მშობლები იმ მე-6 კლასელი გოგონას სკოლიდან გადაყვანას მოითხოვენ, რომელსაც მასწავლებლის კიბიდან დაგორებაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

მშობლები იმ მე-6 კლასელი გოგონას სკოლიდან გადაყვანას მოითხოვენ, რომელსაც მასწავლებლის კიბიდან დაგორებაში ადანაშაულებენ

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია. მოსწავლეების ნაწილი, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე შესვლაზე უარს აცხადებს. მე-5 სკოლის მოსწავლეების მშობლები, იმ მეექვსეკლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ბულინგში ადანაშაულებს.

მშობლები ამბობენ, რომ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ და ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მშობლები აღნიშნული მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანას მოითხოვენ.

ბრალდებებს უარყოფს მეექვსეკლასელის დედა, რომელიც აცხადებს, რომ ის შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ადგილზე იმყოფება რუსთავის მერიც.

რუსთავის # 5 საჯარო სკოლა ცოტა ხნის წინ დატოვა მეექვსეკლასელმა გოგონამ და მისმა მშობელმა. სკოლიდან, ის რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. თამარ ხეჩიკაშვილმა გოგონა საკუთარ მანქანაში ჩასვა და სკოლის ტერიტორიას გაარიდა.

ხეჩიკაშვილი მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.

სკოლასთან ამ დრომდე პროტესტის ნიშნად შეკრებილი მშობლები რჩებიან.

მოსწავლეების მშობლები იმ მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლას მოითხოვენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და ბულინგში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. პედაგოგის მტკიცებით, მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.