოლა, რაც განხორციელდა მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ ანაკლიის კონსორციუმის მთავარ დამფუძნებლებზე და პროექტის სპონსორებზე, ეს ძალიან უშლის ხელს პროექტს, განსაკუთრებით ართულებს პროექტისთვის აუცილებელი ინვესტორების დარწმუნებას, რომ ინვესტიცია ჩადონ ანაკლიის პორტში. დღეს ჩვენ ამ სირთულის წინაშე ვდგავართ. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: პირველ რიგში, მამუკა და ბადრი აღარ იქნებიან კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე, მათ ჩაანაცვლებენ ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პროფესიონალები, რომელთა ვინაობასაც დღეს თუ არა ხვალ გამოვაცხადებთ და ისინი წაუძღვებიან ამ პროექტს და მთავრობასთან მოლაპარაკებებს შემდგომში. ამასთან, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ვიწყებთ საზოგადოებასთან გამჭვირვალე ურთიერთობას, თუ ვინმეს გონია რომ გვინდა მიკერძოებულად ჩვენი ინტერესები გავატაროთ, ეს არის აბსურდი. ეს პროექტი არ არის ჩვენი, ბატონი მამუკასი ან ბატონი ბადრისი, ეს პროექტი არის ჩვენი ქვეყნის", -აცხადებს ლევან ახვლედიანი.

ლევან ახვლედიანის განცხადებით, პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული.

"პროექტის ვადებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შევცვალეთ მესიჯბოქსი. პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული. თუ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება. იმ 6 თვიანი გადავადებით რაც ახლა მოხდა, ჩვენმა გენერალურმა კონტრაქტორმა წარადგინა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იანვარში დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები, თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, პირველი გემების მიღება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდება. სრულიად პორტის პირველი ფაზა, როგორც ეს სამინისტრომ განაცხადა, დასრულდება 2022 წლის მაისში. ასე, რომ ჩვენ გრაფიკისთვის არ გადაგვიხვევია, ახლა მთავარია მოლაპარაკებები დროულად დასრულდეს,"-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, მთავრობასთან მოლაპარაკებები განახლებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან და ახალ სპონსორთან ერთად გაგრძელდება.

"ჩვენ განახლებულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად და პლუს სახელს არ დავასახელებ, მაგრამ უახლოეს მომავალში შემოგვიერთდება ახალი მხარე, სპონსორი, რომელიც ასევე წამყვან ფიგურანტად იქნება ამ პროექტის", - განაცხადა ახვლედიანმა.

"ინტერპრესნიუსი"