ვინ ადგენს ამინდს საქართველოში - კვირის პალიტრა

ვინ ადგენს ამინდს საქართველოში

"არც ერთ ქვეყანაში ამინდის პროგნოზი 100%-იანი არ არის, თან გააჩნია, რისი პროგნოზი კეთდება. როცა ლაპარაკია ტემპერატურის პროგნოზზე, ეს შედარებით ადვილია და თითქმის 95%-ით მართლდება, მაგრამ ნალექის შემთხვევაში ასე არ არის..."

ხშირად მსმენია უფროსი თაობისგან, რომ ზაფხული ზაფხულს აღარ ჰგავს და ზამთარი ზამთარს. ჩემს ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა კი ვერ გაარჩევ, წელიწადის რომელი დროაო.

იმის დასადგენად, თუ როგორ ხდება ამინდზე დაკვირვება, მისი პროგნოზირება, გვაქვს თუ არა თანამედროვე აპარატურა და კავშირი მსოფლიოს საერთაშორისო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციებთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიისა და კლიმატის სამმართველოს უფროსს ქალბატონ ლიკა მეგრელიძეს გავესაუბრეთ:

- რამდენი მეტეოროლოგიური ცენტრია დღეს საქართველოში?

- როგორი ამინდი იქნება 1 კვირის განმავლობაში, ამის პროგნოზი მსოფლიოს მასშტაბით მეტეოროლოგიური დაკვირვებით კეთდება. საქართველოში 110 მოქმედი მეტეოროლოგიური სადგურია, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებენ, დღე-ღამის განმავლობაში 8-ჯერ იკრიბება ინფორმაცია და ყველა ქვეყანა მას მსოფლიო ინფორმაციის დამუშავების ცენტრებში გზავნის. როდესაც პროგნოზზე ვმუშაობთ, ვსარგებლობთ არაერთი სქემით, მაგალითად, ამერიკულით, გვაქვს გერმანული, ფრანგული, რუსული სქემებიც, რასაც ჩვენი სინოპტიკოსების ცოდნა-გამოცდილებაც ემატება. აგროვებენ ინფორმაციას, გვიგზავნიან, აქ კი ვადგენთ პროგნოზს, თუ როგორი ამინდია მოსალოდნელი სხვადასხვა რეგიონში.

- შეიცვალა თუ არა კლიმატი - ეს ის კითხვაა, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას აინტერესებს. - რა თქმა უნდა, შეიცვალა. დღეს კაცობრიობის წინაშე მწვავედ დგას გლობალური პრობლემები. მსოფლიო ებრძვის სხვადასხვა სტიქიურ უბედურებას. ეს განაპირობა ადამიანების დაუდევრობამ - იჩეხება ხეტყე, დაირღვა ცის სარტყელი, წინა საუკუნეებთან შედარებით ტემპერატურამ 1 გრადუსით აიწია, რამაც გამოიწვია ყინულის დნობა, დაგროვილმა წყალმა კი წარმოქმნა შტორმები და უხვი ნალექი.

საქართველო რთული კლიმატის მქონე ქვეყანაა. აქ 15 კლიმატური სარტყელია, ყველაზე რთული ცვალებადი კლიმატი კი შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთათა სისტემაშია.

- რა მდგომარეობაა ჩვენს მეტეოროლოგიურ სადგურებში?

- რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ კონვენციის მოთხოვნებს, რადგან 90-იანი წლების შემდგომ, გასაგები მიზეზების გამო, შემცირდა დაკვირვების პუნქტები -

თბილისს 5 მეტეოროლოგიური სადგური ემსახურებოდა, დღეს კი მხოლოდ ერთია. ზოგიერთი დაკვირვება ძვირად ღირებული ტექნიკისა და თანხების უქონლობის გამო შეწყდა. საბედნიეროდ, დახმარების ხელი გამოგვიწოდეს ფინეთმა, ჩეხეთმა, ამერიკამ, ნორვეგიამ - ბევრი ქვეყანა გვიდგას გვერდით.

დავიწყეთ აპარატურის განახლება. ამაში "მწვანე ფონდიც" დაგვეხმარა. პროექტის ფარგლებში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.

- რამდენი დღით ადრე შეგვიძლია მოსალოდნელი პროგნოზის ან მოსალოდნელი საფრთხეების შეტყობა? - ჩვენ ვადგენთ მოკლევადიან, გრძელვადიან და საუკუნის პროგნოზებს. მოკლევადიანი პროგნოზი მოიცავს ერთკვირიან ან ორკვირიან ინფორმაციას, გრძელვადიანი პროგნოზით ვადგენთ, თუ როგორი ზაფხული ან ზამთარია მოსალოდნელი, საუკუნის პროგნოზი კი მთლიანი საუკუნის ცვლილებებს გვიჩვენებს.

- რამდენპროცენტიანი ცდომილებაა ამინდში და არის თუ არა საერთოდ ცდომილებები? - არც ერთ ქვეყანაში ამინდის პროგნოზი 100%-იანი არ არის, თან გააჩნია, რისი პროგნოზი კეთდება. როცა ლაპარაკია ტემპერატურის პროგნოზზე, ეს შედარებით ადვილია და თითქმის 95%-ით მართლდება, მაგრამ ნალექის შემთხვევაში ასე არ არის.

- უახლოეს პერიოდში როგორი ამინდია მოსალოდნელი? - ახლო მომავალში იქნება ნალექი და აგრილდება კიდეც.

ზურა სოლომნიშვილი