"ფრესკების გადარჩენის მიზნით, ფიტარეთის მონასტრის დროებითი გადახურვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია" - კვირის პალიტრა

"ფრესკების გადარჩენის მიზნით, ფიტარეთის მონასტრის დროებითი გადახურვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია"

2 ოქტომბერს "საყდრისის კომიტეტის" წევრები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან ერთად ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვარიელებლად ჩავიდნენ.

"საყდრისის კომიტეტმა" ფიტარეთში გადასახური სამუშაოების დროში გაჭიანურების გამო პირადად მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და პროცესში ჩართვა მოსთხოვა. აქტივისტების თქმით - 2018 წელს ჩატარებული გადასახური სამუშაოების პირველი ეტაპის გარკვეული ნაწილი უხარისხოდ იყო შესრულებული (ფოტო 3), რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი კვლავ ჩაედინებოდა. წელს, ოქტომბრის ბოლომდე მონასტრის მარცხენა ნაწილის გადახურვა დასრულდება, თუმცა "საყდრისის კომიტეტის" მოთხოვნით, მხატვრობის დაცვის მიზნით, სახურავის დანარჩენი ნაწილიც დროებით გადაიხურება.

როგორც უკვე ცნობილია, ფიტარეთის XII საუკუნის მონასტერში წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რამაც უნიკალური ფრესკები ფაქტობრივად განადგურების პირას მიიყვანა.

"საყდრისის კომიტეტის" ინიციატივით, 2018 წლიდან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სამ წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც აქტივისტებისთვის ადგილობრივი ბერებისგან ცნობილი გახდა, რომ - "მონასტრის იატაკი ხშირად სავსეა ფრესკების ჩამონაშალით" - 2019 წლის ივნისში "საყდრისის კომიტეტმა" დამატებით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს - დაუყოვნებლივ დაწყებულიყო კედლის მხატვრობისა და მონასტრის ქვის კვლევა.

პირველადი შედეგების მიხედვით მონასტრის მხატვრობა უმძიმეს მდგომარეობაშია, ხოლო კედლებზე მიმდინარეობს ქვის დაშლის პროცესი, თუმცა კონსერვაცია მხოლოდ მონასტრის სრულად გადახურვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "საყდრისის კომიტეტმა" დააყენა საკითხი მოხდეს გადასახური სამუშაოების შესრულების ვადების კორექტირება.

ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს "საყდრისის კომიტეტი" 2016 წლიდან იცავს.