"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის 4 წევრს ემუქრებიან, საიდანაც ერთი მამაკაცია" - რას ამბობს ბესელია? - კვირის პალიტრა

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის 4 წევრს ემუქრებიან, საიდანაც ერთი მამაკაცია" - რას ამბობს ბესელია?

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, პირები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, მმართველი გუნდის წევრები არიან.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს პროკურატურაში გასაუბრების შემდეგ განუცხადა, მას ოთხი კონკრეტული შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია. ბესელიას განმარტებით, აღნიშნული ოთხი პირიდან ერთი მამაკაცია, თუმცა არ აკონკრეტებს, არის თუ არა რომელიმე მათგანი მინისტრი.

ამასთან, მისი თქმით, სახელების და გვარების დასახელების გარეშე გამოძიებას უამბო როგორც აღნიშნული ოთხი შემთხვევის შესახებ, ისე „დანაშაულებრივ კავშირზე, რომელიც სასამართლოს გარკვეულ გავლენიან ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის არსებობს“.

„კონკრეტულად დავასახელე ზარდიაშვილი- მათიკაშვილი. მაქვს ეს ინფორმაციები და ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო, პირადი ინტერესებით მოქმედებაზე...

მე ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტი. მმართველ გუნდში არიან... რამდენიმემ პირადად მითხრა, რამდენიმე ადამიანის შესახებ პირადად შევიტყვე, როგორც პარლამენტის წევრმა“, - განაცხადა ბესელიამ და განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია, მმართველი გუნდის წევრების მსგავსად რამდენად ემუქრებიან ანალოგიური კადრების გავრცელებით ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

რაც შეეხება შეკითხვას, უკავშირებს თუ არა მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას უშუალოდ ვანო ზარდიაშვილს, რომლის მონაწილეობასაც ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში არ გამორიცხავს, დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მისი შემთხვევა სხვა იყო და „ეს არის სხვა შემთხვევა“.

კიდევ ერთ შეკითხვაზე კი, რომელიც შეეხებოდა იმას, იცის თუ არა ეკა ბესელიამ ადამიანთა კონკრეტული წრე, რომელიც მუქარას ახორციელებს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის ცნობილია, თუმცა საჯაროდ ვერ იტყვის.

„ჩემთვის ცნობილია და დაახლოებით გამოძიებასაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდ ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ბესელიას გენერალურ პროკურატურაში დაბარება იმ განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გააჩნია.

იხილეთ ასევე: "ორი შვილი გავზარდე და, რაც უნდა გავებრაზებინე, მათზე ხელი არასდროს ამიწევია..."

"ინტერპრესნიუსი"