„ანაკლიის პორტი საქართველოს ფეხზე წამოდგომისა შესაძლებლობას მისცემს… სწორედ ამიტომ სძულს რუსეთს ეს პროექტი” - კვირის პალიტრა

„ანაკლიის პორტი საქართველოს ფეხზე წამოდგომისა შესაძლებლობას მისცემს… სწორედ ამიტომ სძულს რუსეთს ეს პროექტი”

"თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზისუვერენული სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნება", - განუცხადა აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ ბრიტანულ გამოცემა IWPR-ს (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი). გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა ინტერვიუს ქართული ვერსია, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- სტრატეგიული თვალსაზრისით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, პირველად საკუთარი არსებობის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნება გახდეს ადგილი, რომლის გავლით განხორციელდება უმსხვილესი საზღვაო გადაზიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავისთავად ცხადია, პორტი საქართველოს გააძლიერებს ტრადიციული სამხედრო უსაფრთხოების გადმოსახედიდან, მაგრამ ეს პროექტი ასევე უდიდეს ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ადგილზე მსოფლიო ეკონომიკურ სამყაროში. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო პერსონალმა ავღანეთში შეიძლება სწორედ ანაკლიის პორტი გამოიყენოს სამხედრო ტვირთის გადასატანად, ნაცვლად თურქული პორტის მერსინისა. ანაკლიის პორტი ნიშნავს მეტ ბიზნესს, უფრო ძლიერ და აქტიურ ეკონომიკას, რაც უფრო გააძლიერებს სტრატეგიულ ურთიერთობას საქართველოსა და შტატებს შორის.

ეს პორტი საქართველოს გლობალური მასშტაბის სავაჭრო ჰაბად აქცევს, რაც, თავის მხრივ, თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ზოგადად უსაფრთხოებას წაადგება.

- სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ სტრატეგიული ინტერესი აქვს ვაშინგტონსაც. პარალელურად იკვეთება მოსკოვის საპირისპირო ინტერესიც - როგორია ამ ინტერესების კვეთა?

- ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკას ფეხზე წამოდგომისა და მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობას მისცემს, რაც გარკვეულწილად გაანეიტრალებს იმ ეკონომიკურ ბერკეტებს, რომლებსაც მოსკოვი საქართველოზე გავლენის მოსახდენად იყენებს. სწორედ ამიტომ სძულს რუსეთს ეს პროექტი. მაშინ, როცა აშშ-ს არასოდეს უცდია რუსეთთან კონფრონტაცია, მას არც ის სურს, საქართველოს რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან.

მოსკოვში ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, რომ მათი ინტერესია, საქართველოს დამოუკიდებლობა შეუკვეცონ, და ამის მიღწევას თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრით ცდილობენ. ასე რომ, ვაშინგტონისთვის ყველა პროექტი, რომლებიც საქართველოს გააძლიერებს, კარგია და ანაკლიის პორტი სწორედ ასეთი პროექტია.

- როგორ ფიქრობთ, დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს? თუ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის გამოც ბოლომდე იბრძოლებს?

- ... რუსეთის ბერკეტები ამოწურვადია, ისინი ვერ იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას - საქართველოს აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი. რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ასე რომ, თუ პროექტს ეს საშინელი შიდასამართლებრივი დავა არ შთანთქავს, ანაკლიის პორტი იმუშავებს და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს.

...

ასე რომ, საქართველოს ვურჩევდი, იყოს ჭკვიანი და არა ხარბი. აკეთეთ ის, რასაც ყოველთვის აკეთებთ - ბოლომდე იბრძოლეთ საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. ნუ იქნებით დამოკიდებული ერთ ინვესტორზე, რომელი ქვეყანაც უნდა იყოს ის.

- ანაკლიის პორტის პოტენციალის გათვალისწინებით, ხშირად ისმის შეკითხვა, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ პროექტმა საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებში. თქვენ რას ფიქრობთ?

- ანაკლიის პორტს საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. უპირველესად იმით, რომ პორტი შესაძლებელია გამოიყენოს ნატომ და აშშ-მა აღჭურვილობისა და სხვა ტვირთების გადასატანად ავღანეთში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობა მოხდება.

...

თუკი ანაკლიაში აშშ და ნატო რეგულარულად იქნებიან წარმოდგენილი, რუსეთი, რასაკვირველია, ამასაც დაუპირისპირდება, თუმცა მისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული გამოწვევა ანაკლიის პორტის წყალობით საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების ზრდის შესაძლებლობაა.

ვაჟა თავბერიძე

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად