"ქართულმა ოცნებამ" ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო"
"ღარიბაშვილის და გახარიას მთავრობაში ყოფნა არის ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ პოლიტიკურ მიდგომებს ამკაცრებს, მათ შორის - არმიის მიმართულებითაც"
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ბოლო თვეების განმავლობაში მითქმა-მოთქმა არ შეწყვეტილა, შესაბამისად, არავინ გაუოცებია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის წასვლას, თუმცა მან საზოგადოების გაკვირვება მაინც მოახერხა მას მერე, რაც გადადგომის თაობაზე ინფორმაცია "ფეისბუკის" საშუალებით აუწყა ქვეყანას.
ვინ იქნებოდა მომავალი პრემიერი? მედიაში ორი კანდიდატი სახელდებოდა - მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია, რომელსაც 20-21 ივნისის მოვლენებამდეც ხშირად ასახელებდნენ პრემიერობის კანდიდატად, თუმცა გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ფონზე გაბედავდა თუ არა ივანიშვილი საკუთარი ფავორიტის წარდგენას? - ეს იყო ამ პროცესის მთავარი კითხვა, რომლის პასუხი უკვე ყველამ ვიცით - გახარია პრემიერ-მინისტრია!
მთავრობაში კიდევ ორი სიახლეა. შს მინისტრის პოსტი დაიკავა ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ღარიბაშვილი კი მთავრობას უკვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაუბრუნდა.
რითია განპირობებული გახარიას პრემიერად შერჩევა, რას ელის "ქართული ოცნება" განახლებული მინისტრთა კაბინეტისგან და რას უნდა ელოდოს საზოგადოება?
გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
- ჩემი აზრით, გუნდში კარგა ხნის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა იმის თაობაზე, ხისტი თუ რბილი პოლიტიკით უნდა ემოქმედა მომავალ არჩევნებამდე "ქართულ ოცნებას". კულუარებიდან გამოსული ინფორმაცია, რომ ლაპარაკი იყო ორ კანდიდატურაზე - ცქიტიშვილსა და გახარიაზე, სწორედ ამაზე მიანიშნებს. მაია ცქიტიშვილს არ ვიცნობ, არ ვიცი, როგორია მისი მმართველობითი უნარ-ჩვევები, მაგრამ მისი განცხადებებიდან გამომდინარე, გახარიასგან განსხვავებით, ის ყოველთვის უფრო ფრთხილი და მოზომილი ჩანდა. შესაბამისად, ეს არჩევანი ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ხისტი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, სხვა საკითხია და ამას დრო გვიჩვენებს. "ქართული ოცნების" სიხისტისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია ღარიბაშვილის მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნებაც. პარლამენტში პირველივე გამოსვლისას გახარიამაც და ღარიბაშვილმაც მკაცრი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. ვნახოთ, ეს მათ საქმიანობაზე როგორ აისახება. სამთავრობო ცვლილებებს ველოდი გაცილებით ადრე. როგორც ჩანს, ყოყმანობდნენ, თუმცა საბოლოოდ ფსონი მაინც ხისტ პოლიტიკაზე დადეს.
- თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ეს ხისტი პოლიტიკა, გაცილებით რეპრესიული და სააკაშვილის მმართველობის სტილს მიმსგავსებული, თუ უფრო მეტად ორიენტირებული სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობასა და სახელისუფლებო ვერტიკალის გაძლიერებაზე? - ვფიქრობ, იმოქმედებენ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" იმედი აქვთ, რომ ძლიერი ხელით მართვა მათი გამარჯვების წინაპირობად იქცევა. სავარაუდოდ, შეეცდებიან, ყველა მიმართულებით იმოქმედონ ხისტად და ე.წ. კანონის უზენაესობის დაცვით, ანუ მცირე გადაცდომისთვისაც - სახელისუფლებო ვერტიკალში თუ მის გარეთ - მიიღებენ გაცილებით მკაცრ ზომებს. ჩემი აზრით, ბიზნესსა თუ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრ, გარკვეულწილად რეპრესიულ პოლიტიკასაც გაატარებენ, ოღონდ არა იმ მასშტაბისას, როგორსაც ატარებდა "ნაციონალური მოძრაობა". საქმე ის არის, რომ არც "ქართულ ოცნებას" აქვს ამის რესურსი და საზოგადოებაც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
- გახარიას პრემიერობა ნიშნავს იმასაც, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო მის გარშემო მუდმივად იქნება დაძაბულობა და საზოგადოების ნაწილი მისდამი რადიკალურად იქნება განწყობილი.... - ჩემი აზრით, გუნდში აუცილებლად გააანალიზებდნენ ამ ვითარებას.
"ქართულ ოცნებაში" კარგად იციან, რომ ეს აქციები კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ ჩემი აზრით, ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ ამ ტიპის აქციებს არც მმართველობითი და არც ფულადი რესურსი არა აქვს, შესაბამისად, მისგან საფრთხე არ ემუქრებათ. პირიქით, მიიჩნიეს, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან დაძაბულობის შენარჩუნებით ისინი მუდმივად მოახერხებენ, ქვეყანაში არსებული პრობლემები სხვას გადააბრალონ...
თუმცა ზნეობრივად და მორალურად არასწორი მგონია ხელისუფლების გადაწყვეტილება. არაერთგზის ვთქვი, რომ გახარიას ადგილაზე მე აუცილებლად გადავდგებოდი ივნისშივე, მით უფრო - არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას და თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილის ჯინაზე არ გადავდგამდი ასეთ ნაბიჯს. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა, მისი მოსმენა, ვიდრე ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნა.
გახარიას დიდი ხანია ამზადებდნენ პრემიერობისთვის... ჰოდა, მიიყვანეს საქმე ბოლომდე.გახარიას უნდა ესმოდეს, რომ იოლი პრემიერობა არ ელის. 2020 წლის არჩევნებამდე მის და ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნაბიჯებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება ერთი მხრივ ქართველი საზოგადოება და მეორე მხრივ - ვაშინგტონი თუ მოსკოვი.
- რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, ექსპერტებს არ გამორჩენიათ, რომ ის ნაწილობრივ ჰგავს თავის დროზე მამუკა ბახტაძის წარდგენილ დოკუმენტს - მასშტაბურია. როგორ ფიქრობთ, განახორციელებს მას გუნდი, რომელსაც ამისთვის მაინცდამაინც დიდი დრო არა აქვს? საპარლამენტო არჩევნები ხომ უკვე კარზეა მომდგარი? ამასთანავე, საინტერესოა, რას ფიქრობთ, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად ხელისუფლებას რა ბერკეტები აქვს? - რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, ერთი პროგრამაც კი არ მინახავს შესრულებელი. ამ პროგრამებს ხალხიც ეჭვის თვალით უყურებს - არც კითხულობს და უფრო პიროვნებებს აქცევს ყურადღებას, არადა, საქართველოში არსებული პრობლემები ყველასთვის თვალსაჩინოა. მე ცოტა განსხვავებულად დავსვამ აქცენტებს - დღევანდელობის უპირველესი და ყველაზე დიდი პრობლემა მგონია საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია. პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხშირად ამბობს, უნდა იყოს საკითხები, რომელთა გარშემოც ყველა უნდა გაერთიანდესო... ეს არის საუკეთესო ლოზუნგი, მაგრამ ყოვლად შეუსრულებელი იმ მეთოდებით, რომლებითაც ის მოქმედებს. სასიცოცხლოდ აუცილებელია, გამოიკვეთოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, რომელთა ირგვლივ მოხერხდება ყველაზე რადიკალურ პოზიციებზე მყოფი ადამიანების კონსოლიდაციაც კი.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ამ პოლარიზაციის პროცესს მისი რიტორიკა თუ საქმიანობა მხოლოდ ხელს უწყობს. "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მისი დამოკიდებულება, გაუთავებელი ლაპარაკი ცხრა წელზე მხოლოდ კონფრონტაციული ფონის შექმნას უწყობს ხელს. ბოლოს და ბოლოს, მოსაბეზრებელია ერთისა და იმავეს მოსმენა! ან მიიყვანონ საქმე ბოლომდე და "ნაციონალური მოძრაობა" აკრძალონ, ან პირიქით, გადადგან ნაბიჯი გამთლიანებისკენ. საზოგადოებაში ასეთი ლატენტური დაპირისპირება ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ უკან ხევს... პოლარიზაცია არის კომპლექსური პრობლემა. არ შეიძლება ამის ცალმხრივად დანახვა. მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა ოპოზიცია, საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ეს უნდა გაისიგრძეგანონ.
მეორე უმწვავესი პრობლემა არის ქვეყნის ძალიან ნელი ეკონომიკური განვითარება, სიდუხჭირე... ტემპი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მით უფრო, როდესაც ლარი ასეთ დევალვაციას განიცდის, არის არასწორი ეკონომიკური მიდგომების შედეგი. მეტისმეტად არასწორად მოქმედებს ეროვნული ბანკი, როდესაც მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ბრმად ასრულებს. ჩვენ ჯერ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და მერე დანარჩენზე.
მესამე პრობლემაა ქვეყნის ოკუპაცია და სამწუხაროდ, ვერც ერთი მთავრობის პროგრამაში ვერ დავინახე ამ პრობლემების დაძლევის გზები. 2024 წლამდე, ანუ პუტინის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ამგვარი პროგრამების ამოქმედება, ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქტიურად უნდა ვემზადებოდეთ პოსტპუტინისტური პერიოდისთვის. ინტენსიურად ასამუშავებელია არასამთავრობო სპექტრი და არაფორმალური მიდგომები. სამწუხაროდ, ასეთ მზაობას მთავრობისგან ვერ ვხედავ. პირიქით, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ვხედავთ მათ ნაბიჯებს, ანუ რაღაც ხდება და მერე ამას მოჰყვება ხოლმე რეაქცია საზოგადოებისგან და ხელისუფლებისგანაც, რაც ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ვერაფრით ადგება.
- პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებთან "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრისას კარგად გამოჩნდა, როგორ სჭირდება "ქართულ ოცნებას" ეს პოლიტიკური ძალა, რათა მიუხედავად ერთმანეთის ზღვარგადასული კრიტიკისა, სწორედ მათ ფონზე იკეკლუცონ და თავი მოიწონონ...
- მოდი, ასე ვთქვათ - მათ ერთმანეთი სჭირდებათ და ერთმანეთს მშვენივრად იყენებენ. "ქართულ ოცნებას", როგორც უკვე ვთქვი, არ ჰბეზრდება გაუთავებლად ცხრა წელზე აპელირება, შედარება სააკაშვილის მართვასთან და ლაპარაკი, რომ თვითონ უკეთესია; თუ რამეს ვერ ართმევს თავს, აქაც მშვენივრად ახერხებს "ნაციონალური მოძრაობის" გამოყენებას და ყველაფრის მისთვის გადაბრალებას. ლარის დევალვაციაც საბოლოოდ "ნაციონალურ მოძრაობას" დაჰბრალდა. თავის მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობას" ხელს აძლევს, გაუთავებლად მასზე რომ ლაპარაკობს მმართველი ძალა. ამის შედეგად ის ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, შესაბამისად, მის ლიდერებს აქვთ ათასგვარი პრივილეგია - აქვთ პარტიის დაფინანსება, არიან პარლამენტში, დადიან მივლინებებში... მოკლედ, კარგ დროს ატარებენ...
დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება სურათი და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება საჭირო. ასეთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად დაკარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს...
- ორიოდე სიტყვით შევაფასოთ ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნებაც... - ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, მიუხედავად დიდი განათლებისა, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალედ ფლობს უცხო ენებს, ის მაინც ერთ კახელ ბიჭად რჩება... სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მისმა განცხადებებმა პარლამენტში. არ ვიცი, რა საფუძველი აქვს საქართველოში სამხედრო წარმოების აყვავებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ღარიბაშვილის და გახარიას მთავრობაში ყოფნა არის ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ პოლიტიკურ მიდგომებს ამკაცრებს, მათ შორის - არმიის მიმართულებითაც. "ქართულ ოცნებას" ახსოვს, რომ მის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს ჯარმა მხარი არ დაუჭირა, რაც ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის არჩევანით ნათლად გამოჩნდა. ვფიქრობ, ღარიბაშვილი სწორედ ამიტომ მიავლინეს იქ, რომ განწყობა შეცვალონ. როგორ მოახერხებს ამას, არ ვიცი... ალბათ, ექნება გეგმა...
სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით "გირჩის" მოქმედება არის მავნებლური და უკიდურესად ცინიკური. არ შეიძლება ასე ბინძურად მოქმედება პოლიტიკაში, თუმცა როგორ უნდა მოეხდინა ღარიბაშვილს ამის პოლიტიკურად რადიკალიზაცია, არ ვიცი. ალბათ, ეს უფრო პიარის ნაწილი იყო...
- ოპოზიცია მიანიშნებს რა გახარიას რუსეთში მიღებულ განათლებაზე, ამბობს, რომ შესაძლოა, მან რუსული ინტერესებით იმოქმედოს...
- რაც შეეხება გახარიას რუსულ განათლებას... უკაცრავად და, გრიგოლ ვაშაძეს სად აქვს განათლება მიღებული და რომელი ჯარის თადარიგის ოფიცერი იყო?! რუსეთში განათლება მეც მაქვს მიღებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსულ ინტერესებს ვემსახურები.
ის კი არ არის მნიშვნელოვანი, სად მიიღე განათლება, არამედ ის, რა ისწავლე და სამშობლოს ბედს როგორ განიცდი... გახარია, ვფიქრობ, საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი შეიძლებოდა შერჩეულიყო "ქართულ ოცნებაში", რომლის საკადრო რესურსი ძალიან მწირია და სადაც უმაღლესი ხელმძღვანელობა სამთავრობო პორტფელების გადასაცემად მხოლოდ შემსრულებლებს ეძებს და არა უმაღლესი დონის პოლიტიკოსებს... მოკლედ, ამ ვითარებაში და პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, გახარიას კანდიდატურა უალტერნატივო იყო, ოღონდ, ვიმეორებ: არა - მორალურად... რაც შეეხება რუსულ ინტერესებს და ვექტორის შეცვლას, მიმაჩნია, რომ გახარიას დანიშვნით ამ ვექტორს არაფერი ემუქრება...
- ამ ცოტა ხნის წინ სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ქართული საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობას ვითარების გამწვავება მოჰყვა. ამის შემდეგ ქართული და ოსური მხარეები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და თითქოს პროცესის დეესკალაციაც მოხდა, თუმცა გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშაონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. რას ნიშნავს ეს და უნდა ველოდოთ თუ არა კვლავაც ვითარების გამწვავებას? - ეს მიმართვა შეშინებული ადამიანის პოზიციაა, იმ პატარა ბავშვის მსგავსი, რომელიც დედის კაბის ქვეშიდან გამოვარდება, წიხლს მოიქნევს და მერე ისევ დაიმალება. ისე, ქართული საგუშაგოების მშენებლობა ხუთი წლის წინ მაინც უნდა დაგვეწყო, თუმცა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო პოსტი, იქ ტანკი არ დგას და ქვემეხი! გაუგებარი იყო ოსური მხარის გამოხდომა. მიხვდნენ, რომ არაფრის თავი არა აქვთ და ახლა ცდილობენ, როგორმე რუსები დაიხმარონ. ჩემი აზრით, აქედან არაფერი გამოუვათ, რადგან უცხოელი დამკვირვებლებიც ძალიან ფხიზლად არიან. რაც შეეხება გამწვავებას, ალბათ, გაგრძელდება ბორდერიზაცია, რასაც მუდმივად ახლავს დაძაბულობა...
- ერთწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კანდიდატი შეარჩია. ეს არის კელი დენიანი, რომელიც გამოცდილი დიპლომატია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ პროცესშიც უარყოფითი კონტექსტი დაინახეს - მისი წარმომადგენლების თქმით, ელჩობის კანდიდატი ამ ეტაპზე შეირჩა, რადგან აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაინახა საფრთხე, რომ შესაძლოა, საგარეო მიმართულებით ქვეყნის პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალოს... - "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არის სრული აბსურდი! ამ პროცესს ცოტა სხვანაირად ვხედავ - საქართველო აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და სწორედ ამიტომ გაგრძელდა კანდიდატურის შერჩევა ამდენ ხანს. ცნობილია, რომ არაერთ ცნობილ ამერიკელ დიპლომატს ჰქონდა სურვილი, დაეკავებინა ეს პოსტი, თუმცა საბოლოოდ შეირჩა ეს ქალბატონი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რაღაც პროცესები იყო დასალაგებელი, აშშ-ს გასარკვევი ჰქონდა თურქეთთან, ირანთან თუ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებები. როგორც ჩანს, ყველაფერი მეტ-ნაკლებად გაირკვა და სწორედ შექმნილი ვითარების შესაბამისად შეარჩიეს ელჩის კანდიდატურაც.