"2008 წლის ომის შემდეგ გადაჭრით უარს აცხადებდა რუსეთში ჩასვლაზე, ეს გადაწყვეტილება სიკვდილამდე არ შეუცვლია" - რას წერს გია ყანჩელზე უცხოური პრესა? - კვირის პალიტრა

"2008 წლის ომის შემდეგ გადაჭრით უარს აცხადებდა რუსეთში ჩასვლაზე, ეს გადაწყვეტილება სიკვდილამდე არ შეუცვლია" - რას წერს გია ყანჩელზე უცხოური პრესა?

უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად ეხმაურებიან ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებას - გამოქვეყნდა მისი შემოქმედების შეფასებები, კომენტარები და მოგონებები. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა იგრძნობა რუსულ მასმედიაში - როგორც პრესაში, ასევე რადიო-ტელევიზიაში და სხვა ელექტრონულ გამოცემებში.

გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით, "ქარით დატირებული" (ავტორი - ალექსეი მუნიპოვი), რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. "მართალია, გია ალექსანდრიოვიჩმა შეძლო ჭეშმარიტად ყველა დროისათვის საყვარელი სახალხო შლიაგერები შეექმნა საბჭოთა კინოფილმებში ("მიმინო", "ქინ-ძა-ძა" და ა.შ.), მუსიკის ისტორიაში იგი მაინც შევა როგორც მასშტაბური სიმფონიების ავტორი, მსხვილი ნამუშევრებით სიმფონიური ორკესტრისათვის: "სევდა ნათელი", "ქარით დატირებული", "სტიქსი" და სხვა მრავალი ნაწარმოებებით. იგი ძალიან შრომისუნარიანი იყო, მისი მუსიკალური ქმნილებები ყოველწლიურად იზრდებოდა და მოიცავდა როგორც სიმფონიურ მუსიკას, ასევე ვოკალურს და კამერულს", - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ გია ყანჩელის მუსიკას მსოფლიოს უდიდესი ორკესტრები და გამოჩენილი სოლისტები ასრულებდნენ - ისეთები როგორებიც არიან: მსტისლავ როსტროპოვიჩი, იური ბაშმეტი, კიმ კაშკაშიანი, გიდონ კრამერი, იან გარბარეკი... საბჭოთა ეპოქაში მისი მეგობრები იყვნენ ცნობილი ავანგარდისტები - პიარტი, შნიტკე, სილვესტროვი, დენისოვი, გუბაიდულინა, მაგრამ თვით გია ყანჩელს რაიმე პრობლემები არ ჰქონია და აკრძალვები არ შეხებია, მისი მუსიკა კითხვებს არ იწვევდა: "იმდროინდელ საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის ოფიციოზს ჩემი მუსიკა არ აღიზიანებდა: მართალია, სხვანაირი იყო, მაგრამ მაინც ითმენდნენ - უფრო გასაგები იყო, ვიდრე ჩემი მეგობრების მუსიკა", - იხსენებდა გია ყანჩელი. სხვათა შორის, იგი თავის "ბიოგრაფიულ კეთილგანწყობას" უპირველესად ჯანსუღ კახიძის - ბრწყინვალე ქართველ დირიჟორის დამსახურებას უკავშირებდა, რომელიც გია ყანჩელის მუსიკას ჯერ კიდევ იმ დროიდან ასრულებდა, როცა მომავალი დიდი კომპოზიტორი თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი იყო. ჯანსუღ კახიძე გია ყანჩელს მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარს უჭერდა.

კომპოზიტორის აღიარებით, მას ყველაზე მეტად თავის სამშობლოში - საქართველოში აკრიტიკებდნენ - "შენი მუსიკა სრულიად არაქართულია და ადგილობრივ ეროვნულ მდიდარ ფოლკლორს უარყოფსო". კაცმა რომ თქვას, გია ყანჩელი აღმერთებდა ქართულ მრავალხმიანობას, პოლიფონიას, მაგრამ მართლაც ნაკლებად იყენებდა თავის შემოქმედებაში ფოკლორულ მოტივებს (იშვიათი გამონაკლისია «Magnum Ignotum», რომელშიც სამხმიანი გურული სიმღერა ისმის) და ყოველთვის ამართლებდა იდეას, რომ პროფესიულ მუსიკაში ინდივიდუალური ეროვნულზე მაღლა დგას. ეროვნული თვითმყოფადობის დამცველთა "ჩხვლეტებს" გია ყანჩელი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წყენით იხსენებდა. ემიგრაციაშიც იმიტომ წავიდა, რომ იგი ვერ შეეგუა, ვერ შეძლო შერიგებოდა ახალ ქართულ რეალიებს 1990-იან წლებში (ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ ბელგიაში). ბედის ირონიით, კინომუსიკაში მის მიერ დატოვებული დიდი შრე, რომელიც ასე ფართოდაა ცნობილი რუსეთში, საქართველოში პრაქტიკულად ეროვნული გახდა - მელოდიები ფილმებიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", "როცა აყვავდა ნუში", "ცისფერი მთები", "შერეკილები" შეიძლება რესტორნებშიც მოისმინოთ და ტელეფონებში რინგტონების სახითაც.

თუმცა გია ყანჩელი კიდევ უფრო მეტად განიცდიდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაურესებას: 2008 წლის ომის შემდეგ კი იგი გადაჭრით უარს აცხადებდა რუსეთში ჩამოსვლაზე - იმ ქვეყანაში, რომელთანაც ბევრი რამ აკავშირებდა - და მას თავისი გადაწყვეტილება სიკვდილამდე არ შეუცვლია.

გია ყანჩელის მუსიკაში ყოველთვის იყო ბევრი ექსტრემალური, დინამიური სხვაობები, მკვეთრი გადასვლები მშვიდიდან ხმაურიანზე. იგი ამას იმ რთული ცხოვრებით ხსნიდა, რომელიც თვითონ გამოსცადა და იმითაც, რომ "ეს საშინელება არა და არ მთავრდება". და მაინც, მის ქმნილებებში, როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, არასდროს არ იგრძნობთ "უსასრულო საშინელებას". უფრო მეტად მათში ნათელი სევდაა - სინათლე სულ უფრო ძლიერდება, სევდა კი მცირდება. ორკესტრი ყუჩდება... და უკვე გრძნობთ, რომ სევდამ გაიარა, არის მხოლოდ ხანგრძლივი ბედნიერი ცხოვრება", - ასე მთავრდება რუსულ გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებული სტატია.

მოკლედ შევეხოთ რუსული პრესის კიდევ ერთ პუბლიკაციას: "როსიისკაია გაზეტა" აქვეყნებს სტატიას სათაურით "25 წერილი სიყვარულზე და ტკივილზე" (ავტორი - ვლადიმერ დუდინი). "იმქვეყნად წავიდა გია ყანჩელი, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი... საქმე მის ტიტულებში და სახელმწიფო პრემიებში არაა, რომელიც მას ძალიან ბევრი ჰქონდა საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული და არც მისი შემოქმედების გრძელ ჩამონათვალში... უბრალოდ, რუსებს გია ყანჩელის მუსიკა ყოველთვის გათავისებული ჰქონდათ, მშობლიურად მიაჩნდათ - ისევე, როგორც ქართველებს", - ხაზს უსვამს ავტორი და მკითხველს აცნობს (ახსენებს) გია ყანჩელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან მომენტებს, მის საქმიანობას თბილისში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, მის მეგობრების წრეს... როგორც გია ყანჩელის მეგობარი, პეტერბურგელი კლარნეტისტი იულიან მილკისი იხსენებს, კომპოზიტორს მეგობრების სია ჰქონდა შედგენილი, რომელშიც 25 ადამიანის სახელი ფიგურირებდა - რობერტ სტურუა, ნანი ბრეგვაძე, გიორგი დანელია... და ეს 25 მუსიკალურ თემას ნიშნავდა". -----------------

გია ყანჩელის შემოქმედებაზე და მუსიკის განვითარებაში შეტანილ მის დიდ ღვაწლზე აღნიშნავს ბრიტანული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია BBC-ის რუსული სამსახურიც, ხოლო გერმანული რადიოსადგურის Deutschlandfunk-ის ეთერში გადაიცა საუბარი მუსიკათმცოდნესა და მწერალ კორნელია დე რესესთან, რომელიც გულთბილად იხსენებს გია ყანჩელს. ამერიკული რადიოსადგურის Voice of America-ს რუსული სამსახურის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ "გია ყანჩელი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯებსაც აკრიტიკებდა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩათვლით და მხარს უჭერდა თბილისში 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო აქციას, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის მოქმედების წინააღმდეგ იყო მიმართული".

იხილეთ ასევე: "ქართველებს გენიალური სიტყვა გვაქვს – "გარდაცვალება" - რას ამბობდა გია ყანჩელი ბედნიერებაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე, სიკვდილის განცდაზე?

მოამზადა სიმონ კილაძემ