"ვის დაატოვებინებ დარბაზს? მანდ არ ამომიყვანო - გაბედე, აბა ბიჭო!" - დაპირისპირება პარლამენტში - კვირის პალიტრა

"ვის დაატოვებინებ დარბაზს? მანდ არ ამომიყვანო - გაბედე, აბა ბიჭო!" - დაპირისპირება პარლამენტში

უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი ეკა ბესელია სიტყვიერად კიდევ რამდენიმე დეპუტატს დაუპირისპირდა.

კერძოდ, ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ, დავით მათიკაშვილმა, რომელიც იურიდიული კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობდა, ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა, რაზეც ბესელიამ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა უფლება მისი დარბაზიდან გაყვანა მოითხოვოს.

"ვის დაატოვებინებ დარბაზს, მანდ არ ამომიყვანო. ნაძირალა, ვის უბედავ? ვის დაატოვებინებ? გაბედე, აბა, გაბედე ბიჭო, თქვე არაკაცებო", - მიმართა უმრავლესობის წევრებს ბესელიამ.

გარდა ამისა, ბესელიამ სოფიო კილაძესაც მოუწოდა "ხელები ჩაწიოს და ისე ესაუბროს მას".

"ჩმორებო. სახედაკარგულები ხართ. კლანზე უარესი. იმ "ქართულ ოცნებას" რა ვუთხარი, თქვენ რომ ყავხართ ერთად", - აცხადებდა ბესელია.

დეპუტატი ამის შემდეგ კვლავ ვანო ზარდიაშვილს მიუბრუნდა და მოითხოვა მას ნარკოტესტი ჩაუტარონ.

"შენ ხომ არ იცი, რა დაგემართება. შენთვის მოვიცლი, ახლა არ ხარ მაგის ღირსი, მაგრამ არ გაგიტარებ მაგას რომ ბედავ. ჩმორო და არაკაცო. ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს "იქიდან". ახლაც შესამოწმებელი ხარ ნარკოტესტზე, ხარ თუ არა საერთოდ ჯანმრთელი?! აქედან გამასწარი", - მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

თავის მხრივ, დამოუკიდებელ დეპუტატს ვანო ზარდიაშვლმა კორუმპირებული და იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან შეკრული უწოდა.

"მეორეჯერ არ გაბედო აქ ხელის ხლება. ადეიშვილის მონა შენ იყავი და ადეიშვილთან შეკრული იყავი შენ. გინდა ფაქტები? მიიღებ მაგ ფაქტებს. ზაზა მეიშვილი ვისი ბავშვის ნათლიაა", - განაცხადა ზარდიაშვილმა.