"ათასჯერ გავაფრთხილე გიჩივლებ, გაჩერდი, ნუ მოდიხარ-მეთქი, სროლა უკვე კულმინაცია იყო" - კვირის პალიტრა

"ათასჯერ გავაფრთხილე გიჩივლებ, გაჩერდი, ნუ მოდიხარ-მეთქი, სროლა უკვე კულმინაცია იყო"

სროლა უკვე კულმინაცია იყო, - ასე გამოეხმაურა მსახიობი ეკა ჩხეიძე მის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით 56 წლის მამაკაცის დაკავებას.

როგორც ჩხეიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან ბრალდებული მამაკაცი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინა. მსახიობის განმარტებითვე, ის აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან ბრალდებულის ოჯახის წევრები ეცოდება.

"ათასჯერ გავაფრთხილე, იცოდე, გიჩივლებ, გაჩერდი, დაწყნარდი, ნუ მოდიხარ, ნუ მელოდები სადარბაზოსთან-მეთქი და ბოლოს, მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. სროლა უკვე კულმინაცია იყო", - განაცხადა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი 28 სექტემბერს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.

იხილეთ ასევე: "სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მოკვლით ემუქრებოდა" - ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"