"ივანიშვილი იყო ჩემი სამიზნე, მას ვლანძღავდი, მივაყოლებ გახარიას" - რა განაცხადა სასამართლოდან გათავისუფლებულმა გურამ ჩალაგაშვილმა - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი იყო ჩემი სამიზნე, მას ვლანძღავდი, მივაყოლებ გახარიას" - რა განაცხადა სასამართლოდან გათავისუფლებულმა გურამ ჩალაგაშვილმა

ბიძინა ივანიშვილი იყო ჩემი სამიზნე, მას ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც და იქამდე, ვიდრე ამ ხელისუფლების ხელისუფალი და სისხლისმსმელია, მივაყოლებ გახარია-თვალთხარიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც, სხდომა გადაიდო.

"საპატრულო პოლიციამ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ანუ კამერის ჩანაწერი, ტექნიკური პრობლემა ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ყველაფერი ფარსია და უნდოდათ, ჩალაგაშვილი შეეშინებინათ. მოსახლეობას მინდა ერთი რამ ვუთხრა, თუ საკუთარ მანქანაში, უკანა სავარძელზე იქნებით დამჯდარი და ფანჯარა გექნებათ ჩამოწეული, მოინდომებთ სიმართლის თქმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სისხლისმსმელი, მას აუგად მოიხსენიებთ, ამ შემთხვევაში, აუცილებლად, მესამე სართულზე, 50 მეტრში მდგარ კორპუსში ვიღაც გაიღვიძებს, გამოვა და იტყვის, რომ თქვენ ხართ დამნაშავე. ეს არის დღევანდელი სამართალი, სხდომა დარჩა მხიარული", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ამას გარდა, გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ მასზე სამი თვეა, თვალთვალი ხორციელდება.

"თუ ჯარიმა დამეკისრება, აუცილებლად ჩავდებ კონვერტში და ბიძინას ფოსტით გავუგზავნი, ბევრი ფული აქვს და გადაიხადოს. რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც სამი თვეა უკვე მიმდინარეობს. დაყვებოდნენ ირაკლი იქრუაშვილს და დაიჭირეს, მერე მე მომადგნენ. 3 თვეა, ყველგან ვამბობ, რომ სუს-ის მანქანა დამყვება. 3 დღეა, მანქანა გავყიდე და გაცოფდნენ, ვერ მიპოვეს. საბოლოო ჯამში, დაკავების დღეს, მოპირდაპირე მხარეს, მანქანიდან პატრულმა ეტყობა რაღაც შეტყობინება მიიღო, უცებ, მოატრიალა მანქანა და გაგვაჩერა. ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ მოწმე მესამე სართულზე ვერაფერს გაიგებდა, თან ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ეს მოწმე სმენადაქვეითებული ყოფილა. როგორ შეწუხდა, ვერ გეტყვით", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"