"პოლიციელებმა "კანონიერი ქურდების" დავალებით გაიტაცეს დადეშელი და კრიმინალებს მოსაკლავად გადასცეს" - სად მიდის სასტიკი მკვლელობის კვალი?
5 ოქტომბერს რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა, რომლის ვინაობაც სამართალდამცავებმა მალევე დაადგინეს, გაირკვა ისიც, რომ ახალგაზრდა კაცი სასტიკად იყო მოკლული - მას სხეულზე დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მსხვერპლი 35 წლის ზურაბ დადეშელია, მას თურმე სახელი და გვარი შეცვლილი ჰქონდა და დავით მუმლაძის პირადობის მოწმობით გადაადგილდებოდა. ოჯახი გაუჩინარებულ ახალგაზრდას 1-ლი ოქტომბრიდან ეძებდა. ყველამ იცოდა, რომ იმ დღეს ის თავის მეგობართან, გიორგი გეთაშვილთან (რეალურად დავით ოქრუაშვილთან, მასაც გვარი ჰქონდა შეცვლილი. ავტ) ერთად წავიდა მანქანით, თუმცა მისი კვალი მოულოდნელად თბილისში გაქრა.
ბუნებრივია, ოჯახმა გაუჩინარებულის ძებნა დაიწყო და პირველ რიგში სამართალდამცავებმა მისი მეგობარი მიიყვანეს პოლიციაში დასაკითხად, მაგრამ იგი ამბობდა, რომ მეგობარის ადგილსამყოფელი არ იცოდა, ირწმუნებოდა, რომ ის მუხიანში ჩამოსვა.
მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა და ამის შემდეგ ისევ დაიბარეს მოკლულის მეგობარი გეთაშვილი რუსთავის პოლიციაში, თითქმის 8 საათი ყავდათ ის პოლიციის შენობაში, სადაც აქციაც კი გამართეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა. ისინი გეთაშვილთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდნენ, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქმეში სახალხო დამცველიც ჩართო და გვიან საღამოს მიეცა მის დასაცავთან შეხვედრის საშუალება. ადვოკატი კობაიძე ირწმუნება, რომ მისი დასაცავის უფლებები დაირღვა და ბევრ პროცესუალურ დარღვევას აქვს ადგილი. არ გამორიცხავს, რომ პოლიციელების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო.
როგორც ჩანს, გეთაშვილმა აღიარა, რომ მისი მეგობარი პოლიციელებს ჰყავდათ გატაცებული. ბრალდებულ გეთაშვილს თავიდან ცრუ ჩვენებისთვის წაუყენეს ბრალი, მაგრამ მოგვიანებით, პოლიციამ მას ბრალი დაუმძიმა და დანაშაულის თანამონაწილეობის ბრალდებაც წაუყენეს. ადვოკატ, კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირწმუნება, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"შოკშია, პოლიციელების თანამზრახველად გამოიყვანეს, რასაც ნამდვილად არ ელოდა. ბრალი შეიცვალა, აბრალებენ, რომ მან მეგობარი გაიტაცა, რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. თან ისე გაიტაცა, რომ პოლიციის თანამშრომლები ჩართო, პოლიციის თანამშრომლებს შეუთანხმდა, რომ შემდეგ უნდა მიეყვანათ მკვლელთან და მკვლელს უნდა მოეკლა - შეიძლება ერთი ბესტსელერის გადაღება, თორემ რეალურად ფაქტობრივ გარემოებებს ეს არანაირად არ შეესაბამება," - აცხადებს ადვოკატი.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ცნობილია, რომ პოლიციელებმა მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით ზურაბ დადეშელი, იგივე დავით მუმლაძე, გლდანის მესამე მიკრორაიონიდან გაიტაცეს - მეგობრის მანქანიდან თავიანთ "ბმვ"-ში მუქარით და ძალის გამოყენებით გადასვეს და შემდეგ გადასცეს ის კრიმინალებს.
ამ საქმეში კიდევ ერთი პირი, ყოფილი ძალოვანი დიმიტრი დუღაშვილი ფიგურირებს, როგორც ირკვევა, პოლიციელები მიროტაძის კრიმინალი სიძის, ზურაბ ჯღარკავას დაკვეთით მოქმედებდნენ. გატაცებული პოლიციელმა მიროტაძემ და მისმა მეგობრებმა ზურაბ ჯღარკავას და მის თანამზრახველს გიორგი ასათიანს გადასცეს. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ორმა პირმა მოკლა სადისტურად ზურაბ დადეშელი და მტკვარში გადააგდო დასახიჩრებული და ნაწამები ადამიანი.
ასათიანი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. საქმის მთავარი ფიგურანტი, ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე მიმალვაშია. როგორც ამბობენ, სწორედ მას ჰქონდა დიდხნიანი დაპირისპირება მოკლულთან. არსებული ინფორმაციით, მოკლულს კრიმინალები ე.წ. ობშიაკის ფულის მითვისებას ედავებოდნენ და სწორედ ამიტომ გაუსწორდნენ ასე სადისტურად. იმასაც ამბობენ, უშუალოდ მკვლელი ადრე მოკლულთან მეგობრობდაო. სავარაუდოდ ის კარგად იცნობს გეთაშვილსაც. არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ამ ქმედებისთვის გასამრჯელოდ 12 000 დოლარი აიღეს. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია და რას ამბობენ თავად ბრალდებული ძალოვნები, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფაქტი ერთია, 2 მოქმედ პოლიციელს და ერთ ყოფილ ძალოვანს დღეს ადამიანის გატაცება ედება ბრალად. არსებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია წინასწარ დაგეგმილი იყო.
"შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა 37 წლის გიორგი ასათიანმა და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზურაბ ჯღარკავამ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გიორგი გეთაშვილს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1-ლ ოქტომბერს, გეთაშვილმა გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის ზურაბ დადეშელი, იგივე დავით მუმლაძე, გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დადეშელი, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ორ კრიმინალს. აღნიშნულმა პირებმა გატაცებული მამაკაცი ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დღეს გეთაშვილის მეუღლე ირწმუნება, რომ მისი ქმარი იძულებული გახდა ცრუ ჩვენება მიეცა, რადგან მას დაემუქრნენ", - ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
"ჩემი მეუღლე ამბობს, "ბმვ"-ს მარკის მანქანა თავს დაგვესხა და იარაღის მუქარით გადასვეს თავიანთ მანქანაში, ერთ-ერთი პოლიციელი მე მომიბრუნდა, პირში იარაღი ჩამიდო და დამემუქრა, თუ ხმას ამოვიღებდი ოჯახის წევრებს მომიკლავდნენ. შეეშინდა ჩემს მეუღლეს, იმათ პოლიციის ფორმა ეცვათ", - ამბობს დაკავებულ გეთაშვილის მეუღლე. თავად რას იტყვის ბრალდებული ეს საინტერესოა, რა ახსნა ექნება, რატომ გაიტყუა მან თავისი მეგობარი სახლიდან.
ჩვენი წყარო გვიყვება:
"ბოლო დროს მოკლული სახლიდან საერთოდ არ გადიოდა. როგორც ჩანს, მისი ნდობით ისარგებლა მეგობარმა და სახლიდან გაიტყუა. გამოდის, რომ პოლიციელებმა "კანონიერი ქურდების" დავალებით გაიტაცეს დადეშელი და კრიმინალებს მოსაკლავად გადასცეს. რაც შეეხება გვარის შეცვლას, გეთაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ბიჭები უცხოეთში ხშირად დადიოდნენ, იქ ჰქონდათ სამართალდამცავებთან პრობლემები და ამიტომ შეიცვალეს სახელი და გვარი".
რაც შეეხება დაკავებულ პოლიციელებს, მათი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ერთ-ერთ ბრალდებულს, პოლიციელ მიხეილ ღუბიანურს უბანში უარყოფითად ახასიათებენ.
"მას პირადად ვიცნობ, ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭია, მამამისი ყოფილი ძალოვანია და ყველა პატივს სცემს, მაგრამ თვითონ რამ გააბოროტა ასე ეს ახალგაზრდა კაცი, ვერ გეტყვით. ერთ ადამიანს ვერ იპოვით უბანში, ვინც მასზე კარგს იტყვის. მთელი ბავშვობა ოცნებობდა პოლიციელი გამოსულიყო და დაიწყო მუშაობა, მაგრამ მას მერე სულ ინტრიგებშია, მთელი უბანი გადაკიდა ერთმანეთს. აწყობდა პროვოკაციებს, აკავებდა ახალგაზრდებს. მორალში რომ არ ჯდება, ისეთი არაეთიკური საქციელები აქვს ჩადენილი. შავი საქმეებისთვის იყენებდა პოლიციის მუნდირს. რამდენიმე ადამიანი გალახა და ამაზე, როგორც ვიცი, გამოძიება მიდის. ბევრჯერ ადვილად გამოძვრა. ვიცი ვინც არის, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი ასეთი რამე თავში თუ მოუვიდოდა, გაოგნებული ვარ", - გვითხრა ღებიაურის ერთ-ერთმა ნაცნობმა.
დიტო დუღაშვილიც რუსთაველია. ის შსს-ს ორგანოებში 2010 წლიდან მუშაობდა და უწყებიდან წელს გაათავისუფლეს.
ამ დრომდე იძებნება ზურაბ დადეშელის მკვლელობის მთავარი ფიგურანტი ზურაბ ჯღარკავა. ჯღარკავას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.
დავით მიროტაძე 2009 წლიდან პოლიციის თანამშრომელია, ეტყობა მას ბევრი ფიქრი არ დასჭირდა თანამზრახველები პოლიციის რიგებში რომ მოეძებნა და საქმეში ჩართო ღებიაური და დუღაშვილი...
რაც შეეხება მოკლულ ზურაბ დადეშელს, როგორც ამბობენ, ის გავლენიანი ფიგურა იყო ე.წ. ქურდულ სამყაროში. ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, მას საქართველოში მეუღლე და სამი შვილი ყავს. მისი ცხედარი სურამში, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ადგილობრივები მომხდარით შოკირებულები არიან. მოკლულს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არ იციან რას შეეწირა იგი. ჩვენ შევეცადეთ მოკლულის ოჯახის წევრების პოზიციაც მოგვესმინა, დავუკავშირდით კიდეც მის ახლობელს, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
იხილეთ ასევე: "ზურაბ დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა"
(სპეციალურად საიტისთვის)