დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალს მისი ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის ანგარიშზე ფულს არიცხინებდა"
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.
"ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"