"ასე გახდა ქალი საყვარელი ქმრის მკვლელის მეუღლე" - ვინ იყო გურჯი ხათუნი, ვისი საფლავიც თურქეთში, სავარაუდოდ, ახლახან იპოვეს
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია სარკოფაგები.
"თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას," - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო.
გთავაზობთ სტატიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:
სიყვარულის მონეტის საიდუმლო
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში უამრავ უნიკალურ ექსპონატთან ერთად ინახება XIII საუკუნის ვერცხლის მონეტა. თურქეთის სულთნის ქეიხუსრევ ბენ ქეიყუბადის ძლევამოსილების ნიშნად მოჭრილ ვერცხლის ფულს ჩვენთვის ფასი არ ექნებოდა, რომ არა თამარ მეფის შვილიშვილი თამარი. სულთანმა მონეტა სწორედ მას უძღვნა.
13 წლის თამარი სელჯუკთა სახელგანთქმულ ახალგაზრდა მბრძანებელს მიათხოვეს. ხალხმა მას გურჯი ხათუნი უწოდა. უზომოდ შეყვარებულ სულთანს გადაუწყვეტია, მისი სახე მონეტაზე ამოეტვიფრა, მაგრამ მუსლიმანური კანონი კრძალავდა სახისა და თანაც ქალის გამოხატვას.
ამიტომაც ჭაბუკმა ქეიხუსრევმა ხერხი იხმარა და მონეტა ისე გამოჭედა, რომ საწადელი აისრულა, ხელოვნების, სიყვარულისა და ერთგულების ნიმუშად აქცია და რელიგიის დოგმებიც არ დაარღვია. აქედან დაედო სათავე ლომისა და მზის სიმბოლიკას მაჰმადიანური სამყაროს დროშებზე, გერბზე და სხვ. ყიასედინმა მონეტის უკანა მხარეს არაბული ასოებით წააწერინა: "დიდებული სულთანი, ქვეყნიერებისა და სარწმუნოების წყალობა, ქეიხუსრევ ბენ ქეიყუბადი, ჰიჯრით 638". ნომინალის წინა მხარეს ცის თაღი ამოატვიფრინა წარწერით: "იმამი, რომელმაც ალაჰის ძალით გამარჯვება მოიპოვა, მართლმორწმუნეთა ამირა". თაღის ქვეშ ვარსკვლავებია, მათ შორის კი - მზე, რომლის ქვემოთ ლომი დგას. გამოვიდა, რომ მზე ლომის ზოდიაქოში იყო ამოტვიფრული, ამასთან, ქეიხუსრევმა ციური სხეულის დისკოში ამოატვიფრინა ქალის სახე, რომელიც გურჯი ხათუნს ძალიან ჰგავდა.
გიორგი კალანდია, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი: "როგორც ანკარის მუზეუმის ნუმიზმატმა მითხრა, სულთანს იმდენად უყვარდა მეუღლე, ცაში აიყვანა და მზეში გამოსახაო. მხოლოდ ქეიხუსრევს როდი უყვარდა გურჯი ხათუნი. მას წმინდანივით სცემდნენ თაყვანს მუსლიმანურ სამეფოში და ორი სამყაროს - მუსლიმანურისა და ქრისტიანულის დედოფალს უწოდებდნენ. სილამაზისა და გონიერების წყალობით სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.
ხალხის ასეთი სიყვარული გასაკვირიც არ იყო, რადგან დედოფალს ტახტზე დაბრძანებისთანავე გაუცია პურის გაიაფების ბრძანება, უმწეოთათვის კი უფასოდ დარიგება. დაუარსებია პურის ბაზარი, რომლის მუშაობასაც თვითონვე აკონტროლებდა. მოახლე, რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ თხოვდებოდა, თვითონვე გამოუწყვია მზითვით. გურჯი ხათუნი მონაწილეობდა უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებში, აწარმოებდა მოლაპარაკებებს, აქტიურად ერეოდა ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში. დიპლომატიური ნიჭის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგული დარჩა, თუმც იყო დრო, როდესაც სულთანი სჯულის დათმობას სთხოვდა".
თამარის ცხოვრება ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა იყო. ქმარს თავი ისე შეაყვარა, რომ სულთანმა მიატოვა ყველა ცოლი, რომელიც მანამდე ჰყოლია. ამის გამო ერთ-ერთმა მათგანმა გურჯი ხათუნი მოწამლა და ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გამხეცებულმა სულთანმა დამნაშავე მოაკვლევინა. სწორედ ამის შემდეგ გაუცია სულთანს ზემოხსენებული მონეტის მოჭრის განკარგულება. როგორც ამბობენ, მასზე უცნაური ზოდიაქოს გამოსახვა ქართველი დედოფლის იდეა იყო.
გიორგი კალანდია:
"ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. საქართველოში ხომ მიჯნურ ვაჟს ხშირად ლომს ადარებდნენ, მის მშვენიერ სატრფოს კი მზეს. ასე იყო მაშინაც, როცა შოთა რუსთაველი გურჯი ხათუნის ბებიას, დიდ თამარ მეფეს "ვეფხისტყაოსანს" უძღვნიდა: "ვის შვენის, ლომსა, ხმარება შუბისა, ფარ შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა". სულთანს თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად რაღაც ისეთის შექმნა უნდოდა, რაც საუკუნეებს გაუძლებდა".
გურჯი ხათუნი ფუფუნებაში და ლაღად ცხოვრობდა. იცავდა ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდა თანმხლები სასულიერო პირების მიერ ჩატარებულ საღვთო ლიტურგიებს. ასე მოითხოვა საქართველოს სამეფო კარმა, როდესაც თამარს ათხოვებდნენ. ქალაქ კონიაში მისი სასახლის საძირკველთან დღემდეა შემორჩენილი ბოლნური ჯვარი. დედოფლის პალატებში ხატები იყო დაბრძანებული და არავინ დევნიდა ამის გამო, ვიდრე დედამისმა, რუსუდანმა არ დაატეხა თავს უბედურება. მემატიანის ცნობით, რუსუდანმა ღვთის შიში დაივიწყა და ძმისაგან ანდერძით შევედრებული ძმისწული დავითი (ულუდ წოდებული), კონიაში სიძესა და ასულს მოსაკლავად გაუგზავნა. დავითმა თავისი ხელით ჩაუტანა ბიძაშვილს და სიძეს წერილი, სადაც რუსუდანი მის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. საქართველოს დედოფალი იმედოვნებდა, რომ კონკურენტის ჩამოშორებით ტახტისაკენ გზას გაუკვალავდა თავის ძეს, დავით ნარინს.
კონიაში მოსაკლავად გაგზავნილი უფლისწული დავითი გურჯი ხათუნმა და ყიასედინმა ფრიად შეიყვარეს და მფარველობას უწევდნენ. რუსუდანი ამან ისე გააბოროტა, რომ გადაწყვიტა, თამარზე ეძია შური. სიძეს საშინელი წერილი გაუგზავნა, ქალიშვილსა და ძმისშვილს სიძვაში სდებდა ბრალს. ჭაბუკი სულთანი გურჯი ხათუნს გამხეცებული მიუვარდა, უმოწყალოდ სცემა, ყველა ხატი და ქრისტიანული სიწმინდე დაულეწა, მღვდელმსახურები დაუხოცა და სჯულის შეცვლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრა.
გურჯი ხათუნს ბედმა გაუღიმა, რადგან სწორედ იმ დროს კონიაში მოღვაწეობდა დიდი პოეტი და ფილოსოფოსი, მევლანა ჯალალ-ედ-დინ რუმი, სულთნის კარზე მეტად პატივცემული კაცი. განსაცდელის ჟამს დედოფალი სწორედ მევლანას მიენდო, მისი ფილოსოფიურ-რელიგიური ორდენის წევრი გახდა. აქ შეეძლო მხოლოდ გარეგნულად ეღიარებინა მევლანას იდეოლოგია, სულით კი ქრისტიანობის ერთგული დარჩენილიყო.
დედოფალმა ძალიან შეიყვარა მევლანა, პატივისცემის ნიშნად კი ბრძანა მისი პორტრეტის დახატვა, რომელიც დღემდე შემორჩა. სულიერი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ გურჯმა ხათუნმა ააგებინა უძვირფასესი აკლდამა, რომელიც 1274 წელს არქიტექტორმა ბეჰრეთინ თავრიზელმა მოხატა.
გიორგი კალანდია: "აღმოსავლური სამყაროს უდიდეს პოეტს საჩუქარი რომ ქართველმა ქალმა უძღვნა, ეს მწვანე აკლდამას ეტყობა კიდეც. მისი არქიტექტურა ისლამური სამყაროსათვის იშვიათია. უცნაურია მთავარი ელემენტის, გუმბათის ფორმა და მისი ფერი. შენობის ეს დეტალი მართლაც რომ აგვირგვინებს მთელ კომპლექსს. გუმბათის ყელის განუმეორებელ ეფექტს ზიგზაგები ქმნის, სარკმლები მას არა აქვს, მაგრამ მწვანე კერამიკის ფილებით ისეა მოპირკეთებული, რომ მზის სხივებს სხვადასხვა კუთხით ირეკლავს და ძვირფასი თვალივით ბრწყინავს. ხუროთმოძღვარს ცენტრალური გუმბათი ქართული ტაძრის მსგავსად აღუმართავს, რითაც გურჯ ხათუნს სამშობლოც გაახსენა და გენიალური ნაგებობაც შექმნა.
ისევე როგორც 700 წლის წინ, ახლაც, ყოველ ღამეს აკლდამის თავთან ერთი ვარსკვლავი ჩნდება და ბეჭდის თვალივით კაშკაშებს. აღმოსავლეთში სჯერათ, რომ ამ ვარსკვლავს ქართველი დედოფლის სახელი ჰქვია, მასსავით მიუწვდომელი და ლამაზია; რომ სიცოცხლეშივე გაღმერთებული გურჯი ხათუნი ციდან დაჰყურებს საყვარელი მოძღვრის განსასვენებელს. მისი შემყურე ხვდები, რომ მხოლოდ დიდებულ ადამიანებს ძალუძთ დროის დამარცხება".
სავარაუდოდ, გურჯ ხათუნს ფარულად გაუმიჯნურდა სულთნის პირველი ვაზირი ფერვანი და ყიასედინი მოაწამვლინა. სასულთნოს კანონების თანახმად, მბრძანებლის სიკვდილის შემდეგ დედოფალს პირველი ვაზირი ირთავდა ცოლად. ასე გახდა გურჯი ხათუნი საყვარელი ქმრის მკვლელის მეუღლე.
ფერვანიც დიდი პატივისმცემელი ყოფილა გურჯ ხათუნისა. მაშინ, როცა ანგარიშს არავის უწევდა, ქართველი დედოფლის პრეტენზიებს ვერ ეწინააღმდეგებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ფერვანი ჯალალ-ედ-დინს სწერს, ცოლი გამეყარა, სხვა სასახლეში გაიქცაო, და მევლანას სთხოვს, შენ ყველაზე დიდი ავტორიტეტი ხარ გურჯ ხათუნისთვის და იქნებ როგორმე შემარიგოო. ფერვანი მევლანას რჩევისამებრ სწერს გურჯი ხათუნს, რა გავაკეთო, რომ შენი გული მოვიგოო. დედოფალი პასუხობს, ჩემს გულს მხოლოდ მაშინ მოიგებ, როდესაც გამეყრებიო.
აღარაფერია ცნობილი იმის შესახებ, დაეთანხმა თუ არა ფერვანი, მაგრამ ერთად აღარასოდეს უცხოვრიათ. დაბოღმილი და იმედგაცრუებული ქმრის დაშოშმინებას მევლანა ცდილობდა: გაუშვი, მის ჭკუაზე იყოს და ერთ დღესაც გული მოულბებაო, ეუბნებოდა ფერვანს. დედოფალს კი გული არც მანამ მობრუნებია და არც მას შემდეგ, რაც ერთდერთი ვაჟი, მისი და ყიასედინის პირმშო, 18 წლისა გაურკვეველი მიზეზის გამო გარდაიცვალა. ამის შემდეგ ისტორიაში დედოფლის კვალიც იკარგება.
გიორგი კალანდია: "დიდ და უმცროს თამარს ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივეს ცხოვრება ლეგენდებად არის ქცეული, ისევე, როგორც ორივეს გარდაცვალება. მათი საფლავებიც არ არის ცნობილი. კონიაში ამბობენ, გასაკვირი არ არის, რომ გურჯი ხათუნის საფლავი არ არის ცნობილი, ის ხომ ვარსკვლავია, ვარსკვლავს საფლავი რად უნდაო. მეორე ლეგენდის მიხედვით, გურჯი ხათუნი ზღვის ზედაპირზე გავიდა და იბერიისკენ მიმავალ ტალღებს გაჰყვაო, მესამე ვერსიით იგი დღემდე კაბადოკიის კლდეებში ცხოვრობს. თურმე ქართველები ფულს აგროვებდნენ, რომ გურჯი ხათუნი გამოესყიდათ, მაგრამ ისტორიული წყაროების მიხედვით, სელჯუკებმაც კარგად იცოდნენ, ვინ იყო თამარ მეფე და მისი შვილიშვილი. როგორც ქრისტიანები, მუსლიმანებიც თამარის სულს ხედავდნენ გურჯ ხათუნში და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენო.
თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ეს იყო ულამაზესი პერიოდი, რომელსაც გურჯი ხათუნის ეპოქა ერქვა".
ეკა ლომიძე