"ვყოფილვარ დაღლილიც და განადგურებულიც, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ვყოფილვარ დაღლილიც და განადგურებულიც, მაგრამ..."

"მახსოვს, ინგლისში დილის შვიდ საათზე, საუზმეზე სპორტულ სამოსში გამოწყობილი, უმაკიაჟოდ ჩავედი, იქ კი დიდი ნინო რამიშვილი შანელის კაბით, იმდენად ლამაზად გამოწყობილი დამხვდა, რომ არ მგონია, ახლა ისე ლამაზად თეატრებში დადიოდნენ... ნინომ მითხრა, წადი, ლამაზად ჩაიცვი, პირი დაიბანე და ჩამოდიო... ის გულისხმობდა, რომ სპორტული ტანსაცმელი არ არის და პირის დაბანაში მაკიაჟის გაკეთება იგულისხმა... სულ ფორმაში უნდა იყო, ჩვენ საქართველოს სახე ვართ საზღვარგარეთო... რა თქმა უნდა, დავუჯერე და მას მერე მისი ეს სიტყვები ცხოვრების წესად გავიხადე!" - უმშვენიერესი თეა დარჩია თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველები ამიერკავკასიასა და რეგიონში ყველაზე გემოვნებიანი ერი ვართ. გემოვნება და გამორჩეული ნიჭი რომ გვაქვს, ამას ჩვენი უმდიდრესი კულტურაც მოწმობს..."

"ჩემზე კულტურული, მორალური და აზრობრივი შოკი მოახდინა იაპონიამ! 18 წლისა აღმოვჩნდი ამ საოცარ ქვეყანაში. იმ პერიოდში საქართველოში ურთულესი, ოთხმოცდაათიანი წლები იყო... ტოკიოში რომ ჩავფრინდი, იმ წუთას მივხვდი, თუ რამდენად შორს ვიყავით ცივილიზაციისგან და დავითრგუნე...

ვხედავდი, რომ იაპონელებს პასპორტსაც კი არავინ უმოწმებდა. იაპონელ პოლიციელს ვკითხე, ჩვენ რატომ გვამოწმებთ და მათ არა-მეთქი? მიპასუხა, იაპონელი იაპონიაში დანაშაულს არ სჩადისო... გაიაზრეთ, რომ ამას მეუბნებოდა იმ დროს, როცა საქართველოში ოთხმოცდაათიანი წლები იყო და ერთმანეთის ხოცვაზე არ ამბობდნენ უარს. მაშინ ზუსტად მივხვდი, რა დღეშიც ვიყავით..."

"მეორე შოკი ის იყო, რომ მე ბებიაჩემის უზარმაზარ ჩემოდნებს წელში გაწყვეტილი მივათრევდი და გვირაბიდან გამოვიდა იაპონელი გოგონა, უფრო სწორად - ჯერ ჩემოდანი მოდიოდა წინ და მერე ის გოგო... ასევე გამაკვირვა რაღაც მრგვალმა ნივთმა, რომელიც თავისით დაგორავდა და თურმე, მტვერსასრუტი იყო, რომელიც ქუჩებს აწკრიალებდა..."

"ვყოფილვარ დაღლილიც და განადგურებულიც, მაგრამ ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევ, მოვეშვა - ეს სუხიშვილებმა მასწავლეს!.. როდესაც მოცეკვავე ხარ, უფლება არ გაქვს, ფორმაში არ იყო! ახლა მით უმეტეს - ბავშვებს ვასწავლი და ყოველთვის მაკიაჟით, გამოპრანჭული ვარ, რადგან გამადიდებელი შუშით მიყურებენ! მე თუ წითელ პომადას წავისვამ, მეორე დღეს ბავშვები წითელი პომადით მოდიან... ჯერ გარეგნულად მბაძავენ და მერე - ცეკვით, მანერებით..."

"საკუთარი თავის ფასი უნდა ვიცოდეთ და შევიყვაროთ, თუმცა ისე, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ! ყველა ადამიანი უნიკალურია და ის სხვაში არ განმეორდება. ამიტომ, ეს განუმეორებლობა კარგად უნდა გაიაზროს ადამიანმა! ინდივიდუალიზმი, განსხვავებულობაა სილამაზე და არა ერთფეროვნება! ტრაფარეტული სილამაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქა გვთავაზობს, იმისთვის არის, რომ ადამიანები დააკომპლექსონ და თვითშეფასება დაუმდაბლონ!.."

სტატიას სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 26 სექტემბრის ნომერში.

იხილეთ ასევე: "წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი"

მანანა გაბრიჭიძე