"ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის?.." - კვირის პალიტრა

"ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის?.."

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ტელეკომპანია "TV პირველის" მფლობელისა და მისი მამის გარშემო ატეხილი ამბები პოლიტიკურად მოტივირებულია. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალირის" სტატიიდან:

- რადგან ასეთი პოლიტიკური მოტივაციებისკენ მიჰყავთ საქმე მედიასა და საზოგადოებას, ისევ იმ საზოგადოებისთვის უცნობ პირებზე ვიკითხავ, მათაც არასწორად აქვთ ბრალი წაყენებული? უბრალოდ, სკანდალის მოთხოვნილება ბევრად მეტია, ვიდრე ჭეშმარიტების. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის, მამუკა ხაზარაძის კერძო შეკვეთა.

- რომელიც ამერიკულმა კომპანია "კონტიმ" დატოვა. ინვესტორების შესახებ სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ არაფერი ვთქვათ პროექტის განხორციელება-არგანხორციელებაზე.

- რაც შეეხება "კონტის", სიმართლე გითხრათ, ის ჩემთვის გაუგებარი კომპანიაა და არ ვფიქრობ, რომ მისი მონაწილეობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. იქ სხვა კომპანიებიც არიან... პორტის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობისაა და პროექტის დასრულება "კონტიზე" არ არის დამოკიდებული.

- ვისზეა დამოკიდებული? თუ პროექტი ჩავარდა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

- არ ვამბობ, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ვითარება მარტივია, სირთულეები არსებობს.

- ვისი მხრიდან?

- ყოველ შემთხვევაში, ეს სირთულეები ბანკიდან აორთქლებული 17 მილიონი დოლარის გამო არ შექმნილა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ანაკლიის კონსორციუმიდან "კონტის" ან ხაზარაძის გასვლამ (ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პოსტები დატოვეს - ავტ.) გამოიწვია, სირთულეები ისედაც იყო - გარანტიებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება არასწორი მიდგომაა. კონსორციუმი იმიტომ იქმნება, რომ სხვა კომპანიები და ინვესტიციებიც მოიზიდოს.

- მათ შორის რუსული ინტერესების გამტარებელი კომპანიები?

- რაც რუსეთს აინტერესებდა, სააკაშვილის დროს უკვე შეისრულა. მათ უნდოდათ "გაზსადენთან" ახლოს ყოფილიყვნენ, რათა გაეკონტროლებინათ და ამიტომაც მიიტაცეს ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილი 2008 წლის ომის დროს; უფრო ადრე სურდათ, შავი ზღვის აკვატორიის დიდი ნაწილი მათი კონტროლირებადი ყოფილიყო და დაიპყრეს აფხაზეთი. სააკაშვილმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკისა და ევროკავშირის რჩევები რომ არ შეისმინა, ამის შედეგს ვიმკით დღემდე!

- დღევანდელი ხელისუფლება რას აკეთებს გართულებების თავიდან ასაცილებლად?

- ძალისხმევას არ იშურებს და იმედია, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგად ამ მძიმე პირობებში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ინტერესები ანაკლიის პორტს ეხება, რატომ გამორიცხავენ, რომ მას საქართველოს ხელისუფლების მიმართაც ჰქონდეს ინტერესები, რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ? ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის?.. ჩვენ ამას საერთაშორისო დონეზე, თანამიმდევრული ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ. ანაკლიის პორტს გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე რომ ყოფილიყო, პორტი უცებ აშენდებოდა?!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად