"მიიღო ის, რისი ღირსიც იყო... ასეთი შეურაცხყოფისთვის ყველა პასუხს მიიღებს!" - ეკა ბესელიას პირველი კომენტარი ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ - კვირის პალიტრა

"მიიღო ის, რისი ღირსიც იყო... ასეთი შეურაცხყოფისთვის ყველა პასუხს მიიღებს!" - ეკა ბესელიას პირველი კომენტარი ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ

ძალიან გთხოვთ, ამ არარაობის გამონათქვამებზე კომენტარს ნუ მომთხოვთ. მან მიიღო ის, რისი ღირსიც იყო აქ,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება, რადგან დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მისი პარტიის სახელით საუბრობს.

"მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრჯერ შევიკავე თავი ზუსტად იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ის ღირსად, რომ ელაპარაკო ამ ადამიანს. როდესაც ის ასეთ საჯარო, ღია სივრცეში, სხდომაზე შეურაცხყოფის უფლებას აძლევს თავს, ასეთ პროვოკაციაზე პასუხი აუცილებელი იყო. ყველა მიიღებს ასეთი პროვოკაციისთვის და შეურაცხყოფისთვის პასუხს. მათ შორის, პასუხისმგებელი არის თავად ივანიშვილიც. მისი პარტიის სახელით, როცა ლაპარაკობს ზარდიაშვილი, ეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობაა. როცა ეს მოსამართლეები ზარდიაშვილის გადასარჩენები ხდებიან, მერე ნუღარ გვეტყვის ივანიშვილი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძვის, რომ წარსულთან არ აქვს საერთო. აბსოლუტურად ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვთ. ასეთ ადამიანებს ჩვენ ვებრძოდით საკუთარი უსაფრთხოების და სიცოცხლის ფასად. ამის დაბრუნების უფლებას არავის მივცემთ, მათ შორის პირველ რიგში მას, ეს არის მთავარი ღალატი საკუთარი ხალხის და იმ ამომრჩევლის , ვინც 1-ლი ოქტომბერი მოიტანა. ვისაც უნდა ეს ადამიანები, მშვიდობაში, ვისაც არ გვინდა, არ ვაპირებთ ამის ასე მიშვებას. როგორ და რა ფორმით ამას ვნახავთ, ვისაც არ მოეწონა ეს რეაქცია, უკეთესად მოიქცეს თვითონ",-განაცხადა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის კომიტეტზე შესვენება არის გამოცხადებული.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო