"ქართველებს გენიალური სიტყვა გვაქვს – "გარდაცვალება" - რას ამბობდა გია ყანჩელი ბედნიერებაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე, სიკვდილის განცდაზე? - კვირის პალიტრა

"ქართველებს გენიალური სიტყვა გვაქვს – "გარდაცვალება" - რას ამბობდა გია ყანჩელი ბედნიერებაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე, სიკვდილის განცდაზე?

84 წლის ასაკში დიდი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.

ჟურნალ OK!-ის ჟურნალისტმა თაკო გვაზავამ 2019 წლის მარტში გენიალურ კომპოზიტორთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

"მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება. ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან – თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.

მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები.

სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ. იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.

იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები.

სამწუხაროდ, არ მგონია, ოდესმე სამყარო შეიცვალოს და სანამ არსებობს რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი, მოვლენები განვითარდება მინუსის ნიშნით. ამის წინაპირობა, რომ მსოფლიო უკეთესი არ გახდება, ბევრია, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი შურია. მე, ალბათ, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მრავალი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა – შურის გრძნობა არ გამაჩნია. "თეთრი შურის“ გრძნობა მიჩნდება, როდესაც შაბათობით "რუსთავი 2“-ზე ვუყურებ გადაცემას "სხვა შუადღე“. გადაცემის წამყვანები არიან ქეთი დევდარიანი, ნესტან კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი. ამ გადაცემის საშუალებით წარმოდგენა მაქვს, თუ როგორი აღზევებაა ჩვენს ლიტერატურაში და შურის გრძნობა მიჩნდება იმიტომ, რომ მუსიკალური ცხოვრება არის ჩამკვდარი.

მე კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მან ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკაში არაჩვეულებრივი გარდატეხა მოახდინა და აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანა იგი. მაგრამ არ მომწონს მის მიერ ფალიაშვილის თემებზე დაწერილი ჰიმნი, რომლის შესრულება თანხლების ან განსაკუთრებული სმენის გარეშე არ შეიძლება.

მეოცე საუკუნის დასაწყისში კომპოზიტორმა ანდრია ყარაშვილმა შექმნა მელოდია, ჰიმნი, რომელსაც ჰქვია "სამშობლო“. ასეთ მელოდიაზე უარს არ იტყოდა არც ჰაიდნი და არც შუბერტი. მე ვერ მოვესწრები იმას, როცა ანდრია ყარაშვილის მელოდია, როგორც ჰიმნი, კარგად გაორკესტრებული და შესანიშნავი გუნდის ნამღერი, დაუბრუნდება ჩემს ქვეყანას. შეიძლება ეს მაშინ მოხდეს, როცა საქართველო გაერთიანდება, მაგრამ ამას მე ვერ მოვესწრები. ეს ადრეც ვთქვი, ერთ-ერთ ჟურნალში დაიწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ნულოვანი ყურადღება მიიქცია. ეს არის და ეს..."

- ბატონო გია, როგორ ქმნით მუსიკას? პირველი რა მოდის − ემოცია, ამბავი, ისტორია, თუ მუსიკის წერის სურვილი გმართავთ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ეს არის ძალიან ფარული პროცესები. კიდეც რომ მოვინდომო რამის თქმა, ვერ შევძლებ, ვინაიდან არ ვიცი, სტიმული რა არის, რა მოქმედებს ჩემს აზროვნებაზე. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, მუსიკის დაწერა ჩემთვის საშინელი, ენით აუწერელი ტანჯვაა. და შემდეგ ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთადერთი სურვილი, რომ მსმენელმა ჩემ მიერ გამოვლილი ტანჯვა არ შეამჩნიოს და აღიქვას, რომ ეს ყველაფერი ადვილად მოვიდა.

ცოტა რთულ მდგომარეობაში ვარ. ჩემს ქვეყანაში მე ვგონივარ "ყვითელი ფოთლების“, "ჰერიო, ბიჭებოს“, და კიდევ რამდენიმე პოპულარული თემის ავტორი.

აი, მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში არავინ იცის ეს კომპოზიციები, იქ იციან ჩემი სიმფონიური და კამერული მუსიკა. რა თქმა უნდა, თბილისშიც არის რამდენიმე ასეული ადამიანი, ვინც ესწრება ჩემს კონცერტებს და ხანდახან აქაც, ადრე ჯანსუღ კახიძის და ახლა უკვე ნიკოლოზ რაჭველის მეშვეობით, სრულდება ჩემი სიმფონიური მუსიკა, მაგრამ ახლა, უბრალოდ, ვცდილობ აგიხსნათ, თუ რას ნიშნავს პოპულარობა საქართველოში და რას ნიშნავს ის მსოფლიოს მუსიკალურ წრეებში.

- განგების გწამთ? არსებობს უზენაესი ძალა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას მართავს?

- ალბათ... არ შემიძლია ვთქვა, რომ მწამს, მაგრამ, ალბათ, არსებობს.

- ბატონო გია, თქვენ ეპოქა შექმენით. საოცარი შემოქმედება საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის. თქვენ მიერ შექმნილი კომპოზიციები დროს არ ცნობს, მარადიულია.

- ამაში დარწმუნებული ხართ?

- დიახ, რასაკვირველია. - თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით. 30 წლის და განსაკუთრებით, ნახევარი საუკუნის შემდეგ, თუ ჩემი სიმფონიური და კამერული მუსიკის შესრულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეთივე რაოდენობით გაგრძელდება, როგორც ეს ხდება დღეს, მაშინ თქვენ აღმოჩნდებით მართალი.

- დროსთან, დროის ფენომენთან, როგორია თქვენი დამოკიდებულება? უაღრესად საინტერესო, ცხოვრებისეული ეპიზოდები გამოიარეთ, ბატონო გია. - აბა, წარმოიდგინეთ, მე ვიყავი 18 წლის, როცა მოკვდა სტალინი. გამოვლილი მაქვს ეს უსაზიზღრესი, საშინელი პერიოდი. მაგრამ ეს ახლა ვამბობ, რომ გამოვლილი მაქვს, მაშინ მეგონა, რომ არსებობს ორი ღმერთი – ერთი სტალინი, რომელიც იჯდა კრემლში და ლენინი, რომელიც იწვა მავზოლეუმში. სხვათა შორის, მიყვარს, როცა ორი სიტყვით შეიძლება გამოხატო ადამიანის არსი. სტრუვემ უწოდა ლენინს "მოაზროვნე გილიოტინა“. თუმცა, იმ პერიოდში ეს ორი მონსტრი იყო ჩემთვის სათაყვანებელი, ასე გვზრდიდა სკოლა, მასწავლებლები. მშობლები ყველაფერს გვიმალავდნენ. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა სინამდვილეში. ალბათ გაგიგიათ, რომ სანაპიროზე სტალინის უშველებელი ძეგლი იდგა და იქ იმართებოდა ხოლმე მიტინგები, ვინაიდან ხრუშჩოვმა პიროვნების კულტის წინააღმდეგ გაილაშქრა. ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად იყო სტალინის ფენომენით დაავადებული, რომ მისი გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, 1956 წელსაც გადავსებული იყო მთელი სანაპირო. იმ მიტინგზეც წავედი. წარმოგიდგენიათ? თურმე, იქ მოდიოდა ხოლმე რობერტ სტურუაც. მაშინ არ ვიცნობდით ერთმანეთს. შემდეგ, ორ სამყაროს შორის, ხრუშჩოვის დამსახურებით, ე.წ. რკინის ფარდაში გაჩნდა პატარა ხვრელები, ნელ-ნელა შემოდიოდა ინფორმაცია ნორმალური მსოფლიოდან. სხვათა შორის, მუსიკამაც დაიწყო გამოჟონვა. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რომ ამხელა მუსიკალური სამყარო არსებობდა. მაშინდელი ჩვენი კლასიკოსები იყვნენ შოსტაკოვიჩი და პროკოფიევი. რახმანინოვი საბჭოთა კავშირში 1943 წლამდე არ სრულდებოდა, სანამ მან ტანკი არ აჩუქა საბჭოთა ჯარს. სწორედ ამ პერიოდში, კიევიდან დირიჟორმა იგორ ბლაშკოვმა გამომიგზავნა 1 კილომეტრი მაგნიტური ფირი, სადაც ჩაწერილი იყო ანტონ ვებერნის მთელი შემოქმედება. და თუ ჩემზე წერენ, რომ ტემბრალური დრამატურგია შევქმენი ჩემს ნაწარმოებებში, ეს ანტონ ვებერნის მუსიკის გავლენაა.

ჩემი შვიდი სიმფონიიდან პირველი დავწერე 1965 წელს. თუ ვინმეს უნდა გაიგოს, რა დამოკიდებულება მქონდა ამ ეპოქის მიმართ, რომელზეც ახლა გესაუბრეთ, უნდა მოისმინონ ჩემი შვიდი სიმფონია. იქ ყველაფერია ნათქვამი.

- ბატონო გია, გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი.

- ეს დაკავშირებულია პირად ცხოვრებასთან. მე მყავს შეუდარებელი, საოცარი მეუღლე. ჩვენ 52-ე წელია ერთად ვართ და კარგად მესმის, რა მძიმე და რთული იყო ჩემი გაძლება. ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი − ნატო და სანდრო; საოცარი რძალი – მარიკა გოგორიშვილი, რომლის მიმართ ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ. გვყავს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან.

რაც შეეხება იმას, თუ როდის ვგრძნობ ბედნიერებას მუსიკასთან დაკავშირებით, ეს ხდება მაშინ, როცა მთავრდება ჩემი ნაწარმოები − როგორც წესი, ძალიან ჩუმად და ნელა. შემდეგ ეს გადადის დარბაზში და სიჩუმე გრძელდება ხუთი, რვა, ათი წამი... აი, მაშინ ვარ მე ბედნიერი, რადგან ვგრძნობ – შესრულებული მუსიკა სწორად იქნა აღქმული დარბაზის მიერ.

- ამდენი სიყვარულია თქვენ ირგვლივ. რა არის სიყვარული? როგორ ფიქრობთ, ოდესმე მთავრდება?

- სიკვდილთან ერთად. უფრო სწორად, არ მიყვარს ეს სიტყვა, გარდაცვალებასთან ერთად. ქართველებს გენიალური სიტყვა გვაქვს – "გარდაცვალება“.

- ბატონო გია, რა არის სამშობლო?

- სამშობლო არის ადგილი, სად დაიბადე, სად გაიზარდე, სად აიდგი ფეხი, რა ენაზე ლაპარაკობ. სამშობლო არის ოჯახი. მაგრამ სამშობლოს სიყვარული პროფესია არ გახლავთ! დღეს ჩემს ქვეყანაში სამშობლოს სიყვარული და ცრუ-პატრიოტიზმი უამრავ ადამიანს პროფესიად აქვს გადაქცეული. სამშობლოს სიყვარული არ შეიძლება იყოს პროფესია! იხილეთ სრულად