"არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია, იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების არ შემეშინდება" - კვირის პალიტრა

"არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია, იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების არ შემეშინდება"

ფრონტის ხაზზეც ვმდგარვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია, იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების არ შემეშინდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ პროკურატურასთან განუცხადა.

როგორც მელაძე განმარტავს, მთელი ეს პროცესი დიდი მასკარადია, რომელიც ჟურნალისტების დაშინებას ისახავს მიზნად.

"საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს რა კითხვები ექნებათ ჩემთან, წინასწარ არ ვიცი. სავარაუდოდ, ეს ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. ეს მთელი პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი, რომლის მიზანიც არის კრიტიკული მედიის, რომელიც ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალია, დაშინება, დისკომფორტის შექმნა, რომ შემდეგ მორალურად გავტყდეთ, ან დავიღალოთ და ვთქვათ, რომ არ გვინდა იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ. ბოდიში, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება.

როცა ბევრის წლის წინ, ეს პროფესია ავირჩიე, ავირჩიე თავისი რისკებით და სირთულეებით, რომელიც ამ პროფესიას თან ახლავს. ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი და ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია და იქ არ მეშინოდა. ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ", - განაცხადა მელაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

"ინტერპრესნიუსი"