"5 ადამიანი მყავს შესანახი, 50 თეთრი ჩემთვის დიდი ფულია" - კვირის პალიტრა

"5 ადამიანი მყავს შესანახი, 50 თეთრი ჩემთვის დიდი ფულია"

ჩემი და სასწრაფო დახმარების ექიმების ურთიერთობა ძველებურად გრძელდება და ახლა ბოლო ამბებს მოგიყვებით:

5 ადამიანი მოწყალების მთხოვნელი ბებოს იმედად

მოგიყვებით ოჯახზე, სადაც 5 ზრდასრული ადამიანი ერთი მოხუცი ქალის იმედადაა - ის მოწყალებას ითხოვს.

"სასწრაფოს" გამოძახების საბაბი მისი შვილიშვილის გულის პრობლემები გახდა.

ოჯახის ყველა წევრი შინ დაგვხვდა - დედა, 4 შვილი და ბებია.

სახლში სიღარიბე, მაგრამ წესრიგი დაგვხვდა. მომეჩვენა, რომ ოჯახის წევრებიც ერთმანეთის მიმართ თბილად იყვნენ განწყობილი. მომეჩვენა-მეთქი, რატომაც დავწერე, ბოლოს მოგახსენებთ.

ბებია მხიარულად შემოგვეგება, ექიმებს ასწავლა, როგორ ეშველათ მისი შვილიშვილისთვის და წინაპრებისგან გადმოცემული და აპრობირებული მეთოდის შესახებ მოგვიყვა. შემდეგ ისიც გვითხრა, როგორ ეჩხუბა ავტობუსის ბილეთების კონტროლიორს.

- რას ერჩოდით?

- მომადგა, ბილეთი მაჩვენეო, მე ვუთხარი, შე ოხერო და მუხთალო, დავდივარ, მოწყალებას ვითხოვ და როგორ მიბედავ, რომ ბილეთს მთხოვ? 5 ადამიანი მყავს შესანახი, 50 თეთრი ჩემთვის დიდი ფულია-მეთქი. მე თავიდანვე დიდი ხულიგანი ვიყავი, ვერავინ მომერეოდა. ამათ რომ უყურებ, ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან, ჩემი შვილი უვარგისი რომ აღმოჩნდა, შინიდან გავაგდე.

- არც ერთი არ მუშაობს? - არა, აბა, სამსახურები სადაა, რომ იმუშაონ? მე ვინახავ ამათ.

შვილიშვილი, რომლის გამოც "სასწრაფოს" გამოძახება გახდა საჭირო, აბიტურიენტია. - ორ დღეში გამოცდა მაქვს და მანამდე ხომ გამოვჯანმრთელდებიო? - გვეკითხებოდა, თან ბებიას მორიდებით სთხოვდა, ცოტა ხანს გაჩუმდიო. ბოლოს, რომ ვერ გააჩერეს, ერთ-ერთმა შვილიშვილმა დაუყვირა, მერე ამას დედამ დაუყვირა, დედას კი მეორე ვაჟმა. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთში აირია და მივხვდი, რომ ოჯახის წევრებს შორის იდილია მართლაც მომეჩვენა.

- ამ სიტუაციაში მეცადინეობას როგორ ახერხებ? - ვკითხე აბიტურიენტს. - ესაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, - თვალები აუწყლიანდა, - ერთი სული მაქვს, სტუდენტი გავხდე, განათლება მივიღო და აქედან წავიდე. ცალკე გადავალ და შორიდან დავეხმარები ოჯახს. აქ სულ ჩხუბი და აყალმაყალია, ბებიას მიაჩნია, რომ რადგან გვარჩენს, ოჯახის უფროსია. ადრე თავისი შეცდომების გამო ციხეშიც მოხვდა და ჭკუა მაინც ვერ ისწავლა.

- ციხეში რის გამო მოხვდა?

- ტყუილი არ უთქვამს, რომ გითხრათ, მთელი ცხოვრება ვხულიგნობდიო, გზაზე გადაუდგა ქალს, ფული წაართვა და მაგის გამო იყო დაპატიმრებული. მამა იყო ჩვენი მარჩენალი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ბებომ იმის გამო აითვალწუნა, რომ რაღაცებს უშლიდა, და შინიდან გააგდო. ახლა თავის ჭკუაზე დადის, დამშლელი აღარავინ ჰყავს. ჩვენ რომ მამას თან არ გავყევით, ამის გამო ისიც აღარ ურთიერთობს ჩვენთან. არადა, როგორ გავყვებოდით, ქირით ციცქნა ოთახში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი და გარდერობი ეტევა, აქ კი ყველას ჩვენი საწოლი მაინც გვაქვს, არც წყალი ჩამოგვდის, ზამთარში სითბოც გვაქვს.

ყმაწვილი კლინიკაში გადავიყვანეთ და იმედია, გამოცდამდე ექიმები აუცილებლად გამოაჯანმრთელებენ. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: მე უპოვარი ვარ - "კვირის პალიტრის" ექსპერიმენტის მოულოდნელი შედეგი