"მარტინ იდენი"
"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"გრძელდება!
- ჯეკ ლონდონის "მოდელირებული ბიოგრაფია"
ჩვენი გაზეთის ამ ნომერთან ერთად მკითხველი ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენს" მიიღებს. სანამ წერას შევუდგებოდი, კიდევ გადავიკითხე მისი მოთხრობები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯეკ ლონდონი იმ იშვიათ მწერალთაგანია, რომელიც ძალიან ბევრჯერ შეიძლება წაიკითხო და არ მოგწყინდეს, ანუ მისი წიგნები იმ ერთეულებს შორისაა, რომლებსაც "სამაგიდო წიგნებს" ვუწოდებთ. "მარტინ იდენი" კი, შეიძლება ითქვას, "მოდელირებული ბიოგრაფიაა" ჯეკ ლონდონისა.
ჯეკ ლონდონი 1876 წლის 12 იანვარს დაიბადა სან-ფრანცისკოში, თუმცა, როდესაც დაიბადა, არავინ იცოდა, რომ ბიჭუნას ეს გვარი "ერგებოდა" - დედამისმა ფლორა ველმანმა შვილი ასტროლოგ უილიამ ჩეინისგან გააჩინა, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა ქალისგან აბორტის გაკეთებას. თვით ფლორაც "წაუასტროლოგებდა" და სპირიტიზმითაც იყო გატაცებული (ისე, მუსიკის მასწავლებელი იყო) - აკვიატებული ჰქონდა, რომელიღაც ინდიელ ბელადთან თუ შამანთან რეალური სპირიტული კავშირი მაქვს და მუდმივად ვესაუბრებიო... უილიამ ჩეინის არც უფიქრია ფლორას ცოლად მოყვანა, სამაგიეროდ, ბიჭს არ დაამადლა გვარი და ასე გაჩნდა ჯონ ჩეინი.
ფლორამ ჩვილი თავის ყოფილ მონას - ვირჯინია პრენტისს მიუგდო, თვითონ ქმრის ძებნას შეუდგა და იმავე წელს ჯონ ლონდონს მისთხოვდა, გაკოტრებულ ფერმერსა და სამოქალაქო ომის ვეტერანს, რომელიც ნახევრად პარალიზებული იყო, სამაგიეროდ, ოჯახის ასე თუ ისე სარჩენ პენსიას იღებდა სახელმწიფოსგან. ცოლ-ქმარმა ბიჭუნა თავისთან წაიყვანა და მისი "ჩეინობაც" დასრულდა - მამინაცვალმა საკუთარი გვარიც მისცა და სახელიც საალერსო "ჯეკით" შეუცვალეს. ამის მიუხედავად, მწერლის ოფიციალურ ბიოგრაფიებში დღესაც შეხვდებით მის თავდაპირველ სახელს - ჯონ გრიფიტ ჩეინის.
უნდა ითქვას, რომ მომავალი მწერლის ცხოვრებაში, სიკვდილამდე, უდიდესი ადგილი ეკავა მის პირველ ძიძასა და აღმზრდელს - ვირჯინიას. ამ ყოფილი მონა ქალის ანარეკლი ჯეკ ლონდონის არაერთ ნაწარმოებში შეგხვდებათ. სწორედ ვირჯინიასგან ისესხა ფული 13 წლისამ, როდესაც ოკლენდის საკონსერვო ქარხანაში 15-საათიანი სამუშაო დღით გაბეზრებულმა ფრანგი "ხამანწკების მეკობრისგან" პატარა მოტორიანი ნავი იყიდა, რომელსაც "რეზლ-დეზლი" ერქვა და თავადაც "ხამანწკების მეკობრე" გახდა.
თუმცა რამდენიმე თვეში ნავს ძირი გასძვრა და ისიც "მოწინააღმდეგეთა ბანაკში" გადავიდა - თევზჭერის კონტროლის სამსახურში დაიწყო მუშაობა.
მისი ახალგაზრდობის დროინდელ ამ რიგით ეპიზოდზე იმიტომ შევჩერდით, რომ აქაც ნათლად ჩანს მწერლის ბიოგრაფიისა და მისი პერსონაჟების ცხოვრების მსგავსება - "თევზჭერის პატრულის მოთხრობებში" (სამწუხაროდ, ქართულად არ არის თარგმნილი) გენიალურად არის აღწერილი იმდროინდელი თავგადასავლები.
1893 წელს ჯეკი ვეშაპმჭერ შხუნაზე მოეწყო და იაპონიის სანაპიროები და ბერინგის ზღვა მოიარა - ფული ცოტა გადაუხადეს, სამაგიეროდ, ამ შთაბეჭდილებების შედეგად მკითხვ-ელს სამუდამოდ დარჩა "ზღვის მგელი". იმავე წლის ბოლოს 17 წლის ჯეკ ლონდონი ამერიკაში დაბრუნდა, სადაც საშინელი მდგომარეობა დახვდა - "პანიკა 93", ამ სახელით შევიდა ის წელი ამერიკის ისტორიაში. ოკლენდიც მოიცვა უმუშევრობამ.
კი მოეწყო რკინიგზაზე სამუშაოდ, მერე სამრეცხაოშიც იყო ცოტა ხანს (ეს ზუსტად აღწერა "მარტინ იდენში"), მაგრამ ისე უხდიდნენ, რომ მაწანწალობა არჩია. ერთ თვეში მაწანწალობისთვის ციხეში უკრეს თავი - ჰოდა, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგი ქნეს, რადგან იმ "ვოიაჟის" შთაბეჭდილებებიც ბევრ ნაწარმოებში აისახა, ერთთვიანი პატიმრობა კი ბრწყინვალე მოთხრობაში ("გიჟის ხალათი") აღწერა.
ოკლენდში დაბრუნებულმა სკოლაშიც იარა, ატესტატიც აიღო და ნარკვევიც ("ტაიფუნი იაპონიის ნაპირებთან") გამოაქვეყნა, უნივერსიტეტშიც მოახერხა შესვლა, მაგრამ ფული მხოლოდ სამ სემესტრზე ეყო და თავი დაანება.
1897 წლის ზაფხულში ჯეიმს შეპარდთან ერთად "ოქროს ციებ-ცხელებამ აიტანა" და კლონდაიკში გაემგზავრა. როგორც ბევრ სხვას, არც მას გაუმართლა და მხოლოდ სურავანდი, კუნთების ანთება და ოთხი წინა კბილის დაკარგვა "მოიგო", მაგრამ... მაწანწალობისა და ციხეში ჯდომისა არ იყოს, ჩვენ, მკითხველებმა, მართლაც "მოვიგეთ" მისი საოცარი მოთხრობები ჩრდილოეთზე: "თეთრი ეშვი", "წინაპართა ძახილი" და ბევრი, ბევრი სხვა...
კლონდაიკის თავგადასავალმა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ თავის გატანის ერთადერთ საშუალებად წერა რჩებოდა და მშობლიურ ოკლენდში დაბრუნებული მანქანასავით შეუდგა მუშაობას - დღეში 18 საათი, შეუსვენებლად!
წარმატება მაშინვე მოვიდა, როგორც კი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა. 1900 წლისათვის მას უკვე 2.500 დოლარი ჰქონდა ნაშოვნი (დღევანდელი კურსით მეოთხედი მილიონი)!
1903 წლის იანვარში ჯეკ ლონდონმა გაზეთ "სეთედი ივნინგ პოსტს" ახალი ვრცელი მოთხრობის, "წინაპართა ძახილის" ხელნაწერი წარუდგინა. რედაქტორმა სიტყვაში სამი ცენტი შესთავაზა, რამაც 750 დოლარი შეადგინა. ესეც დიდი ფული იყო, მაგრამ რომ სცოდნოდა, მისი მოთხრობა გამოქვეყნებისთანავე იქცეოდა კლასიკად, შესაძლოა, არც დათანხმებულიყო.
ამის შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც "მარტინ იდენში" - ზღვაში ნათრევი ბიჭი უცებ დიდ მწერლად იქცა; რუთის პროტოტიპიც არსებობდა, ოღონდ აქ უფრო "პროზაულად" გახლდათ საქმე, ვიდრე თვით მის პროზაში - შეყვარებულმა იმის გამო მიატოვა, რომ მან მწერლობის სასარგებლოდ ფოსტალიონობაზე თქვა უარი - უფრო სტაბილურ პროფესიაზე;
თვით ბრისენდენიც - "მარტინ იდენის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, მწერლის მეგობრის - პოეტ ჯორჯ სტერლინგის ასლია.
შემდეგ ბევრი რამ იყო: მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობაც, ბევრი ფულიც, არეულ-დარეული პირადი ცხოვრებაც და უსაზღვრო პოპულარობაც, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო - მარტინ იდენი ხომ თავს იკლავს...
ჯეკ ლონდონის სიკვდილის მიზეზებზე მისი ბიოგრაფებიც კი ვერ თანხმდებიან: ერთნი ამბობენ, ბევრი სმისგან დაავადებული თირკმლების ტკივილის გამო დანიშნული მორფის დოზა ვერ მოზომაო; მეორენი პასუხობენ - ვერ მოზომა კი არა, სწორედაც იმდენი მიიღო, რომ მარტინ იდენის ბედი გაეზიარებინაო. პირველებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მწერალს სიკვდილის წინ წერილი არ დაუტოვებია; მეორენი პასუხობენ: წერილი რა საჭირო იყო, "მარტინ იდენი" ჰქონდა დაწერილიო.
ახლა ძნელია ამაზე მსჯელობა, მაგრამ 100 წელიც რომ ეცოცხლა, ნუთუ მეტს მოასწრებდა? სიცოცხლის ბოლოს უმძიმეს შემოქმედებით კრიზისში იყო. ისე გაუჭირდა, რომ შემდგომში ცნობილი მწერლისგან, სინკლერ ლუისისგან რომანის სიუჟეტიც კი იყიდა(!), თუმცა, ის რომანი აღარ დაუსრულებია.
ასე რომ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იქნებ სწორედ მაშინ მოკვდა, როდესაც უნდა მომკვდარიყო - დიდმა ადამიანებმა უკეთ იციან საკუთარი ფასიც, დროც და ადგილიც.
თანაც... ჯეკ ლონდონს რომ თავი არ მოეკლა, "მარტინ იდენი" არ იქნებოდა ისეთი "მართალი", როგორიც ახლაა.
ჩვენს მკითხველს კი, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს, რომლებსაც დოჩანაშვილისა არ იყოს, "წინ პირველი წაკითხვის ბედნიერება აქვთ", კიდევ ერთი შედევრის შეძენას ვულოცავთ.
ძვირფასო მკითხველო!
თუ ვერ მოასწარით პირველი წიგნის - "შაგრენის ტყავის" შეძენა 7 ლარად, "პალიტრა L"-მა უკვე იზრუნა ამ საკითხის მოგვარებაზე.
როდესაც (8 დეკემბერს) მესამე ტომი - "ვეფხისტყაოსანი" გამოვა, იმავე კვირაში (7 ლარადვე) გაიყიდება "შაგრენის ტყავიც".
მეორე ტომიც მხოლოდ 15 ათასი ეგზემპლარი დაიბეჭდა (I-II ტომები ერთად შევუკვეთეთ). შესაბამისად, დეფიციტს მეორე ტომზეც ველოდებით. ამიტომ, ვისაც სურს, წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად შეიძინოს, მათთვის მეორე ტომიც განმეორებით დაიბეჭდება და გაიყიდება იმავე კვირაში (20-28 დეკემბერი), რომელშიც მეოთხე ტომი. მომავალში კი, უკვე გამოსული ტომების შეძენა შესაძლებელი იქნება წიგნის მაღაზიებში 12-13 ლარად.
ზვიად გურული