"ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს - ეს კარგად იციან აქიმიძემ და დვალმა და ამბობენ კიდევაც" - კვირის პალიტრა

"ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს - ეს კარგად იციან აქიმიძემ და დვალმა და ამბობენ კიდევაც"

ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდევაც, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის 40-პროცენტიანი წილი ცოტა არ არის და საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. სალიას შეფასებით, აქიმიძისა და დვალის დღევანდელი ბრიფინგი გაგრძელება იყო იმ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების, რომელიც ორი დღის წინ შედგა და რომელზეც ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით მათი უარი უკვე ცნობილი იყო.

"რაც შეეხება იმას, რა იყო შეთავაზებული 2015 წელს და რა იყო შეთავაზებული ახლა. 2015 წელს განიხილებოდა, საჯაროდ ითქვა, რომ ქიბარ ხალვაში მზად იყო დაეთმო 50 პროცენტი, თუმცა ამ საუბრებს მიღმა ასევე ბევრი საუბარი იყო, ბევრი დისკუსია, რაც საბოლოო ჯამში, თუნდაც ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე ითქვა ორივე მხარის მიმართ, რომ მოდი, დავანებოთ თავი რა იყო წარსულში, რადგან რეალურ შეთანხმებამდე ჩვენ ვერ მივედით, ამიტომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ ნაწილში ურთიერთობა და თქვით, რასაც გვთავაზობთ. ქიბარ ხალვაშმა უთხრა ის, რასაც სთავაზობდა, მან შესთავაზა 40%. 40% არის საკმაოდ დიდი წილი კომპანიაში. კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40%-ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია",- აცხადებს სალია.

კითხვაზე, რატომ შეიცვალა შეთავაზება, სალია ამბობს, რომ შეთავაზება არ შეცვლილა.

"სხვადასხვა დროს სხვადასხვა საუბრები იყო და საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაშმა, რომელიც სამართლებრივად, ყველანაირი პროცედურის დაცვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარეგისტრირდა მესაკუთრედ, მან გამოიჩინა კეთილი ნება. ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდევაც. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება. რატომ არ მაძლევ უფრო მეტს და არ მჩუქნი, მგონი არასწორია",-აცხადებს პაატა სალია.

"ინტერპრესნიუსი"