3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს, თამარ საძაგლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრლადებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართსისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

როგორც ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

გაბუნიას განცხადებით, საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

"უკვე დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. შესაბამისად, გაირკვევა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი და მდგომარეობა. ჩვენ მოვითხოვდით, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდებოდა. დანიშნულია სტაციონარული ექსპერტიზა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფლებაში ვერ იქნებოდა და დარჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში",- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბრალდებულს არ ახსოვს, რა მოხდა პეკინის გამზირზე და ჰქონდა თუ არა ცივი იარაღი.

"არ ახსოვს არაფერი. მეხსიერებიდან ამოვარდნილი აქვს ეს მომენტი. მე მითხრა, რომ არაფერი ახსოვს. მაღაზიებში იყო მოსული ნივთების დასათვალიერებლად. ესეც ბუნდოვნად ახსოვს. გონება დაბინდული აქვს", - განაცხადა ალექსი გაბუნიამ.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა.