"იწყება ახალი სერია, რომლის მიზანია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა" - კვირის პალიტრა

"იწყება ახალი სერია, რომლის მიზანია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა"

სამაუწყებლო კომპანია "ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

ამის შესახებ წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან 17:00 საათზეა დაგეგმილი. წერეთელი სოციალურ ქსელში ასევე, გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს, სადაც ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

"3 საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.

დღეს 17:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

არ გამოვა! "ტვ პირველი“ არ იყიდება! თავისუფლება არ იცვლება!“, - წერს წერეთელი.