სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ
საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის საელჩო "ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
"სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება თბილისთან ახლოს მომხდარ ავარიაში დაშავებული სომხეთის 4 მოქალაქის ერევანში გადაყვანის შესახებ.
დღეს სომხეთიდან ჩამოსული 4 რეანიმობილი სომხეთის მოქალაქეებს სომხეთში გადაიყვანს.
აღვნიშნავთ, რომ ამ 4 ადამიანის გარდა საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული სომხეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქეები არ არიან“, -ნათქვამია სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ თელეთში ავარიისას დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, ორი - საქართველოს და ერთი - აზერბაიჯანის მოქალაქეა. ავარია გამთენიისას მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.