"მე ვიცი, რომ რუსეთი მზადაა აღადგინოს საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან" - კვირის პალიტრა

"მე ვიცი, რომ რუსეთი მზადაა აღადგინოს საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან"

მივესალმები იმ წინადადებას, რომ რუსეთი თანახმაა, გარკვეული პერიოდის შემდეგ აღდგეს ფრენები და ჩემთვის ეს უცხო ნამდვილად არ არის, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესაძლებლობას.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან კარგად იცის რუსეთის მხარის ეს პოზიცია, რადგან მას ჰქონდა საუბრები რუსეთის წარმომადგენლებთან და ისიც ფაქტია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისათვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რაც ლარის კურსზე ძალიან ნათლად აისახა.

"ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედა ლარის კურსზე ფრენების შეწყვეტამ. ასევე, ვიცი, თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფაქტობრივად, ადამიანები, რომელთაც აიღეს სესხები, როგორც სასტუმროს, ასევე რესტორნების გასაკეთებლად, დარჩნენ ტურისტების გარეშე. რა თქმა უნდა, მე ეს პრობლემა მაწუხებს და ჩემი მხრიდან ვცდილობ, რომ ჩემი პოზიტიური წვლილი შევიტანო ფრენების აღდგენის საკითხში. გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თორემ მზაობა რუსული მხარის მხრიდან ნამდვილად ჩანს. მეტიც, საქართველოს მთავრობა რომ იყოს უფრო ეფექტური და გამბედავი, აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ აღარც იდგებოდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ განცხადებას "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"