"გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მისი მხრიდან ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი" - კვირის პალიტრა

"გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მისი მხრიდან ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი"

გიორგი გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, ამ მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უნდა დაეტოვებინა. ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, ის თავს შეიკავებს იმის შეფასებისგან, როგორი პრემიერი იქნება გახარია.

"ამას დრო გვანახებს. რაც შეეხება გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის თავს გაცილებით უფრო კარგად შეინახავდა, მას რომ მიეღო ის. დარწმუნებული ვარ, არავის უთქვამს, რომ ადამიანს თვალში ესროლეო, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას, საკუთარი ხელით, ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"