ჯუთის პატარა გიდები
ყველაზე ხშირი სტუმრები ებრაელები არიან. პირდაპირი რეისები აკრძალეს, მაგრამ რუსეთიდან აქ სხვადასხვა გზით მაინც მოდიან...
ყაზბეგიდან 20 კილომეტრში, სნოს ხეობაში, ულამაზესი სოფელი ჯუთაა. 2014 წლის საყოველთაო აღწერით იქ 23 კაცი ცხოვრობს და უმეტესობა ასაკოვანია. თუმცა როგორც კი ზაფხული დადგება, სოფელი ცოცხლდება, ბებია-ბაბუებთან შვილიშვილები დასასვენებლად ადიან და ადგილობრივები ტურისტების მოლოდინში არიან.
14 წლის ნიკა არაბული თბილისიდან ჯუთაში ზაფხულობით ადის და უამრავ ტურისტთან უწევს ურთიერთობა.
- ჯუთა ალპური ზონაა, შემოსავლის წყარო აქ ტურიზმია. 9 წლის ვიყავი, პირველად რომ გამიჩნდა გიდობის სურვილი და ჩემი ცხენით წავედი. ჩემი პირველი ტურისტები უკრაინელები იყვნენ. როცა ფინიშთან მივედით, ბიჭმა თავის მეგობარ გოგოს ცოლობა სთხოვა. ძალიან დასამახსოვრებელი დღე იყო... უფრო მეტად ებრაელები, კორეელები, იაპონელები და რუსები ამოდიან. უფროსებს უჭირთ ფეხით სიარული აღმართებზე და ამიტომ ახალგაზრდები დავდივართ, თუმცა ერთი უფროსი ყოველთვის მოჰყვება ტურს. უკვე საკუთარი კლიენტები გვყავს. მინდა ჩვენს ოჯახს საოჯახო სასტუმრო ჰქონდეს, ახლა ამისთვისაც ვაგროვებ თანხას. მამაჩემი, ჩემი ბიძები ამ საქმეში არიან და წელს ახალი შავი ცხენიც შევიძინეთ. ახლა 4 ცხენი გვყავს.
- ტურისტებს რა ენაზე ელაპარაკები? - ინგლისურად, ცოტა რუსულიც ვიცი. მინდა ებრაულის შესწავლაც - ყველაზე ხშირი სტუმრები ებრაელები არიან. პირდაპირი რეისები აკრძალეს, მაგრამ რუსეთიდან სხვადასხვა გზით მაინც მოდიან.
წელს ცხენით მომსახურების ფასმა ცოტათი მოიმატა, 60-70 ლარია. ასე რომ, შემოსავლიანი ხდება ეს საქმე. ჩემს ცხენებს, "ციგანას", "ჯერანას" და "ნიკორას" ახლა "არაბია" დაემატა. ყველაზე მეტად "ციგანა" მიყვარს. 5 წლისაა, რომ დაიბადა, მას მერე ჩემთანაა. მთელი დღე ვმუშაობთ, ტურისტებს ვემსახურებით. ზოგ ტურისტს წყნარი ცხენი უნდა, ზოგს უფრო ჭენაობა სურს. ჩემმა ახალმა ცხენმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან აქ უმეტესად მოწითალო და თეთრი ცხენებია, ეს კი შავია.
- რა გეგმები გაქვს? - მინდა ტურიზმის განხრით წავიდე, მერე საზღვარგარეთაც მივიღო განათლება ტურიზმსა და ბიზნესში და ისევ ჩემს სოფელში დავბრუნდე. აქ მომუშავე ყველა ბავშვს ეს მიზანი გვაქვს.
აქ ბევრი ლამაზი ადგილია, ყველას ძალიან მოსწონს ხელოვნური ტბა. რომ ნახოთ რა ფერი აქვს სხვადასხვა ამინდში, გაოცდებით - ზოგჯერ ცისფერია, ზოგჯერ მწვანე, ზოგჯერ ლურჯი. ტურისტები აღფრთოვანებულები მიდიან.
13 წლის სოფო არაბული ჯუთაში ყველაზე პატარა გიდია. დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში ცხოვრობს და რამდენიმე ენა იცის.
- ჟინვალის სკოლაში ვსწავლობ, ზაფხულობით ჯუთაში ამოვდივარ. 7 წლის ვიყავი, რომ მომინდა, მეც გამოვყოლოდი მამას ამ ადგილებში. ისტორიაც შევისწავლე და მერე გადავწყვიტე გიდობა. სამი ცხენი და ერთი კვიცი გვყავს. ჩემი ცხენით ტურისტი მიდის, მე კი ფეხით მივყვები, ვუამბობ მათ საინტერესო ამბებს. სკოლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების შესწავლას ვაპირებ, ეს დამეხმარება ტურისტებთან კომუნიკაციაში.
- ჯირითი როდის ისწავლე?
- 5 წლის ვიყავი, ცხენზე რომ დამსვეს, 7-8 წლისა დამოუკიდებლად ვჯდებოდი. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს შრომაში იღებ გასამრჯელოს. ჩემი ოჯახი აქ ცნობილია, რადგან ებრაულად შეგვიძლია ლაპარაკი. ძირითადად, ოჯახებით მოდიან. წინასწარ რეკავენ, გვატყობინებენ, როდის მოვლენ, რამდენი ცხენი სჭირდებათ. ისრაელის ტელევიზიაში ტრიალებს რეკლამები ჯუთაზე და შეკვეთებს იქიდანაც ვიღებთ. ენებს ძალიან ადვილად ვსწავლობ. ბევრი ჩემი თანატოლია ამ საქმეში, მაგრამ ჩვენ შორის კონკურენცია არ არსებობს, ჩვენ მეგობრები ვართ. ეს არის მთელი სოფლის ბიზნესი. ჩვენს ოჯახს სასტუმროც აქვს.
ლიზი არაბული 14 წლისაა და ისიც გიდია: - თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ზაფხულში ჯუთაში ბებია-ბაბუასთან ამოვდივარ. ჩემს ცხენს "რიჟა" ჰქვია, წითელია და იმიტომ. მსუნაგიც არის, სულ ჭამა უნდა, ხელით რომ ვაჭმევ პურს და ტკბილეულს, მოსწონს. ფეხით ტური 60 ლარი ღირს, ცხენით - 70 ლარი. ცხენით მხოლოდ ერთი ადამიანი მიმყავს, ფეხით - რამდენიმე. ზაფხულში ორი თვე აქა ვარ, მერე ხევსურეთში, მამიკოს სოფელში ავდივარ და იქ ვისვენებ, მერე თბილისში ვბრუნდები და სხვა ცხოვრება იწყება.