"მეუღლისთვის ბევრი რამ მიპატიებია..." - კვირის პალიტრა

"მეუღლისთვის ბევრი რამ მიპატიებია..."

"ღალატი" - ეს სიტყვა უხსოვარი დროიდან დღემდე, ყველაზე უპატიებელ და სამარცხვინო საქციელს აღნიშნავს. განსაკუთრებით მკაცრად ისჯებოდა და ისჯება ქალის ღალატი: მსოფლიოში ახლაც არსებობს ქვეყნები, სადაც მოღალატე ქალებს დაუნდობლად ასახიჩრებენ, სახეში გოგირდმჟავას ასხამენ, ან - სულაც კლავენ და მერე ამ მკვლელობას "ღირსების მკვლელობას" უწოდებენ. როგორც წესი, ასეთ დროს "მოსამართლის" როლში მსხვერპლის ქმარი, მამა, ძმები და უახლოესი ნათესავები გვევლინებიან.

როგორ აფასებენ ღალატს XXI საუკუნის საქართველოში, ან რატომ ღალატობენ ადამიანები მეუღლეს და ოჯახს,

რომელიც ერთ დროს სიყვარულით შექმნეს? - ეს შეკითხვა სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ცნობილ ქართველებს დავუსვით.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:

"ვფიქრობ, რომ ყველა ოჯახს თავისი კანონები აქვს, რაც შესაძლოა, სხვებისთვის მიუღებელია, მაგრამ მაინც არ უნდა ჩავერიოთ. შეიძლება იმ ოჯახში ასეა მიღებული, შეიძლება ცოლი ქმარს ბევრ რაიმეს პატიობს, რადგან უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთის გარეშე ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ. იმ გაუგებრობას, რომელიც ურთიერთობაში ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას, ხშირად პატიობენ ხოლმე და ეს არ უნდა გვიკვირდეს. არსებობს ასეთი გამონათქვამი: "მამაკაცისთვის ქალი ყოველთვის ქალია, ქალი კი, მასში სასწაულს ეძებს"-ო - განსხვავებული აზროვნების და ფსიქიკის გამო ცოლ-ქმარს შორის ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნება, ამიტომ, ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ ბედნიერება თავისთავად არ მოდის, მის შეგრძნებასაც ცოდნა უნდა. და კიდევ - რაც უფრო მეტს გასცემ, უფრო ბედნიერი ხარ. მეუღლისთვის მეც ბევრი რამ მიპატიებია, რადგან კარგად ვიცოდი: ძნელია იმ ადამიანის პოვნა, ვინც მართლა გიყვარს და როცა გიყვარს, იძულებული ხარ დათმო - დათმო შენი თავმოყვარეობა, სიამაყე, ეგოიზმი და ა.შ... ადამიანს ორი მხარე აქვს - კარგი და ცუდი, თუ გიყვარს, ეს ორივე მხარე უნდა მიიღო. თუ ეს ადამიანი ძვირფასია შენთვის, მარტო ფლირტის გამო მასზე უარს ვერ იტყვი - ასეთ დროს პატიება ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენი საუბრისას გამახსენდა როგორ საყვედურობდა ცოლი ერთ ცნობილ რეჟისორს: რა არის, სულ რომ მღალატობ და სხვა ქალებში მცვლიო - მან კი, ნახევრად ხუმრობით უპასუხა: სულ ვეძებ, ვეძებ, მაგრამ შენნაირი მაინც ვერავინ ვიპოვეო. ასე რომ, ყველაფერი ინდივიდუალურია, ორი ადამიანის ურთიერთობა გართობა არ არის და სხვის ოჯახში რა ხდება, ეს ჩვენი განსასჯელი არ უნდა იყოს". (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "მე და თამაზი მხოლოდ 5 თვეს ვიყავით ერთად. ფეხმძიმე დავრჩი და ბედნიერი ვარ, რომ მისგან შვილი დამრჩა"