უნიკალური გამოცემა - ბიბლია განმარტებებით
"წმინდა წერილის განმარტებები ფუფუნებაა მათთვის, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ინტერნეტში თუ ბიბლიოთეკებში დაეძებდა მათ"
"დიდი შრომითა და რუდუნებით მომზადებულ ამ გამოცემას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ "შესანიშნავი" უწოდა"
23 სექტემბრიდან "კვირის პალიტრის" მკითხველი ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, მუხლობრივად განმარტებული ბიბლიის პირველ წიგნს მიიღებს. ბიბლიის ეს გამოცემა უნიკალურია - კომენტარებიანი ბიბლია, სრულად განმარტებული, ჩვენს ქვეყანაში პირველად გამოიცემა და 15 წიგნისაგან შედგება. წიგნები თვეში ერთხელ გამოვა და განკუთვნილი იქნება ფართო მკითხველისათვის, ყველასთვის, ვისაც სურს კაცობრიობის ეს ყველაზე პოპულარული წიგნი გასაგებად და მარტივად წაიკითხოს.
პროექტის ავტორის, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის თქმით, ბიბლიის განმარტებები მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული ენით დაიწერა და მთლიანად ეყრდნობა ბიბლიის შესახებ წმინდა მამათა კომენტარებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე. გამოცემის მომზადებაზე სასულიერო განათლების მქონე პირთა დიდი ჯგუფი და გაზეთ "კარიბჭის" რედაქცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა. დიდი შრომითა და რუდუნებით მომზადებულ ამ გამოცემას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II -მ "შესანიშნავი" უწოდა.
დეკანოზი ლონგინოზი (სუარიშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანი:
- ბიბლია სულიწმინდის მადლით დაწერილი წიგნია და თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, ქრისტიანულად იცხოვროს, მისი ცხოვრება სწორედაც წმინდა წერილის სწორებისაკენ უნდა წარიმართოს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა წერილის შინაარსი ღრმა და მრავლისმომცველია, ადამიანი დაზღვეული როდია მისი არასწორი გაგებისაგან. ხშირად ან ვერ კითხულობენ წმინდა წერილს, ან ზედაპირულად კითხულობენ და მისი შინაარსი არ ესმით. ეს ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იყო ასე - ბიბლიის არასწორად წამკითხველები ბიბლიას არასწორად განმარტავდნენ და შესაბამისად, არასწორ გავლენას ახდენდნენ. ამგვარად ჩამოყალიბდა მრავალი სექტა და მიმდინარეობა და ყოველი მათგანი წმინდა წერილს იშველიებს თავისი ცხოვრების წესის გასამართლებლად. ამიტომაც ადამიანი დაცული რომ იყოს ამ დაბნეულობისგან, მას წმინდა წერილის სწორი განმარტებანი სჭირდება. წმინდა მამათა განმარტებანი, რომლებიც ბიბლიის ამ გამოცემაში შევიდა, იმიტომ არის ავტორიტეტული, რომ ის მამები უპირველესად აღმატებული საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და სულიწმინდისაგან ბიბლიის სწორი განმარტებების მადლი ეძლეოდათ. გარდა ამისა, მათ სათანადო განათლებაც ჰქონდათ. ბიბლიის ხსენებულ გამოცემაში სწორედ ეს განმარტებებია თარგმნილი. იმიტომაც მიმაჩნია, რომ ამ გამოცემით დიდი საქმე გაკეთდა. ეს ხელს შეუწყობს ქართველ საზოგადოებას წმინდა წერილის შინაარსის სწორად გაგებაში, აქედან გამომდინარე, საეკლესიო ცხოვრების სწორად გააზრებასა და იმ კითხვებზეც პასუხის მიღებაში, რომლებიც ყოველთვის აწუხებს.
გარდა ამისა, წმინდა წერილის განმარტებები ფუფუნებაა მათთვის, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ინტერნეტში თუ ბიბლიოთეკებში დაეძებდა მათ და ცდილობდა მათ სიღრმეს ჩასწვდომოდა. გადაშლი ამ ბიბლიას და ამ სიბრძნეს ერთად თავმოყრილს ხედავ.
გიორგი თოდუა, სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი:
"ვფიქრობ, ბიბლიის ამ განმარტებების მოძიება და თავმოყრა, რომლებიც ძალიან დიდ სივრცესა და დროში იყო გაფანტული, მერე კი წმინდა წერილში კომენტირება, ძალიან გაბედული ნაბიჯია. მაგრამ მისია მნიშვნელოვანია - ეს ყველაფერი განკუთვნილია არა მხოლოდ თეოლოგებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომელთაც ბიბლიის გაგება სურთ, მაგრამ მას განმარტების გარეშე სწორად ვერ იგებენ. ბიბლია ყველამ უნდა იცოდეს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ეკლესიაში არც შესულან. სწორედ ამ ადამიანებისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა ბიბლიის განმარტებულად, სწორად წაკითხვას".
არქიმანდიტი მაკარი: "მართალია, წმინდა წერილს სხვადასხვა ავტორი წერდა, მაგრამ თითოეულს სულიწმინდა ანიჭებდა მადლს, რომ ის დაეწერათ, რაც დაწერეს. იმიტომაც არის მისი წაკითხვა აუცილებელი. მაგრამ დროთა განმავლობაში ბიბლიური ენისა და ამ ენით გადმოცემული აზრების აღქმა შეიცვალა და ადამიანებს მისი წაკითხვა გაუჭირდათ. არა მხოლოდ ბიბლიის, თუნდაც გიორგი მთაწმინდელის განახლებული სახარების თარგმანიც კი ძალიან რთული გასაგებია დღეს. არა მხოლოდ ენობრივი ბარიერის, არამედ ადამიანური აზროვნების გამოც - თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს იმას, რასაც კითხულობს. ასეა ბიბლიის შემთხვევაშიც. მით უფრო, რომ ადამიანებს არა აქვთ იმის შესაბამისი სწავლებაც, რომ ზუსტად ჩასწვდნენ იმ აზრს, რასაც ბიბლია გადმოსცემს. ამიტომაც არის საჭირო წმინდა წერილის ის განმარტებანი, რაც ამ გამოცემას ერთვის. განმარტებანი ბიბლიას ყოველთვის ჰქონდა, თვით ქრისტეს შობამდეც, ქრისტეს შობიდან კი სახარებებს განმარტებები უკვე II-III საუკუნეებიდან ერთვის. ჩვენ მსგავსი განმარტებებით ქართულ ენაზე მხოლოდ შუა საუკუნეების გელათის ბიბლია გვაქვს გამოცემული, რომლიდანაც დღეს მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი. ამიტომაც არის სასიხარულო ბიბლიის ეს გამოცემა, რომელზეც უდიდესი შრომაა გაწეული და რომელიც მარტივად, გასაგები ენით არის დაწერილი".
როლანდ (რომილე) ჩხეიძე, თეოლოგი: "წმინდა წერილის გაცნობას ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა არა მარტო იმიტომ აქვს, რომ უფალთან აახლოებს, არამედ იმიტომაც, რომ ბიბლია და საერთოდ, რელიგია, იდეოლოგიური პლატფორმა, ქმნის ნიადაგს, რაზეც ადამიანი უნდა იდგეს. ეს სიცოცხლის არსებობის არსია - ამქვეყნად ყველაფერი ნიადაგზე დგას და ადამიანიც უნდა იდგეს სულიერად მყარ ნიადაგზე. ეს არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოს. შესაბამისად, ადამიანი გადაწყვეტილებას სპონტანურად და იმის მიხედვით კი არ მიიღებს, თავში რა აზრიც მოუვა, არამედ აუცილებლად გაითვალისწინებს იმ საყრდენს, რომელზეც დგას. ამ შემთხვევაში კი მისი ცხოვრება და გადაწყვეტილება ჯანსაღი იქნება. სწორედ ამიტომაც არის საჭირო ბიბლია განმარტებებით.
განმარტებები დაეხმარება ადამიანს, რომ გაიგოს, რა ნიადაგზე დგას და გაითვალისწინოს კაცობრიობის ის გამოცდილება, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული".