ქართველთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა მეგობრობის ქრონიკები და წარჩინებულ გვართა ნათესაური კავშირები
წარჩინებულთა ქორწინებები
სვანეთის მთავრების, დადეშქელიანთა დინასტიისა და ყარაჩაულ-ბალყარულ ფეოდალურ საგვარეულოთა წარმომადგენლებს შორის ხშირი იყო ქორწინებანი, რაც XX საუკუნემდე გრძელდებოდა.
დადეშქელიანები სვანეთის ნაწილს XVIII საუკუნიდან განაგებდნენ. ვინაიდან ეს ფეოდალური გვარი ორ შტოდ გაიყო, მათი სამფლობელოც, რომელიც ზემო სვანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა, ორად განაწილდა.
სადადეშქელიანო სვანეთის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, ბეჩოს, ეცერისა და ცხუმარის თემების მფლობელს - თათარყან დადეშქელიანს (გარდაიცვალა 1849 წელს) ცოლად ჰყავდა თავადის ასული თამარ ვახოვა.
თათარყან დადეშქელიანი იყო შთამომავალი მთავრების - კარგი-ოთარისა (გარდაიცვალა 1750 წელს) და ბაბა-ციოყისა (გარდაიცვალა 1812 წელს).
რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ, თათარყანმა წინაპართა ტრადიციული სარწმუნოება - ქრისტიანობა დაიბრუნა. მართლმადიდებლური წესით ნათლობის შემდეგ, თათარყანს, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის პატივსაცემად, სახელად ნიკოლოზი ეწოდა.
ნიკოლოზ დადეშქელიანსა და თამარ ვახოვას შეეძინათ სამი ვაჟი: ოთარი, ჯანსუღი (იგივე ლევანი), მოსოსტრი და ერთადერთი ასული (სახელი უცნობია), რომელიც ცოლად გაჰყვა ყარაჩაელ თავად დევლეთ-გირეი კრიმშამხალოვს.
ნიკოლოზისა და თამარის უფროსი ვაჟი, ოთარ ნიკოლოზის ძე დადეშქელიანი (გარდაიცვალა 1854 წელს) დაქორწინდა ბალყარელი თავადის, ურუსბიევის ასულ მინათზე. მათ შეეძინათ ოთხი ვაჟი: ლევანი (1829-1889), ისლამი, ბექირბი, ციოყი და ერთადერთი ასული - დაუმხანი, იგივე ელენე (1855-1899).
თანამედროვენი იგონებდნენ, რომ ოთარ დადეშქელიანი "თვით მთიელ რაინდ სვანებში გამოირჩეოდა თავისი უშიშრობით, განსაკუთრებული სიმაღლითა და სილამაზით".
აღსანიშნავია, რომ ოთარ დადეშქელიანმა მიიღო ისლამი და შვილებიც მაჰმადიანურად მონათლა. ამის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ მათ აუკრძალა სვანეთში ცხოვრება და აიძულა, დადეშქელიანის ნაცვლად "ოთაროვის" გვარი ეტარებინათ.
ოთარ დადეშქელიანის შვილებს ცხოვრება ერთხანს დედულეთში მოუხდათ. მათი ბიძის (დედის ძმის) - თავად ისმაილ მურზაყულის ძე ურუსბიევის (1829-1888) მამული მდებარეობდა იალბუზის კალთებთან, მდინარე ბაქსანის ნაპირთან. ისმაილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა მთელ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში.
ოთარ დადეშქელიანის შვილიშვილის (იმავდროულად, ისმაილის დის შვილიშვილის) მოგონებაში ვკითხულობთ: "ვისაც წაკითხული აქვს პროფესორ მაქსიმ კოვალევსკის "მოგზაურობა კავკასიაში", მას გაახსენდება ამ წიგნში აღწერილი ისმაილ ურუსბიევი, ყველასგან პატივდებული და ცნობილი პიროვნება იმდროინდელ სინამდვილეში. ამ წიგნის ავტორს ბევრი რამ გამოუყენებია მისი მონაყოლიდან კავკასიის ლეგენდებსა და სიძველეებზე. დედაჩემი გახლდათ დისშვილი ისმაილ ურუსბიევისა და მის სახლში აღიზარდა".
ისლამ ოთარის ძე დადეშქელიანმა (იმავე ოთაროვმა) ცოლად შეირთო თავად დუდოვის ასული, ხოლო მისმა მომდევნო ძმამ, ბექირბიმ იქორწინა თავად კრიმშამხალოვის ასულ მინათზე.
ისლამ დადეშქელიანის (იმავე ოთაროვის) ერთადერთმა ვაჟმა ჯანსუღმა (1855-1940) ცოლად შეირთო თავად ურუსბიევის ასული მისირხანი (1872-1952).
ზემოხსენებული ნიკოლოზ დადეშქელიანისა და თამარ ვახოვას შვილიშვილი - სალდა-ხან ჯანსუღის (ლევანის) ასული დადეშქელიანი (დაბადებული 1850 წელს) ცოლად გაჰყვა თავად ადინგერ ურუსბიევს.
მიუხედავად იმისა, რომ ოთარ დადეშქელიანის შთამომავლები XIX საუკუნის მიწურულიდან უკვე ქრისტიანები იყვნენ და ქრისტიანებზეც დაქორწინდნენ, მათში მაინც შემორჩა მუსლიმური სახელები, მაგალითად: ისლამი, მურზაყანი, მუჰამედი, შამილი, უსუფი, კემლიატი, მადინა, ფატიმა და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ოთარ ნიკოლოზის ძე დადეშქელიანის პირდაპირ შთამომავალს (მეხუთე თაობის წარმომადგენელს), რომელიც 1963 წელს დაიბადა და ამჟამადაც სვანეთში ცხოვრობს, სახელად ისლამი ჰქვია.
ასე რომ, ქორწინებანი დადეშქელიანებსა და ყარაჩაულ-ბალყარულ თავადურ საგვარეულოთა წარმომადგენლებს შორის ფართოდ გავრცელებული იყო და XX საუკუნემდე გრძელდებოდა. თავისი არსით ეს იყო პოლიტიკური შეუღლებანი, რომლებიც ხსენებული ხალხების მმართველი წრეების მოკავშირეობის მტკიცე საფუძველი ხდებოდა. იმავდროულად, ეს ცხადყოფს იმ პატივისცემას, რომელიც ამ ხალხებს ერთმანეთისადმი ტრადიციულად ახასიათებდათ.
ნათესაური კავშირები
თავად ურუსბიევებთან ნათესაობა ჰქონდათ არა მხოლოდ დადეშქელიანებს, არამედ მათთან დაკავშირებულ სხვა ქართულ თავადურ გვარებსაც.
ზემოხსენებული ოთარ დადეშქელიანისა და მინათ ურუსბიევის ერთადერთი ასული, 18 წლის დაუმხან (იგივე ელენე) დადეშქელიანი (1855-1899) 1873 წელს ცოლად გაჰყვა თავად კონსტანტინე გიორგის ძე დადიანს (1852-1903), რომელიც იყო შთამომავალი (მეოთხე თაობის) სამეგრელოს მთავარ ოტია ბეჟანის ძე დადიანისა (მთავრობდა 1728-1757 წლებში).
კონსტანტინე დადიანისა და ელენე დადეშქელიანის უფროსი ვაჟი იგონებდა: "მამაჩემი დედაჩემს არცთუ ისე შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა, მაგრამ მამას ის ძალზე მოსწონდა. დედა კი სასტიკად წინააღმდეგი იყო ქრისტიანზე გათხოვებისა, რადგან თვითონ თავდადებული მაჰმადიანი იყო. მას მაჰმადიანურად დაუმხანი ერქვა. მამას დიდი ცდა და მონდომება დასჭირდა, რათა დაეთანხმებინა დაუმხანის ნათესავები ამ ქორწინებაზე... დედა საბოლოოდ დამორჩილებია დედამისის (იგულისხმება მინათ ურუსბიევი. - ნ. ჯ.) ნება-სურვილს და მონათლულა ქრისტიანულად. ეს ნათლობა მომხდარა ლეჩხუმში... გაქრისტიანებული დედა ლეჩხუმიდან ჭკადუაშის სასახლეში მოუყვანიათ... დედას მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ განელებია სამშობლო მხარეზე დარდი. მან სიცოცხლის ბოლოს, 23 წლის შემდეგ მოინახულა მშობლიური მხარე, მაგრამ დასნეულებულს არაფერმა უშველა და 1899 წლის 12 ნოემბერს ზუგდიდში აღესრულა, დაგვტოვა რა 4 შვილი ობლად. ეს ტრაგედია მამამ ძალზე განიცადა და სიცოცხლის ბოლომდე უბედურად თვლიდა თავს. მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ჯანმრთელობით, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს გულმა დაუწყო ღალატი... გარდაიცვალა 1903 წელს".
კონსტანტინე დადიანისა და ელენე (ყოფილი დაუმხან) დადეშქელიანის ვაჟი მუშნი (ივანე) კონსტანტინეს ძე დადიანი (1874-1924) მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, სადაც სახელი გაითქვა, როგორც მამაცმა ოფიცერმა.
1905 წელს დაწყებულ რევოლუციაში ჩაბმულ ქართულ პოლიტიკურ ძალებს მუშნი დადიანიც შეუერთდა და სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის აქტიური წევრი გახდა. ამ რევოლუციის ჩასახშობად დაწყებული რეპრესიების პერიოდში, ხელისუფლების დამსჯელმა რაზმმა დაარბია და გადაწვა მუშნის მამისეული სახლ-კარი.
მუშნი დადიანი იძულებული გახდა, დედულეთისთვის - სვანეთისთვის შეეფარებინა თავი, საიდანაც სახელგანთქმული მონადირის, მიხაი ჩარკვიანისა და მუზალათ ჯამდელანის თანხლებით, ბალყარეთში გადავიდა. მის დღიურში ფრიად საყურადღებოდ არის აღწერილი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში გადასვლის დროს წარმოქმნილი სირთულეები და დედის ნათესავებთან სტუმრობა.
საგულისხმოა, რომ მუშნი დადიანთან ერთად იმოგზაურა მისმა მეგობარმა სპირიდონ კედიამაც (1884-1948), რომელიც შემდგომში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი გახდა.
1924 წელს, საქართველოში მომხდარი ანტიბოლშევიკური სახალხო აჯანყების ჩახშობის შემდეგ, მუშნი თავის უმცროს ძმა დავითთან, იმავე ოთართან (1892-1924) ერთად, ბოლშევიკებმა დახვრიტეს.
თავის ბალყარელ ნათესავებთან მისვლას მუშნი დადიანი ასე იგონებდა: "1906 წლის 13 მარტს ძველი სტილით... სოფელ ბეჩოდან... გავემგზავრეთ საშინელი ზამთრისა და ქარბუქის დროს მე და სპირიდონ კედია მდინარე შიხრასკენ... ჩვენ ოთხმა... გადავიარეთ მდინარე ბაქსანის ხიდი და სოფელ თეგენკალში ჩავედით, ელმურზა ხაკილარის სახლში (16 მარტს). ეს კაცი იყო დედიჩემის მკვიდრი ძიძიშვილი და ჩემი პატარა ძმის, ოთარის გამზრდელი. კარზე დავუკაკუნე მაგრად. მეკითხებიან:
- ქიმ-დურ?
- ყონაყ-ყონაყ, - ვეუბნები მე.
კარი გააღეს და ოთარის ძიძა, მოხუცი სული შემომეგება. მე ფეხზე ძლივსა ვდგავარ... შემდეგ არაფერი მახსოვს. წავქცეულვარ, როგორც მითხრეს. გამომეღვიძა, თანაც ვგრძნობ საშინელ ტკივილებს. როგორც ფეხის უკანა ძარღვები, ისე მთელი ფეხის ქვედა პირი დამსკდარია, მეწვის საშინლად. ორი კვირის განმავლობაში მიაქიმა ოთარის ძიძამ, მომარჩინა კიდეც. მეკითხება: რა მოგივიდა, ამ ზამთარში რისთვის მოსულხარ, რა გაგიჭირდა?
ვუპასუხე: - ისისუდან მოვედი, ესე იგი კისლოვოდსკიდან.
- მერე ფეხები რამ დაგიხეთქა ასე? ჰა, შე გიაურო, - ხუმრობით მეუბნება ძიძა სული, - სტყუი, ეშმაკობ, შენ ურუს ფადიშაჰის მოღალატე, ბუნტოვშჩიკი ხარ.
- "აბა ძიძა, ოთარ ოლმ, სენ, მენმ, ქელაგენ ბირადამღა აითმა. ნეჩუდესუნ ბაშნა სააყე" ("ოთარი ნუ მოგიკვდება, ჩემი მოსვლა არავის უთხრათ, რადგან თავისა მეშინიან"). როცა ალანეთს მიხვიდე, ასე უთხარი მათ, - დამასწავლა ჩემმა ბიძაშვილმა გელა დადეშქელიანმა...
აქ, ძიძასთან ვიყავი 16 მარტიდან - ბოლომდის, სანამ ფეხები მომიშუშდა. სპირიდონიც ძალაუნებურად შეეჩვია ამ ცხოვრებას. მართალი უნდა ითქვას, ძალიან გვივლიდნენ, გვპატრონობდნენ, თავს გვევლებოდნენ. წარმოიდგინეთ, არ მოგვშორებია ბებერი მიხაი, სანამ სოფელ ბაქსანში არ ჩაგვყვა დედაჩემის ბიძაშვილებთან, ნავრუზ ურუსბიევისას... აქ განსაკუთრებული პატივისცემა გაგვიწია მოსკოვის უნივერსიტეტის V კურსის სტუდენტმა ნავრუზ ურუსბიევმა. მან მოგვცა მშვენიერი, კარგი ბინა სასტუმროში, სადაც მოთავსებული იყო საუცხოო ბიბლიოთეკა - რუსული, ფრანგული, გერმანული წიგნები, აგრეთვე, მთელი 1904-1905 წლების ჟურნალ-გაზეთები...
სპირიდონმა გამიზიარა სურვილი ქუთაისში დაბრუნებისა და იქიდან ევროპაში წასვლისა, სწავლის დასამთავრებლად... 19 აპრილს მე და სპირიდონი დავშორდით ერთმანეთს თვალცრემლიანები".
სპირიდონ კედიას საქართველოში გაცილების შემდეგ, მუშნი დადიანი დაემშვიდობა თავის ნათესავ ნავრუზ ურუსბიევს და თებერდაში წავიდა.
მუშნი დადიანის მოგონებებში ვკითხულობთ: "წავედი ყუბანის ოლქისკენ, დიდ ყარაჩაში, ისმაილ ყირიმ შამხალისას, რომელიც ცხოვრობდა სოფელ თებერდაში. ნავრუზმა გამომაყოლა ერთი სანდო კაცი... შემსვა კარგ ცხენზე და გავემგზავრეთ სოფელ ქარდუკის გზით ბალ-ბაშისკენ (მდინარე მალყას სათაურ მთას ჰქვიან ყარაჩაულად). ვიარეთ მთელი ღამე ამ მთებში და გათენებისას მივადექით ერთი მენახირის კარავს, რომელსაც ყარაჩაულად "ყოშ"-ს ეძახიან. აქ დავისვენეთ, ცხენებს თივა-ქერი დავუყარეთ, დაგვეძინა. შუადღე იქნებოდა, გამაღვიძა მასპინძელმა. სადილი მზად ყოფილიყო - უგემრიელესი ცხვრის გვერდები, შემწვარი, მაწონგადასხმული. მაწონი ჰქონდა ისეთი, დანით გაიჭრებაო, რომ იტყვიან. დავადექით ნასადილევს ისევ გზას...
მივადექით ერთ მდიდარ მენახირეს, რომელსაც, როგორც თანამგზავრი ამბობდა, ათი ათასი სული ცხვარი ჰყავდა, გარდა ცხენისა და ძროხის ჯოგისა... ძალიან გულუხვად გაგვიმასპინძლდა მეჯოგე, დაგვიკლა უშველებელი ცხვარი, გვაჭამა მშვენიერი ლიცმარი, დავლიეთ ბუზა, სრა, აირანი. გამოდგა, რომ ეს ყარაჩი, ხაჯილარების გვარიდან, დედაჩემის ძიძის შვილი იყო და როცა გაიგო, დაუმხანის შვილი ვიყავი, ძლიერ გაუხარდა და გადამეხვია. მეორე დღეს, დილით, რაკი გაიგო ჩემი გაჭირვება, ბევრი მეხვეწა, რომ იქ, მასთან დავრჩენილიყავი... მაგრამ მე უარზე ვიყავი... გამოვემშვიდობეთ მასპინძელს და გავუდექით გზას სოფელ ყარტ-ჯურტისაკენ".
ამდენად, მუშნი დადიანის მოგონებებში საყურადღებო ცნობებია დაცული XX საუკუნის დასაწყისში არსებული ქართველი და ყარაჩაელ-ბალყარელი არისტოკრატიის ურთიერთობის, აგრეთვე ამ უკანასკნელთა ყოფა-ცხოვრებისა და მათი სტუმართმოყვარეობის შესახებ.
ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#50