რომელმა ტურისტულმა მიმართულებებმა ჩაანაცვლეს რუსებისათვის საქართველო და რა იხეირა ამისგან სომხეთმა? - კვირის პალიტრა

რომელმა ტურისტულმა მიმართულებებმა ჩაანაცვლეს რუსებისათვის საქართველო და რა იხეირა ამისგან სომხეთმა?

საქართველოში რუსი ტურისტების მასობრივი ნაკადის შეჩერების შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა. რა კონკრეტული მიმართულებებით გადანაწილდა ორგანიზებული ტურიზმი და რა ალტერნატივები არსებობს საქართველოსთან მიმართებით? ამ საკითხებზე რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაცია სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ მის შემოკლებულ ვერსიას:

როდის დაბრუნდება საქართველო?

საქართველოში ტურების გაყიდვის პროცესი 2019 წლის 21 ივნისს შეჩერდა, ხოლო 2019 წლის 8 ივლისიდან როგორც რუსულ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელება აეკრძალათ. ამ სანქციის შემოღებამდე საქართველოს ავიაგადაყვანის ბაზარზე მიმდინარე წელს უცხოეთის 40 ავიაკომპანიაზე მეტი მუშაობდა, მათ შორის რვა რუსეთის კომპანიაც.

სექტემბრის ბოლოს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა დაუშვა. გაზეთ "კომერსანტ"-თან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოვლენების ამგვარი განვითარება (ანუ ფრენების სავარაუდო აღდგენა) "სწორ მიმართულებად" შეაფასა. შესაბამისად, რუსი ექსპერტების შეფასებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შემთხვევაში რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების პროგრამების აღსადგენად დაახლოებით ერთი თვე მაინც დასჭირდებათ.

მსგავს ვადებს ასახელებენ საქართველოში სამოგზაურო ტურების მოთხოვნების განახლებაზეც რუსი ტურისტული ოპერატორებიც. მათი აზრით, თუ საქართველოს ქალაქებში რუსეთის ავიაკომპანიების რეისები აღდგება, ვთქვათ, ნოემბერში ან დეკემბერში, მაშინ ეს საახალწლოდ ტურების გაყიდვისათვის "საუკეთესო სტიმული" იქნება.

როგორ გადანაწილდა ტურნაკადი ზაფხულის სეზონში ექსპერტები ერთმნიშვნელოვან შეფასებებს არ აკეთებენ იმ საკითხზე, თუ რომელმა მიმართულებებმა "მოიგეს" საქართველოში მასობრივი ტურიზმის დროებითი შეჩერებით. როგორც ტუროპერატორ "დელფინის" გენერალური დირექტორი სერგეი რომაშკინი ამბობს, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ საქართველოს პოპულარობის ფენომენი სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ გაჩნდა, ტურისტებმა ამ მიმართულებისადმი "საფუძვლიანი მიჩვევა ვერ მოასწრეს": "ის, რაც სწრაფად მატულობს, ასევე სწრაფად კლებულობს", - აღნიშნავს სერგეი რომაშკინი.

მეორე - მისი აზრით, კავკასიის რესპუბლიკები და მათი დედაქალაქები უნიკალურია და ერთმანეთის ტურისტულ ანალოგებად არ ითვლებიან. "ამ შემთხვევაში ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლებელია. ვფიქრობ, ბაქოს და ერევანს თბილისის "წასვლით" არაფერი მოუგიათ. ის ტურისტები, რომლებიც საქართველოში წასვლას აპირებდნენ, არსად წასულან, მათ შორის არც სომხეთსა და აზერბაიჯანში", - თვლის სერგეი რომაშკინი.

თუმცა სხვები ასე არ მიიჩნევენ: ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს მიმართულების დროებითმა "დახურვამ" სხვა მარშრუტებისადმი ინტერესი გამოიწვია, თუმცა არა ყოველთვის კავკასიურისადმი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ეძებენ და რა სურთ ტურისტებს. ასე მაგალითად, როგორც კომპანია "მულტიტურის" მმართველი იულია ვისოკონოვა თვლის, ზაფხულის სეზონში პლიუსში აფხაზეთი აღმოჩნდა: მიზეზი ისაა, რომ ტურისტები, რომლებიც ზღვაზე დასვენებას საქართველოში გეგმავდნენ და მანამდე აფხაზეთში არ იყვნენ ნამყოფი, ამჯერად ბათუმისა და ქობულეთის შემცვლელ ალტერნატივად ბიჭვინთა და გაგრა იპოვეს.

აფხაზეთის სასარგებლოდ ტურისტული ნაკადის მიმართულების ცვლილება შეამჩნიეს და მსგავსი აზრი გამოთქვეს ტურისტული კომპანია Русский экспресс-ის ექსპერტებმაც: მათი მონაცემებით, კლიენტების ნაწილმა საქართველოს საზღვაო კურორტების ალტერნატივა კვიპროსზე და ჩერნოგორიაში მოძებნეს.

რუსული ტუროპერატორ АЛЕАН-ის ექსპერტები თვლიან, რომ ზაფხულის სეზონში დამსვენებლების ძირითადი ნაკადი "შეიწოვა" როგორც ქვეყნის შიდა კურორტებმა, ასევე აფხაზეთმაც.

ტუროპერატორ ANEX Tour-ის სპეციალისტების აზრით, ძალიან ბევრი ტურისტი, რომლებიც დასვენებას ბათუმის პლაჟებზე გეგმავდნენ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ ალტერნატივად თურქეთს ირჩევდნენ (64%), ასევე მოთხოვნა იყო კვიპროსზე და იტალიაზე.

საექსკურსიო ტურები: რა მოიგო სომხეთმა?

რაც შეეხება საექსკურსიო ტურებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ნაკადი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადანაწილდა. "სომხეთზე შედარებით მეტად, ვიდრე აზერბაიჯანზე. ეს იმიტომ, რომ სომხეთი უფრო საბიუჯეტო მიმართულებას წარმოადგენს", ამბობს იულია ვისოკონოვა. გარდა ამისა, სომხეთში რუსეთის მოქალაქეებისათვის ჩასვლა ადვილია, საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი შიდა დოკუმენტი.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ რესპუბლიკაზე ქართული მიმართულების "დახურვამ" ნაკლები გავლენა მოახდინა: "აზერბაიჯანში მოგზაურობა და დასვენება ძვირია", - განაცხადეს Русский экспресс-ში.

"ქართული თხილამურების" ზამთრის ალტერნატივა

"თუ ზამთრის დადგომამდე ავიამიმოსვლა არ აღდგება, რუსი ტურისტები საქართველოს ალტერნატივას იოლად მოძებნიან", - თვლის სერგეი რომაშკინი. მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის შიდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაემგზავრებიან - მოსკოვის შემოგარენში, კრასნოდარის მხარეში და კავკასიის მინერალური წყლების კურორტებზე. იულია ვისოკანოვაც, თავის მხრივ, მას ეთანხმება და ამატებს, რომ ზამთრის ტურიზმის მოყვარულები ასევე წავლენ სოჭთან ახლოს - კრასნაია პოლიანაში, დომბაიში და იალბუზთან ახლოს მდებარე ბაზებზე.

ANEX Tour-ის ექსპერტების აზრით, ქართული სამთო-სათხილამურო კურორტების ჩანაცვლება წარმატებით შეუძლია სომხურ წაჰკაძორს, რომელსაც კარგი ინფრასტრუქტურა აქვს. იგივე რეკომენდაციას იძლევიან АЛЕАН-ის სპეციალისტები და თავის მხრივ ამატებენ - კარგია აზერბაიჯანის შახდაგიც და ყაზახეთის ჩიმბულაყი: "ფასები თითქმის ადეკვატურია, თოვლიც საკმარისი მოდის", - ხაზს უსვამენ ტუროპერატორების წარმომადგენლები. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ