"პუტინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ რუსეთის მიერ მეზობლების მიმართ გატარებული პოლიტიკა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია" - კვირის პალიტრა

"პუტინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ რუსეთის მიერ მეზობლების მიმართ გატარებული პოლიტიკა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია"

უკრაინის ტელეარხის "Наши" ეთერში გადაიცა ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინაში კურტ ვოლკერთან, რომელსაც ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი უძღვებოდა.

ინტერვიუში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია უკრაინის საგარეოპოლიტიკურ კურსზე, კერძოდ, კიევის ურთიერთობაზე აშშ-სთან და ევროპასთან, რუსეთის გავლენის სფეროში უკრაინის დაბრუნების შესაძლებლობაზე, უკრაინისთვის "ნორმანდიული" ფორმატის მნიშვნელობაზე და ა.შ. ამასთან, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი კურტ ვოლკერს უსვამს საკმაოდ "ინტრიგულ" კითხვებსაც: მაგალითად, არის თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტი? როგორი პიროვნებაა ვლადიმერ პუტინი? რა კაცია მისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი?

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თეორიულად არსებობს თუ არა უკრაინის დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში? თუ ეს უკვე გამორიცხულია?

- ვფიქრობ, რომ ეს უკვე გამორიცხულია მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა დაინახეს და გააცნობიერეს. მართალია მე უკრაინელი არ ვარ, მაგრამ კარგად ვხედავ, თუ როგორ იბრძვის თქვენი ახალგაზრდობა მომავლისათვის, ტერიტორიების დასაცავად, საკუთარი ქვეყნის გასაძლიერებლად... უკრაინელების თვითშეგნება შეიცვალა: მათ კარგად იციან, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი. დღეს უკრაინა უფრო ერთიანია, უფრო მეტად პროდასავლურად და ანტირუსულად განწყობილი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს სწორედ რუსეთის აგრესიამ და მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციამ განაპირობა. არა მგონია, ამ სიტუაციის გათვალისწინებით უკრაინის დამოკიდებულება შეიცვალოს. (...)

რაც შეეხება მინსკის მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმების რეალიზებას - დონბასის განსაკუთრებულ სტატუსს და ამნისტიას, ეს ყველაფერი შეიძლება ისე იქნეს მიღწეული, რომ უკრაინას პოლიტიკური ზიანი არ მიადგეს. მე ვერ დავიჯერებ, რომ მინსკის შეთანხმება უკრაინის ტერიტორიების ჩაბარებას ნიშნავს.

- თქვენ, ალბათ, იცით, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი თუ რაღაც მსგავსი არავის არ უნდა... თქვენც ხომ ხედავთ, რომ აშშ ხელს უწვდის უკრაინას პრობლემების მოგვარების გადასაწყვეტად. რამდენად შეგვიძლია შეტაკების გზის ნაცვლად მსჯელობის არჩევა? - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ შეგვიძლია. ეს სწორედ ისაა, რაც დღეს ხდება. ჩვენ ძალიან ხისტი პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებით, მაგრამ გვაქვს ასევე მოსკოვთან ერთად მუშაობის სურვილიც, პრობლემების მოსაგვარებლად. რასაკვირველია, ამისთვის რუსეთის მზადყოფნაც აუცილებელია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, რუსეთის სურვილს ვერ ვხედავთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დასაბუთებული პოზიცია გვაქვს: ვიყოთ ერთდროულად ხისტებიც და გახსნილებიც...

- თქვენ ძალზე გამოცდილი ადამიანი, პროფესიული დიპლომატი ბრძანდებით და ცხოვრებაში ბევრი რამ გინახავთ. რას ფიქრობთ ვლადიმირ პუტინის შესახებ? - გულახდილი ვიქნები. მე ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პუტინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. იგი კარგი სტრატეგოსი და ძალიან ეფექტური ლიდერია.... მაგრამ იგი ავტორიტარულ სისტემას ხელმძღვანელობს. რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა მეზობლების მიმართ აგრესიულია, რაც პრინციპულად ჩვენთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ პრობლემების მოგვარებაზე მათთანაც კი, ვისაც არ ვეთანხმებით.

- თქვენ საქმეების გამო ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვსაც ხვდებით ხოლმე... რა კაცია ეგ პიროვნება? - მასთან მიმართებითაც იგივეს ვიტყოდი, რაც ვლადიმირ პუტინის შესახებ ვთქვი (იღიმება). სურკოვიც ძალიან ჭკვიანი პიროვნებაა, კარგად ერკვევა ბევრ საკითხში, იცავს პროტოკოლის მოთხოვნებს. ცხადია, იგი ის კაცი არ არის, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. რა თქმა უნდა, მთავარი მაინც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. ვფიქრობ, ჩვენთან ურთიერთობაში ვლადისლავ სურკოვი ერთგულად ამბობს იმას, რაც პუტინს სურს. ვიმედოვნებ, ჩვენ უახლოეს ხანში მორიგ შეხვედრას დავგეგმავთ... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ