გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" საროსკიპოდ, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი სიბინძურის კერად მოიხსენია
საზოგადოებრივ მაუწყებლთან გამართულ მიტინგზე გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" საროსკიპოდ, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი სიბინძურის კერად მოიხსენია. ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, გოგა ხაინდრავასა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს შორის სიტყვიერი შელაპარკებაც მოხდა.
გოგა ხაინდრავამ უარი განაცხადა "რუსთავი 2"-ის ტელეკამერის წინ კომენტარი გაეკეთებინა და გადამღებს ჯგუფს მოუწოდა, დაეტოვებინათ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიტინგი მიმდინარეობს.
"თქვენ ხართ საროსკიპოს წარმომადგენლები, ვიგინდარები და ბინძური დაწესებულების ჟურნალისტები", - განაცხადა გოგა ხაინდარავამ, რის შემდეგაც შეეცადა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტისთვის მიკროფონი წაერთმია, მაგრამ მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ლოგოს მოხსნა შეძლო მიკროფონიდან და ის მომიტინგეებისკენ გადააგდო.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, იქ იმისთვის არის მისული, რომ ამ სიბინძურის კერა გაიწმინდოს.
"აქ მოსულია ქართველი ხალხი თავისი უფლებების დასაცავად", - განაცხადა მან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ხაინდრავამ განუცხადა, პირადი გადაწყვეტილება, რომ კომენტარი არ მისცეს ხელისუფლების სატელიტ არხებს, კვლავ ძალაშია, რის გამოც მან "რუსთავი 2"-ისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს მოუწოდა განზე გამდგარიყვნენ, როცა სხვა ჟურნალისტებთან საუბრობდა.
"ისინი კი მაინც პირში და თვალში მტენიდნენ მიკროფონებს, რის გამოც "რუსთავი 2"-ის მიკროფონს ლოგო მოვხსენი და გადავაგდე; ეს ჩემი მხრიდან, ერთგვარი ხუმრობაც კი იყო", - აღნიშნა მან. ხაინდრავს განცხადებით, მედიასაშუალებებში ეს ფაქტი გაშუქდა, როგორც მისი აგრესია ჟურნალისტების მიმართ.
"უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი პროტესტი არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ჟურნალისტის წინააღმდეგ; მე პრეტენზია მაქვს იმ დაწესებულებების მიმართ, სადაც ეს ჟურნალისტები მუშაობენ. მიმაჩნია, რომ ეს არის საროსკიპო დაწესებულებები, სადაც მთავრობის ვნებებს აკმაყოფილებენ", - განმარტა მან და დასძინა, რომ "ვანო მერაბიშვილის მსტოვრებთან" საქმე არ აქვს და არც არასოდეს დაიჭერს.
"ინტერპრესნიუსი"