"შეხვედრა მან ითხოვა" - რას ამბობს სერგეი ლავროვი დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"შეხვედრა მან ითხოვა" - რას ამბობს სერგეი ლავროვი დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ამ უკანასკნელის ინიციატივით გაიმართა. ამ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც მან ითხოვა", - განაცხადა ლავროვმა. მან დასძინა, რომ ზოგიერთი კომენტარი ამ შეხვედრის თაობაზე მის "ღიმილს და გაოცებას" იწვევს. "კომენტარები რომლებსაც თვით ქართველები აკეთებენ", - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ უარყო რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით შედგა.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: "პირისპირ შეხვედრების შემთხვევაში, რუსეთისგან იმგვარ შემოთავაზებას ველოდები, რაც შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს საქართველოსთვის"

"ინტერპრესნიუსი"