"საქართველოდან ახალჩამოსულს ყველაზე მეტად მიჭირდა... ლონდონში სარჩოს ვეძებდი, თან სხვადასხვა კულტურას ვეცნობოდი და ვხატავდი" - კვირის პალიტრა

"საქართველოდან ახალჩამოსულს ყველაზე მეტად მიჭირდა... ლონდონში სარჩოს ვეძებდი, თან სხვადასხვა კულტურას ვეცნობოდი და ვხატავდი"

აფიშა გამოკრულია. BFI-ის (British Film Institute) კინოფესტივალი ლონდონში 6 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ტექსტი, რომელსაც აფიშაზეა აღბეჭდილი და ათასობით ბრიტანელი თუ ამ ქვეყნის ვიზიტორი ნახულობს, ასე იკითხება: "ამაყად მინდა განვაცხადოთ, რომ ფილმის White Riot , რომელშიც 5 წლის განმავლობაში ჩავდეთ მთელი ჩვენი სიყვარული და შრომა, წარდგენილია წელს 6 ოქტომბერს დაგეგმილ BFI London- ის კინოფესტივალზე. დიდი მადლობა ჩვენს საოცარ გუნდს - აისლინგ ბრუვერს და ლევან ტოზაშვილს. ასევე, მადლობა დახმარებისთვის: ჯეინ პოლარდს, იაინ ფორსითს და თინა გარავს".

ლევან ტოზაშვილი ქართველი ემიგრანტი მხატვარი წლების წინ გავიცანი, როცა ერთ-ერთ მსხვილ სამუშაოს მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს: White Riot-ს მოკიდა ხელი. ლევანი თავისი მხატვრობით და გამოფენებით ცნობილი იყო თბილისში და შემდეგ ინგლისშიც რამდენიმე გამოფენის მოწყობა შეძლო. ინგლისში შეისწავლა კომპიუტერული გრაფიკა და დიდ ასპარეზზე გასასვლელად თავდაუზოგავად მუშაობდა.

ლევანი ინგლისელმა მაყურებელმა ჯერ კიდევ მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაიცნო. BFI-ის ცნობილ ბრიტანულ კინოფესტივალამდე კი BBC-ის ეთერში ლევანის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი ტრიალებდა. ლევან ტოზაშვილი

- ლევან, ის ოცნებები წლების წინ ლონდონში მე რომ მიყვებოდი, აგიხდა?

- ოცნებების ასრულება ახლა იწყება. საქართველოდან ახალჩამოსულმა, ყველაზე მეტად რომ მიჭირდა, ჩემი ირლანდიელი მეგობრის დახმარებით ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ბრიტანეთის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (BFI) არის წამყვანი ორგანიზაცია კინოთეატრებში დიდ ბრიტანეთში. კინოფესტივალამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ბუნებრივია ძალიან ვნერვიულობ. ამ ჩვენების შემდეგ სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის გზა გაგვეხსნება და ვიმედოვნებ, რომ კიდევ არაერთ კინოფესტივალზე მივიღებთ მონაწილეობას. რაც მთავარია გაიზრდება კომერციული დაკვეთები ჩვენი ჯგუფის მიმართ.

- 15 წელი უცხოეთში ცხოვრება არ გაგიჭირდა? - ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ მე აქ ჩამოვედი. თავდაპირველად ემიგრანტად დარჩენა არ მქონდა დაგეგმილი, თუმცა ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და არ ვნანობ. ლონდონში სარჩოს ვეძებდი, თან სხვადასხვა კულტურას ვეცნობოდი და თანაც - ვხატავდი. 2006 წელს საქართველოს საელჩო ბრიტანეთში დამეხმარა გამოფენის მოწყობაში. ლონდონში უკვე ორი გამოფენა გავმართე და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა. ინგლისელებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: "We can’t rush Art” -  "ხელოვნებას ვერ დააჩქარებ". ცხოვრებას თავისი მოაქვს. ინგლისი ძალიან სწრაფი ქვეყანაა, შენ უნდა მოერგო ამ პროცესებს. აქ ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა.

სულ ახლახან ანიმაციური დიზაინის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადავიღე და პრემიერა მქონდა. BBC-ზე ვმუშაობ რეკლამებზეც და ინტენსიურად ვხატავ. ამჟამად ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ როგორც კი შევძლებ ერთ საინტერესო გამოფენას გავუკეთებ ორგანიზებას.

ვოცნებობ საკუთარ სტუდიაზე და თუ არ მოვდუნდები, იმედი მაქვს, ამასაც მივაღწევ.

- თქვენი ფილმის White Riot შინაარსი ერთგვარად ცნობილია ბრიტანელი მაყურებლისთვის.

- დიახ, ახსნა არ არის საჭირო, თუ რა გავლენა მოახდინა 1970-იანი წლების ბოლოს ბრიტანეთში პანკმა პოლიტიკაზე, იმ დროს როცა მხატვრების ჯგუფი გაერთიანდა, რომ იერიში მიეტანათ "ეროვნული ფრონტზე“. ისინი შეიარაღებულები იყვნენ ერთადერთი ძალით: მუსიკის სიყვარულით... ეს არის რუბიკა შაჰის მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ანონსშიც ასეა მინიშნებული: როკის რევოლუცია, ანუ საპროტესტო მოძრაობის მთავარი აქცენტები ჩასახვიდან მთავარ მულტიკულტურულ ღონისძიებამდე.

- ლევან წარმატებები და ველოდები ლონდონის კინოფესტივალს 6 ოქტომბერს შენთან ერთად და მეტ ინფორმაციას შენგან.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად  საიტისთვის)