"კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის " - ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის პრეზიდენტთან
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: "გერმანიისათვის ნათელია, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება"
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს გერმანიის პრეზიდენტის რანგში ეწვია. ყველას გვახსოვს, გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო სრულ ოკუპაციას გადაურჩა და ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ შტაინმაიერმა შეასრულა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. დღეს 2008 წელი არ არის, თუმცა ოკუპაცია საქართველოს მთავარი გამოწვევაა, ისევე როგორც ნატოში გაწევრება-არგაწევრების საკითხი თუ რუსეთთან ურთიერთობა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, უპირველესად კი ევროპაში ისეთი წამყვანი ქვეყნის, როგორიც გერმანიაა. შესაბამისად, გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. "კვირის პალიტრასთან" გერმანიის პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ მის ვიზიტამდე შედგა. საუბარი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტის მიზნებით დავიწყეთ.
- დიდად მადლობელი ვარ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საქართველოში დამპატიჟა. საქართველოს ვიცნობ რამდენიმე ვიზიტიდან საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, პირველ რიგში კი 2008 წლის მძიმე დღეებიდან, როდესაც ვერ მოხერხდა იმ ომის თავიდან აცილება, რომლის შედეგებიც ქვეყანაში დღემდე საგრძნობია.
საქართველოსა და გერმანიას აკავშირებს ხანგრძლივი და ღრმა ისტორია. საქართველო ძველი, კულტურით უსაზღვროდ მდიდარი ევროპული ქვეყანაა. ეს ჩვენ, გერმანელებმა, კარგად დავინახეთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელზეც გასულ წელს საქართველო შთამბეჭდავი პრეზენტაციით წარდგა. დღეს საქართველო და გერმანია ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყნები. ჩვენი ქვეყნები ამჟამად ეძებენ მართებულ ბალანსს ინდივიდუალურ განვითარებასა და საზოგადოებრივ ერთსულოვნებას შორის და ასევე პასუხებს პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი დემოკრატიებისათვის შეიძლება საშიში გახდეს. საქართველო და გერმანია ასევე ერთად დგანან ჩვენი დროის პოლიტიკური და ტექნოლოგიური გამოწვევების წინაშე. ამიტომ გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი ბოლო ვიზიტიდან 23 წლის შემდგომ სწორედაც დროული იყო.
- რომელ მნიშვნელოვან თემებზე გამახვილდება ყურადღება ვიზიტის დროს? - ჩემი ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ჩვენი, როგორც დემოკრატიული და ევროპული მეზობელი ქვეყნების საერთო მომავალი. საუბარი იქნება ჩვენს ეკონომიკურ კავშირებზეც. საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაა დაწყებული. ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებსაც უფრო მეტი პოტენციალი აქვს, მაგალითად, დუალურ პროფესიულ განათლებაში - სულ უფრო მეტ ახალგაზრდას შეუძლია საქართველოში მიიღოს კარგი დუალური პროფესიული განათლება, რადგან მიღებული კვალიფიკაციები ეკონომიკაში სასწრაფოდ სჭირდებათ. ეს ეხება ასევე უფრო მეტ გერმანულ ინვესტიციას, ამიტომაც ჩემთან ერთად ჩამოვლენ გერმანული ფირმების წარმომადგენლები. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან პოლიტიკური შეხვედრების გარდა შევხვდები კულტურის მოღვაწეებს, ინტელექტუალებს, რათა მათთან საქართველოს განვითარებაზე ვისაუბრო. ძალიან მიხარია, რომ კახეთსაც ვესტუმრები, ვნახავ მისი კულტურის საგანძურს და გავიცნობ საქართველოს იმ ნაწილს, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი.
საქართველოთი აღფრთოვანება გერმანელ ტურისტებში სულ უფრო იზრდება. საქართველოს უკვე იცნობენ, იზრდება ინტერესი, ტურისტების რიცხვი და უკვე ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც მოვლილი აქვთ სვანეთის მთები, თბილისის კლუბებში მთელი ღამეები უცეკვიათ, იმათაც, რომლებიც კახეთში ნამყოფები და ქართული ღვინით აღფრთოვანებული არიან.
თითოეულ ამ თემაზე გვინდა ქართულ-გერმანულ თანამშრომლობას ახალი იმპულსები შევძინოთ.
- არსებული რეალობიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერს თუ არა გერმანია საქართველოს ნატოში გაწევრებას? არის თუ არა საქართველო ნატოში წევრობისთვის მზად და თუ არ არის, კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას თბილისმა, რომ ბოლოს და ბოლოს, ნატოს კარი შეაღოს? აქვე რუსეთის ფაქტორზე გკითხავთ - საქართველოს პარტნიორები მიესალმებიან იმას, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგი ინტენსიურად დაიწყო. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებისას ერთი ერთზე არ უნდა დარჩნენ და მოდერატორი ევროკავშირი უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ? - ჩვენ, გერმანელებმა, ვიცით საქართველოს იმედებისა და მოლოდინების შესახებ. გერმანია მხარს უჭერს ალიანსში მიღებულ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკული თანამშრომლობა საზღვარგარეთ მიმდინარე მისიებშიც, მაგალითად, ავღანეთში, ბოლო წლებში კიდევ მჭიდრო გახდა.
ასევე შეუცვლელი და მტკიცეა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხშიც. ჩემი ვიზიტის ფარგლებში თავად გავეცნობი სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან.
კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამასთან, საქართველო დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს და ამავე დროს აქვს თავისი პარტნიორების მხარდაჭერა. გერმანიისათვის ნათელია, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება.
- ამერიკელი თუ ევროპელი ყოფილი მაღალჩინოსნები ინტერვიუებში აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დასავლეთს უფრო მკაცრი პოზიცია რომ დაეკავებინა რუსეთთან, აღარ მოხდებოდა ის, რაც ხდება ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში. თქვენ რას ფიქრობთ? საკმარისად არამკაცრი მიდგომები ხომ არ მოქმედებს წამახალისებლად რუსეთის აგრესიულ გეგმებზე? - როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ ინტენსიურად ვცდილობდი მოსალოდნელი ომის თავიდან აცილებას. მიზეზები, თუ რატომ არ გამოვიდა, დაწვრილებით იქნა განხილული საერთაშორისო დონეზე.
დღეს ქართული პოლიტიკა ძალადობაზე უარის თქმის ერთმნიშვნელოვან პრინციპს ემყარება. ეს გონივრულია, მაგრამ ის, რაც 2014 წელს საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევი ყირიმის ანექსიითა და რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკით აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა, სხვა საკითხია. ევროპამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ ქმედებებზე გასცა ნათელი და ერთიანი პასუხი, რომელიც დღესაც შეუზღუდავად არის ძალაში. შესაძლებელი გახდა კონფლიქტის შემცირება, მაგრამ, სამწუხაროდ, ის დღემდე არ არის გადაჭრილი. კარგია, რომ ბოლო დღეებში შეინიშნება ახალი მოქმედებების მანიშნებელი სიგნალები ორივე მხარეს. აქაც იმავეს ვიტყვი: ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის გარეშე არ შეიძლება ევროპაში ხანგრძლივად იყოს მშვიდობა.
- გარკვეული პერიოდის წინ გერმანულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა ქართველ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით. საქართველოში ამას მტკივნეულად აღიქვამდნენ იმ კუთხით, რომ პრობლემის გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა გერმანულ მხარეს მოეთხოვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. თქვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის როგორი მდგომარეობაა და როგორ შეიძლება დარეგულირდეს ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის საკითხები? - ვიზალიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევროპასთან დამოკიდებულების ისტორიაში. ამით ევროკავშირსა და საქართველოს შორის მეტი ურთიერთობისათვის ფართოდ გაიღო კარი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ახალმიღებული თავისუფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული.
ყოველ წელს საქართველოს ათასობით მოქალაქეს შეაქვს განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით და თითქმის ყველა შემთხვევაში ჩვენი უწყებები და სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ეს განაცხადები უსაფუძვლოა. გერმანული უწყებები ამ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართულ უწყებებთან. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ასევე ლეგალური შესაძლებლობები გერმანიაში ჩამოსვლისა და ჩვენთან სწავლის, პროფესიის დაუფლებისა თუ მუშაობისათვის. ამისათვის სხვა საბუთებთან ერთად საჭიროა ენის გამოცდის ჩაბარება და გარკვეული განათლების დონის დადასტურება. იმედია, მომავალში უფრო მეტი ქართველი ჩამოვა გერმანიაში, ისწავლის და იმუშავებს და შემდეგ თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს ისევ საქართველოში გამოიყენებს. ამით ორივე ქვეყანა ნახავს სარგებელს.