"ბოდიში, საზოგადოება არ არის ამის ღირსი - ეკა ბესელიამ იკადრა ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"ბოდიში, საზოგადოება არ არის ამის ღირსი - ეკა ბესელიამ იკადრა ყველაფერი"

ჩემთვის ეკა ბესელიას საქციელი მოულოდნელი არ იყო, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირების თაობაზე განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილი ამტკიცებს, მას ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"ამ პროცესში ჩემდაუნებურად ვიქენი ჩათრეული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ბოდიში. საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი პროცესები ვანახოთ. რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელიას, მე მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. იგი მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას, პოლიტიკური ფსკერიდან ამოწევას. შესაბამისად, მან იკადრა ყველაფერი, ის რაც იკადრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც ძალადობა არის პრინციპში მისაღები კი არა, მისი ხერხებია და ინსტრუმენტი ქართულ პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად. შესაბამისად, მე დაველოდები პროცესებს თუ როგორ განვითარდება. ჩემთვის მისი საქციელი მოულოდნელი არ იყო", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო.

დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა. აღნიშნულზე ბესელია გაღიზიანდა.

"ინტერპრესნიუსი"