"ორი შვილი გავზარდე და, რაც უნდა გავებრაზებინე, მათზე ხელი არასდროს ამიწევია..."
"რაც შეეხება მათ, ვინც მაშინვე ჭკუის სწავლება დაიწყო - ქალია და მაინც არ უნდა მოქცეულიყო ასე, თავშეკავება მართებსო, მოდი, თავად გაიარონ ის გზა, რაც მე გამომატარეს"
გასულ კვირას პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება ხელით შეხებაში გადაიზარდა. საიდან იღებს სათავეს ეს კონფლიქტი, "კვირის პალიტრას" დეპუტატი ეკა ბესელია ესაუბრა.
- დავიწყებ თქვენი განცხადებით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შანტაჟი დღესაც გრძელდება. გაქვთ ინფორმაცია, რომ მსგავსი ჩანაწერები სხვა პირებზეც არსებობს. გვარებს, ალბათ, ვერ დაასახელებთ, მაგრამ ვინ არიან ისინი - პოლიტიკოსები, საჯარო პირები თუ უბრალო მოქალაქეები?
- შანტაჟი და ადამიანების პირადი სივრცით მანიპულირება ყოფილი ხელისუფლების უმძიმესი, სისტემური დანაშაული იყო. როდესაც "ქართული ოცნება" ქვეყნის სათავეში მოვიდა, სწორედ ამ მანკიერების დასრულება გვინდოდა. ამისთვის მეც ბევრი ვიბრძოლე - პერსონალური დაცვის ინსპექტორის სამსახური ავამოქმედეთ, კანონმდებლობა გავამკაცრეთ. ერთი სიტყვით, გუნდში შევთანხმდით, რომ ეს არ უნდა დაგვეშვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ახლაა დაცული ადამიანის პირადი სივრცე და ამის დასტურია ჩემ შესახებ არაერთხელ გავრცელებული უკანონო ჩანაწერი. ბოლო ფაქტი უმძიმესია, მაგრამ იმის თქმა, რომ ამ დანაშაულის გახსნა შეუძლებელია, სრულიად მიუღებელია, მეტიც, გამოძიების კრახზე მეტყველებს. ამ ლოგიკით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასევე ნებისმიერ პირზე უკანონო ჩანაწერები გაავრცელოს და სახელმწიფო მას ვერ დაიცავს?!
კომპეტენტური პირები იტყუებიან და სპეკულირებენ იმით, თითქოს ვერ დადგინდა, პირველად ვინ და რატომ გაავრცელა ეს ჩანაწერი. ის ფსიქოლოგიური შანტაჟისთვის გააკეთა სააკაშვილის სისტემამ, მაგრამ მათაც ვერ გაბედეს გავრცელება. შეიძლება შესაფერის მომენტს ელოდნენ, "ქართული ოცნების" დროს კი რამდენჯერმე გავრცელდა. თავდაპირველად რამდენიმე პირი დააპატიმრეს და გაასამართლეს, მაგრამ შემდეგ ისევ გავრცელდა და ამბობენ, რომ ამ საქმეს ვერ ხსნიან, ვინ დაიჯერებს ამას?!
რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ვიცი, რომ არსებობს სხვა ფარული ჩანაწერებიც და მათზე კონკრეტულად საუბრის უფლება არა მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და ეს მოცემულობა მათ არჩევნის წინაშე აყენებს, რომ ხმა არ ამოიღონ. მე განვაცხადე, ვიცი ამის შესახებ და გააპროტესტებენ თუ არა, მათი საქმეა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ დუმან? მათ ამ ფირებით ხომ არ აშანტაჟებენ და მართავენ? - ვერ გეტყვით, რატომ დუმან, მაგრამ ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, ყველას არ შეუძლია გადააბიჯოს საკუთარ შიშს და გაუბედაობას. შესაძლოა მდგომარეობისა და თანამდებობის დაკარგვის ეშინიათ ან სხვა რამის გამო დუმან. ფაქტია, ფირები არსებობს და ეს საჯაროდ განვაცხადე, რომ განგაში ატეხილიყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება<, ამის დაშვება შეუძლებელია!
- თქვენსა და ზარდიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა... მაგალითად, თქვენმა კოლეგამ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტარი ქალი ხელით შეეხო კოლეგა მამაკაცს. - მეც პირველად ვნახე ჩემი თავი ამ როლში. ორი შვილი გავზარდე და, რაც უნდა გავებრაზებინე, მათზე ხელი არასდროს ამიწევია. ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ურთულესია. 20 წელია საჯარო სივრცეში ვარ და წონასწორობიდან გამოსული არავინ ვუნახავვარ. რაც შეეხება იმ ინციდენტს, ეს იყო ჩემი პროპორციული პასუხი იმ ყველაფერზე, რისი მოთმენაც ბოლო ხანებში მიწევს ზარდიაშვილისა და მისი გუნდისგან. არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საჭიროდ არ მიმაჩნია.
რაც შეეხება მათ, ვინც მაშინვე ჭკუის სწავლება დაიწყო - ქალია და მაინც არ უნდა მოქცეულიყო ასე, თავშეკავება მართებსო, მოდი, თავად გაიარონ ის გზა, რაც მე გამომატარეს, გაუძლონ იმ შემოტევებს, იერიშებს, ზღვარგადასულ თავდასხმებს და შემდეგ, ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდებიან, ვნახოთ, როგორი სირინოზის სახითა და ხმით შეძლებენ საუბარს. რა უნდა მექნა, აუღელვებლად დამეწყო საუბარი და ზარდიაშვილისთვის ბატონობით მიმემართა?! …
- თქვენ განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ჩუგოშვილიც ესწრებოდა, "ოცნების" თავმჯდომარე მოსამართლეობის 10-კაციან სიაში ჩინჩალაძის ჩასმას გთხოვდათ. თამარ ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ ვინმეს გაყვანაზე საუბარი არ ყოფილა... - არ ვაპირებ გავკიცხო, რადგან გამბედაობას ყველას ვერ მოსთხოვ, სხვა თუ არაფერი, ორ სკამზე ვერ დაჯდები. ადამიანი ან ხარ პრინციპული, ან არა. ამისთვის უნდა შეელიო კომფორტს, ორივე ერთად არ გამოვა... მიჭირს დაჯერება, ნუთუ თამარს მოსწონს, რომ იუსტიციის საბჭოს მისცეს ბერკეტი, 20 კანდიდატი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ფარული კენჭისყრით შეარჩიოს. შედეგად 20 ცუდი კანდიდატი მივიღეთ. თუმცა მასთან პოლემიკას არ ვაპირებ.
- ზარდიაშვილი აცხადებს, რომ პირიქით, თქვენ მოითხოვეთ ათკაციანი სიიდან 5 კაცის გაყვანა, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენდით, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. - ვიმეორებ, არ ვაპირებ ამ არარაობის სიტყვებზე კომენტარის გაკეთებას. მე ივანიშვილი მთხოვდა 5 კაცის გაყვანას, მათ შორის პირველი ჩინჩალაძე იყო, სხვების გვარი არ მახსოვს, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი, სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდა უკანონო ჩანაწერები.
რაც შეეხება კონფლიქტს, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის კონფლიქტი ჩემსა და ზარდიაშვილს შორის, მე მას არც განვიხილავ პერსონად. ის ბრმად, თვალის დაუხამხამებლად შემსრულებელია ყველა ბინძური დავალების, ყველა უწესობისა და უზნეობის.
- ვისი დავალებით? - იმის, ვინც მე ამდენი ხანია დაუნდობლად მებრძვის... სხვათა შორის, მას ივანიშვილთან არ მიესვლება, რადგან ის ასეთ მდაბიო შემსრულებლებს პირადად არ ხვდება და არც ელაპარაკება. ზარდიაშვილი სხვების დავალებით იღებს მისგან ნებართვას, როცა რამე სჭირდება. თუმცა ფაქტია, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ზარდიაშვილისთანების ენით მელაპარაკოს.
ყველაფრის მიუხედავად, ბევრ რამეზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გავჩუმდები, რადგან ის რეალობა, რაც ახლა გვაქვს, სწორედ ივანიშვილის პასუხისმგებლობაა. ის სილაც, რომელიც ზარდიაშვილს მოხვდა, ეკუთვნის ყველას, ვინც ამ უმსგავსობაშია ჩართული. იმ სილის გაწნა იმ ყველა ადამიანის პასუხია, ვინც ახლა დამცირებული და შეურაცხყოფილია.
- ივანიშვილთან კონტაქტი აღარ აქვთ? - არა, რაც წამოვედი, მას შემდეგ აღარ მქონია. ზარდიაშვილის არსებობის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც ის ჩინჩალაძემ საპარლამენტო სიაში ჩასვა. მერე გავარკვიე, რომ ადეიშვილთან თანამშრომლობდა და არაერთხელ ვუთხარი ივანიშვილს, ეს ყველაფრის მკადრებელი ზარდიაშვილი მომაშორეთ-მეთქი. მაშინ ივანიშვილიც ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი და ვიცი, რომ გაშვებასაც უპირებდა. ჩემთანაც უთქვამს, შენ თუ გინდა, გავუშვებო. ჩემ გამო კი ნუ გაუშვებთ, საქმეს აზიანებს-მეთქი. მერე რატომ არ გაუშვა, ამაზე პასუხი არა მაქვს.…მხოლოდ ბოლო დროს კი არა, ყოველთვის ცუდი ურთიერთობა მქონდა მასთან, ჩემთან კონტაქტიც ავუკრძალე და კატეგორიულად ვითხოვდი მის წასვლას ჩემი მოადგილეობიდან, რადგან ამ პოსტზე მყოფი ადამიანი თავმჯდომარის დავალებებს ასრულებს. ჩემი ორივე მოადგილე მტრად აღმიქვამდა, ჩასაფრებული იყვნენ, რა ევნოთ და როგორ დაეზიანებინათ კომიტეტი.
მთავარი იყო, რა უნდოდა კლანს. ისინი საკუთარი მდგომარეობით სარგებლობდნენ. როდესაც მათიკაშვილის მეუღლე მოსამართლედ დაინიშნა, ამაზე ზარდიაშვილიც კი ქირქილებდა, რომ ამ პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ამაზე ქილიკობდა, რაც ძნელი მოსათმენი იყო.
ამიტომ ვებრძოდი და ამიტომაც შემომიტიეს ერთობლივი ძალითა და ბინძური მეთოდებით. სასამართლოს გავლენის გამოყენებას ცდილობდნენ, სურდათ პარლამენტში დეპუტატების ჯგუფი შემოეკრიბათ და პირადი კავშირების გამოყენებით გარკვეული საქმეების შესრულება დაევალებინათ. ასეთ ჯგუფს, ამ ბინძურ წრეს ეყრდნობოდა ირაკლი კობახიძე, რომელსაც პირველად მე და გედი ფოფხაძე დავუპირისპირდით. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ასეთი ფსიქოტიპები, რატომ აძლევს მათ ამდენის უფლებას, რატომ გახადა ისინი "ქართული ოცნების" სახედ და რატომ დაიზიანა ასე თავი მათ გამო? მით უფრო, როდესაც ჩემ შესახებ უკანონო ჩანაწერები გავრცელდა, ივანიშვილმა მითხრა, ამით მე შენზე მეტად დავზარალდიო.
- როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამის უკან? - როდესაც ეს ჩანაწერი გავრცელდა, ივანიშვილმა მითხრა, ეს "ნაციონალების" გაკეთებული იქნებაო. ვარაუდის დონეზე საუბარი არ მინდა, საქმე უნდა გაიხსნას-მეთქი. შემპირდა, გაიხსნებაო. თუმცა ამის შემდეგ, როდესაც მოსამართლეთა საქმეს ვაპროტესტებდი, მითხრა, ეკა, თუ არ გაჩერდები, მეტს ვეღარ დაგიცავო... დაახლოებით ერთ თვეში მეორედ გავრცელდა ჩანაწერი, რაც, ვფიქრობ, ერთგვარი გაფრთხილება იყო. საQქმე დღემდე გამოუძიებელია და ეს ნიშნავს, რომ მის უკან ხელისუფლება დგას. არ მინდა მჯეროდეს, რომ ასეა, მაგრამ
დამნაშავე გამოვლენილი არ არის და ეს მაძლევს ლოგიკური ეჭვის საფუძველს, ვიფიქრო, რომ ფირი ხელისუფლებამ გაავრცელა.
- ზარდიაშვილმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ თქვენ მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში გსურდათ შესვლა და უარი მიიღეთ... მან თქვენი პირადი მძღოლების თემაც ახსენა... - მას არასდროს ვუპასუხებ. არ იმსახურებს, რომ მის ნაბოდვარზე ახსნა-განმარტებები ვაკეთო. იცოდნენ თქვენმა მკითხველმა და ქართველმა საზოგადოებამ, რომ ის ვიღაცის გზავნილს ახმოვანებს.
- ხელისუფლების?..
- დიახ, ან გაბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებს. ასე რომ, უკვე აღარ მაინტერესებს, რას ამბობს. რაც შეეხება ხაზარაძის თემას, არც მასთან და არც ვინმესთან პარტიაში შესვლას არ ვაპირებ, რადგან ჩემი პარტია უკვე დავაფუძნე. თუმცა ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისთანაც ჩემი ფასეულობებიდან გამომდინარე შემეძლება ურთიერთობა.
- მათ შორის "ნაციონალებთანაც?" - არა, ამ პარტიას ვებრძოდი წლების განმავლობაში და მის "ნარჩენებს" ხელისუფლებაში დღემდე ვებრძვი.
- ზარდიაშვილმა ასევე ისაუბრა შეწყალების კომისიაზე და განაცხადა, რომ თქვენი დამსახურებით საპატიმროები ნარკომოვაჭრეებმა პოლიტიკური სტატუსით დატოვეს. - მისი სიტყვები "ნაცმოძრაობის" ნარატივს იმეორებს. მაშინ დაასახელოს ასეთი პირები... ვერავინ იპოვის მსგავს ფაქტს. სხვა თუ არაფერი, ორი სასამართლო მოვიგე ცილისწამების გამო ელისაშვილსა და კილაძესთან. ახლა, სამწუხაროდ, ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მიმართვის აზრს ვერ ვხედავ.
- რა მოლოდინი გაქვთ? როგორ ფიქრობთ, პერიოდულად ასეთი შეტევები როგორ იმოქმედებს თქვენს პოზიციებზე ქართულ პოლიტიკაში? - წინასწარ არ ვიცი, თუმცა, რასაც ვაკეთებ, გულწრფელად ვაკეთებ ჩემი ენერგიისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, თავგანწირვის ფასად. მეტის გაკეთება შეუძლებელია. ხვალ რა იქნება, მხოლოდ უფალმა იცის და მე მივყვები იმ გზას, რაც ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება.
წარმოუდგენელი ბინძური კამპანიისა და თავდასხმების სამიზნე გავხდი, ჩემი მორალურად განადგურება გადაწყვიტეს, რადგან გუნდს არასწორი მართვის გამო დავუპირისპირდი. არ ვიცი, კიდევ რა ბინძურ მეთოდებს გამოიყენებენ.
სააკაშვილი მე და ჩემს ოჯახს ფიზიკურად გვდევნიდა, "ოცნება" კი მორალურად ცდილობს ჩემს განადგურებას.
- თქვენ რამდენიმე დღის წინ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდით. მას ადრეც შეხვედრიხართ? - დიახ, თანაც არაერთხელ. ეს იყო მეგობრული შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე და კიდევ ბევრჯერ შევხვდებით.
- აცხადებთ, რომ მოსამართლეების ამ სიას პარლამენტი ვერ დაამტკიცებს, რადგან თქვენ შეუშლით ხელს. როგორ? - პირობა დავდე, ყველა კანონიერი გზით ვიბრძოლებ, რომ ქვეყანას ეს ვერაგობა და ბოროტება ავარიდო.
მოვუწოდებ საზოგადოებას, კენჭისყრის დღეს დადგეს პარლამენტის წინ და ყველა დეპუტატს გააგონოს ხმა, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია.
- საპროტესტო აქციებს გულისხმობთ? - დიახ, ყველას მოვუწოდებთ გამოვიდეს ქუჩაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისა და ქვეყნის მომავალს ეხება. სხვანაირად ვერაფერს შევცვლით.