"სამზარეულოს მაგია ხასიათი და განწყობაა"
დაიმსხვრა მითი "ქალი ვიცი მე კუხნაში" და ეს იმიტომ, რომ სამზარეულო საქმიანობა და საზოგადოდ, კულინარია დიდი ხანია გასცდა "კუხნას" და დღეს ხელოვნების დონეზეა აყვანილი. გაიცანით პროექტ "სამზარეულოს ომების" გამარჯვებული ვაკო ვაშაკაშვილი.
- გჯერათ თუ არა, რომ არსებობენ სამზარეულოს ღმერთები?
- ნაწილობრივ მჯერა. მე ის ადამიანი მგონია, რომელმაც აბსოლუტურად ყველა გემო იცის. ჯერჯერობით ის ვერავისთან ვერ ასოცირდება, თუმცა მყავს ფავორიტი მზარეულები, რომლებიც გასტრონომიაში მართლაც ღმერთებად ითვლებიან.
- გიგრძნიათ თუ არა მაგიური დახმარება სამზარეულოში? - სამზარეულოში ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ხასიათზე ხარ. სამზარეულოს მაგია ხასიათი და განწყობაა.
- ბავშვობაშივე ფიქრობდით კულინარიაზე? - კულინარია ჩემს ცხოვრებაში სერიოზული სახით 17 წლის ასაკში შემოვიდა - თელავში ორი თვით მემწვადედ დავიწყე მუშაობა, როგორც ამბობენ, ძველ "პოვრებთან". არ ვიცი, როგორ მოხდა, თუმცა სამი თვის შემდეგ მთავარმა მზარეულმა თავის მაგივრად დამტოვა სამზარეულოში. ბევრი რამ ვიცოდი უკვე, რაც არ ვიცოდი, პერსონალი მეხმარებოდა.
ბავშვობაში მხატვრობაზე ვფიქრობდი, შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო რაგბი, მაინტერესებდა ინფორმაციული ტექნოლოგია და მარკეტინგიც, ბოლოს კი თავი სამზარეულოში ამოვყავი. გონებაში პატარა სამზარეულო მაქვს. სულ უბის წიგნაკით დავდივარ, რადგან კერძის მოფიქრებისას პირველი, რასაც ვაკეთებ, მისი დახატვაა.
- რომელი კერძის მომზადება გიყვართ? - ყველაზე მეტად პურის ცხობა მიყვარს. პური კულინარიაში ოქროა.
- რომელი კერძის ჭამა გიყვართ? - გემრიელად ჭამა ნამდვილად მიყვარს, თუმცა სხვა რომ ჭამს ჩემს გაკეთებულს, ეგ უფრო საინტერესოა. მათი ემოციები მხიბლავს.
- პირველი კერძი... - ბლინები. დედ-მამა სტუმრად იყო წასული და მარტო დარჩენილმა ბლინების გაკეთება გადავწყვიტე. პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, სამაგიეროდ, მეორე ცდა უკვე წარმატებული იყო და ოჯახის წევრებმაც დააგემოვნეს.
- კახური სამზარეულო ტრადიციულ კერძებთან ასოცირდება. როგორ მიიღეს ეს სიახლე კახელებმა? - ნელ-ნელა ხალხი შეეგუება ცვლილებას. კახელებშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უმეტესობას ძალიან მოსწონს.
- რა არის კულინარია თქვენთვის - ხელოვნება, ოცნება თუ ომი? - ჩემთვის კულინარია ხელოვნება და იდილიაა. სამზარეულოში გატარებული ყოველი საათი საოცრებაა. შეიძლება რამდენიმე დღე სამზარეულოდან არც გამოვიდე, რადგან იქ დრო არ არსებობს. მთავარია შენ გვერდით მომუშავე ადამიანები. თუ კარგები არიან, მაშინ სამზარეულოში სხვა, ორჯერ უფრო საინტერესო ცხოვრება მიდის, ვიდრე მის მიღმა. ხმაური, ქაოსი, ცეკვა, სიმღერა ნამდვილი სამზარეულოს განუყრელი ნაწილებია.
კულინარია ომიც არის, საკუთარ თავს უნდა სძლიო, როდესაც რამე არ გამოგდის, გამოსწორებას უნდა ეცადო.
- როგორ დაიწყო "სამზარეულოს ომებში" ბრძოლა? - პირველად მე გამიჩნდა ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი. ჩემს მეწყვილეს არ უნდოდა, მაინც სარისკო იყო ამხელა ასპარეზზე გამოსვლა, თუმცა პირველი კასტინგის შემდეგ, როცა ტელეფონის ზარი გაისმა, რომ ჩვენ პროექტში მოვხვდით, მაშინ დაიწყო მთავარი ომი.
თავიდან ძნელი იყო უცხო გარემოში, სატელევიზიო სივრცეში კერძის მომზადება, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი კულინარიული აზროვნება თავდაყირა დადგა, ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ. ძალიან რთულია, როცა ასეთი დონის ჟიურისთან საკუთარი კერძი მიგაქვს შესაფასებლად. ვფიქრობ, ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ, საკმაოდ ძლიერი კონკურენციის მიუხედავად.
თავიდან ძალიან გაგვიჭირდა თანამშრომლობა მე და ლევანს. ეს სივრცეა, სადაც ორმა გონებამ ერთი მიმართულებით უნდა იფიქროს, მაგრამ ამასთან ერთად ობიექტურობა არ უნდა დაკარგოს. ჩვენ ორი ინდივიდუალური ადამიანი ვართ, სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა უკვე ერთი საერთო გამარჯვებით.
- რა ჩვევა გაქვთ სამზარეულოში? - სამზარეულოში ყველას დავდევ კოვზით, რომ გასინჯონ და შემიფასონ კერძი.
- სად ნახავს ვაკოს თავისი მაყურებელი და სად შეძლებს მისი კერძების დაგემოვნებას საზოგადოება? - ძალიან საინტერესო პროექტით ვბრუნდები მშობლიურ კახეთში. ეს არის პროექტი "ვაზის უბნის მამული". კონცეფციაც ძალიან საინტერესოა - ფერმიდან მაგიდაზე. ეს არის სასტუმრო და რესტორანი ერთ სივრცეში. მივდივარ შეფად ჩემს ძალიან მაგარ ჯგუფთან ერთად და საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელის.
თამუნა მარშანიშვილი