"მხოლოდ ფრაგმენტულად ვითამაშეთ ის რაგბი, რისკენაც მივდივართ"
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკვე დაბრუნდა მსოფლიო თასიდან, რაგბის კავშირის პრეზიდენტი კი იაპონიაში ტურნირის დასრულებამდე რჩება. გოჩა სვანიძეს ტოკიოში შევეხმიანეთ და ბორჯღალოსნების გამოსვლასთან ერთად, ნაკრების ახალი მწვრთნელის შერჩევაზე და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.
- როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას მსოფლიო თასზე?
- მართალია, ფიჯის ნაკრებთან ფავორიტებად არ ვითვლებოდით, მაგრამ უკეთ თამაში შეგვეძლო. სამწუხაროდ, შედეგი ლოგიკურია, რადგან მეორე ტაიმში დავუშვით საბედისწერო შეცდომა და ფიჯის ბურთი დავუთმეთ...
მთავარი ამოცანა, რაც ნაკრებს დავუსახეთ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იყო. დღეს საქართველო არ არის იმ დონის ნაკრები, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგი დაგეგმოს და პრაგმატული თამაშით მიაღწიოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა 80 წუთის განმავლობაში ვიყოთ თამაშში, რაც ვერ შევძელით. მხოლოდ ფრაგმენტულად ვითამაშეთ ის რაგბი, რისკენაც მივდივართ.
- ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ არათუ მათი დამარცხება, კუნძულელებთან თამაშიც სანატრელი გვქონდა. წლევანდელ მსოფლიო თასზე კი ფიჯი "აუცილებლად დასამარცხებელი მეტოქეების" ჩამონათვალში შევიყვანეთ... ალბათ, ამ გადამეტებული მოლოდინის ბრალიც იყო ის დიდი იმედგაცრუება, რაც ყველამ განვიცადეთ. - რამდენიმე წლის წინ გია ნიჟარაძემ თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ისეთ გუნდებთან თამაში, რომლებთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში წაგება გარდაუვალია. სწორედ მაშინ მოვუგეთ მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფ სამოას, რაც სასწაულად ჩაითვალა. გავიდა ორი-სამი წელი და სამოასთან სტუმრად ფრე ვითამაშეთ, ხოლო ფიჯი და ტონგა სულაც დავამარცხეთ. ამან გულშემატკივართა ერთ ნაწილს გაუჩინა მოლოდინი, რომ კუნძულელების ბარიერი უკვე დაძლეულია. ეს ილუზიაა! თუნდაც სენსაცია მოგვეხდინა და კარდიფში უელსთან ტესტმატჩი მოგვეგო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ "დრაკონებს" დავეწიეთ, ან სულაც გავუსწარით?! ასეთი რაღაცები ასე სწრაფად არ ხდება. ჩვენ ჯერ არ ვართ სარაგბო ერი, თუმცა ჩამოყალიბების პროცესში ვართ.
- თამაშამდეც კარგად ვიცოდით, რომ თუ ფიჯის ბურთს, სივრცეს და ოფლოუდების გაკეთების შესაძლებლობას მივცემდით, ვეღარ გავაჩერებდით. ვიცოდით, მაგრამ ვერ შევასრულეთ! პრინციპულ შეხვედრაში დიდი სხვაობით მარცხი მეტოქის კარგი თამაშის ბრალი იყო, ჩვენი შეცდომების თუ უდისციპლინობის? - ჩემს სუბიექტურ შეხედულებას გეტყვით და არ ჩათვალოთ ეს რაგბის კავშირის ოფიციალურ პოზიციად: მეტოქემ მართლაც შესანიშნავად ითამაშა, მუდმივად დომინირებდა მოედანზე. ასეთი თამაშით ფიჯის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ქართველების მცდელობა კი, თამაშში გარდატეხა შეეტანათ, ხან მსაჯის ძალზე საკამათო გადაწყვეტილებამ, ხანაც ჩვენმა უდისციპლინობამ (კრიტიკულ მომენტში ჯარიმების მიღებამ) დაასამარა. ასეთ დროს მარცხი გარდაუვალია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განმეორებით მატჩშიც იმავე სცენარს ვნახავთ.
- ტურნირის დაწყებამდე ჰეიგი ამბობდა, რომ გუნდი გაცილებით (25 ან სულაც 50%-ით) უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ოთხი წლის წინ. ეს "უკეთ მომზადება" რამეში გამოიხატა? - მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაში.
- დერეფანში რატომ ვითამაშეთ ასე ცუდად? აუტების მოწოდებისას უამრავი შეცდომა დავუშვით...
- მწვრთნელებთან ჩვენც გვაქვს კითხვები. არა მგონია, დერეფნის ასე უპირობოდ დათმობას ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. ასეთ დონეზე თამაშისას არ შეიძლება თამაშის რომელიმე კომპონენტი უბრძოლველად დაუთმო მოწინააღმდეგეს.
- ბორჯღალოსნების გასახდელში რა ხდებოდა ფიჯისა და ავსტრალიასთან დამარცხების შემდეგ? რა რეაქცია ჰქონდათ მორაგბეებს და მწვრთნელებს? - ფიჯისთან მატჩის შემდეგ ბიჭები განადგურებული იყვნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ასეთი შედეგი არ მიგვეღო. ნაკრების უკლებლივ ყველა მოთამაშემ დიდი შრომა გასწია, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება მწვრთნელებს, ვშიშობ, ინტერვიუს ფორმატი არ იქნება საკმარისი სწორი ანალიზის გასაკეთებლად.
- თუმცა ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ... - ჩვენ ზუსტად ვხედავთ მწვრთნელებთან ურთიერთობის იმ ჩარჩოს, რომლიდანაც გასვლა დაუშვებელია. სელექცია, სამწვრთნელო პროცესი და გუნდის ტაქტიკა მწვრთნელების პრეროგატივაა. მილტონ ჰეიგს კონტრაქტი 4 წლით, 2015 წლის ბოლოს გაუგრძელდა. მან წარმატებით დაასრულა 2015 წელს ინგლისში გამართული ჩემპიონატი და უფრო დიდი წარმატებით დაიწყო ახალი მოსამზადებელი პერიოდი. მაგრამ 2018 წელს გამოჩნდა სერიოზული ხარვეზები ნაკრების თამაშში. ეს ეხებოდა შერკინებასაც, რამაც რაგბის კავშირი აიძულა, მთავარი მწვრთნელისთვის მიზეზების ახსნა მოეთხოვა.
- რასაც სამწვრთნელო შტაბიდან ორი მწვრთნელის გაშვება მოჰყვა. - შერკინებას სათავეში ჩაუდგა ძალიან ავტორიტეტული და გამოცდილი მწვრთნელი. უკუსვლის პროცესი გაჩერდა და გასულ წელს, სამოასთან წაგებული პირველი ტაიმის შემოტრიალებით, ნაკრებმა დაიბრუნა სახე და განაგრძო მსოფლიო თასისთვის მზადება. მზადების დასკვნით ეტაპზე ნაკრებს დაემატნენ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით მოწვეული სპეციალისტები და გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის კონკრეტულ მეტოქეებთან თამაშებისთვის მომზადების სტადიაზე გადავიდა. საბოლოო დასკვნას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, როცა რაგბის კავშირი მოისმენს მთავარი მწვრთნელის ანგარიშსა და მის ანალიზს. თქვენ გასახდელში მწვრთნელების რეაქციაზე მკითხეთ: ბოლო მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგი ცრემლს ვერ იკავებდა... მესმის მისი და მინდა ამ ჩემპიონატზე მიღებული შედეგის მიუხედავად, მადლობა გადავუხადო. პირადად მე ახალგაზრდებს უფრო მეტ ნდობას გამოვუცხადებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა. ჩვენ ჯერ მოულოდნელი, აგრესიული და თავზე ხელაღებული შეტევით თამაშს უნდა მივეჩვიოთ და წაგების შიში დავივიწყოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოვა თამაშის გაუმჯობესება.
- თავდაპირველად მილტონ ჰეიგმა მართლაც სცადა გუნდის "სხვა რელსებზე გადაყვანა", უფრო მეტი აქცენტის ხელით თამაშზე გადატანა... თუმცა საბოლოოდ ნაკრები ისევ ძალისმიერ თამაშს დაუბრუნდა და ამ მსოფლიოზეც ძველებურად "აიღე-მიეძალეს" პრინციპს მივყევით. თუ რაქიდან ბურთის გამოტანას არ ვაგვიანებთ, მაინც გვიჭირს თამაშის გაშლა და სწრაფი შეტევა. ეს იმის ბრალია, რომ იმ თაობას, ვინც ისევ შეადგენს ნაკრების ბირთვს, უჭირს თანამედროვე, გაშლილი რაგბის თამაში? - ნაწილობრივ უკვე გავეცი პასუხი ამ კითხვას. დღევანდელი ნაკრები გამოცდილებისა და ახალგაზრდული შემართების ნაზავია. გუნდში ადგილი დაიმკვიდრეს ისეთმა პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა, როგორებიც არიან ბექა გორგაძე, გიორგი კვესელაძე, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე, ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე, მირიან მოდებაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ვანო კარკაძე, ბექა გიგაშვილი. აღარაფერს ვამბობ უკვე გამოცდილ ვასილ ლობჟანიძეზე. მომდევნო ჩემპიონატზე მათ დაემატებათ მათივე და კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის ბიჭები. ნაკრებს ასევე ეყოლება სუპერგამოცდილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მისი თაობა, რომელიც დღეს ნაკრების ბირთვს შეადგენს. აბა, მითხარით, ვის უჭირს თამაშის გაშლა და სწრაფი შეტევა? ვეტერან ხმალაძეს, რომელმაც ავსტრალიასთან ლელო შექმნა, თუ თოდუას, რომელმაც დააგვირგვინა ეს შეტევა? მათ უნდა დავუსახოთ ამოცანა, შეტევა მაღალ სისწრაფეზე და მოვუხსნათ წაგების ფსიქოლოგიური წნეხი, რაც ყველაზე მეტად აფერხებს პროგრესს.
- მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს, ვინ მიიწვიოს ნაკრებში. თქვენ არ და ვერ ჩაერეოდით, მაგრამ როგორ ფიქრობთ, შემადგენლობა ოპტიმალური იყო, თუ შეიძლებოდა გარკვეული ცვლილებებიც? - ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელთა შტაბი გადაწყვეტს, ვინ წაიყვანოს და ვინ არა. ამ წესის დარღვევა დაუშვებელია.
- საქართველოს ნაკრები ახლა უმწვრთნელოდ არის. როდის ველოდოთ გუნდის ახალ თავკაცს, ვისთან აწარმოებთ მოლაპარაკებას? - შერჩევის პროცესი დაწყებულია, ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.
- ის მაინც გვითხარით, აქცენტი უცხოელზე უფრო კეთდება თუ ქართველ სპეციალისტებზე? მით უმეტეს, ერთ-ერთი ქართველი მწვრთნელის გვარიც დასახელდა... - გვარების დასახელებას არანაირი საფუძველი არა აქვს.
- როგორ მწვრთნელს ეძებს რაგბის კავშირი? - უპირველესად, ქართულად უნდა იაზროვნოს, მოერგოს ჩვენს ტემპერამენტს. რაგბის კავშირი შეეცდება მოუხსნას ის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც მარტოოდენ გამარჯვების მოლოდინი ქმნის. ჩვენ ეს მოლოდინი უნდა დავტოვოთ ევროპის ერთა თასზე, რომლისთვისაც აშკარად "გავიზარდეთ. ტესტ-მატჩები შეძლებისდაგვარად ძლიერ გუნდებთან უნდა დაიგეგმოს, ჩვენ კი რეიტინგში დაქვეითებაზე კი არა, შეტევაზე უნდა ვიფიქროთ.
- რამდენიმე წლის წინ მოლაპარაკებას აწარმოებდით კლაივ ვუდვორდთან (ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც 2003 წელს ინგლისს მსოფლიო თასი მოაგებინა და ამისთვის რაინდის წოდება მიიღო. - რ.შ.). ამჟამადაც ხომ არ ფიქრობთ რომელიმე მასავით სახელგანთქმული სპეციალისტის გადმობირებას? - სახელგანთქმულობა არ არის საქართველოს ნაკრებში წარმატების გარანტია.
- მომდევნო მსოფლიო თასის საგზური ვერ გავინაღდეთ და ახალ სამწვრთნელო შტაბს საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს ბრძოლა საფრანგეთში მოსახვედრად. მოტივაციის თვალსაზრისით, ეს უკეთესი ხომ არ იქნება? - არა მგონია, უკეთესი იყოს ან უარესი. საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
- სანაკრებო კარიერა დაასრულეს მამუკა გორგოძემ, გიორგი ნემსაძემ, დავით კაჭარავამ და სხვებმა, ხომ არ გეგმავთ მათთვის გაცილების მატჩის ორგანიზებას? - ვეტერანებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაგბი გამოცდილთა თამაშია. თქვენ მიერ ჩამოთვლილთა გარდა, ნაკრებიდან მიდიან თოდუა, ხმალაძე და სხვები... რაც შეეხება გორგოძეს, მამუკას ადგილზე ბევრს შეეძლო არ დაბრუნებულიყო ნაკრებში და ლეგენდად დარჩენილიყო. ამის ნაცვლად, ის როგორც ერთგული ჯარისკაცი, გიორგი ცუცქირიძის (ამ უდავოდ ძალიან ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე მორაგბის) ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს და ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწია. ეს არის დიდი სპორტსმენობისა და ადამიანობის შესანიშნავი მაგალითი. მამუკამ ადრე განაცხადა, რომ არ სურდა საქართველოს ნაკრები დამარცხებით დაეტოვებინა და ერთ მატჩს კიდევ ჩაატარებდა. ამის შესაძლებლობა მას იმ მატჩში მიეცემა, რომელსაც თავად აირჩევს.
- თქვით, რომ ეცნობით სოციალურ მედიაში გავრცელებულ მოსაზრებებსა და კომენტარებს. რას ეტყვით იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლო წლებში ვეღარ ხედავენ ნაკრების პროგრესს, უკმაყოფილო არიან რაგბის კავშირის მუშაობით, იაპონიაში ჩვენი გუნდის გამოსვლით და ა.შ.? - სოციალური მედია ცალკე ფენომენია. ვის არ შეხვდები იქ, არარსებულ თუ არშემდგარ პიროვნებებს, გურმანებსა და სპეციალისტებს, კეთილშობილ ადამიანებსა და ბოღმიან ავანტიურისტებს. შესაბამისად, მოსაზრებებიც ჭრელია. ვეცნობი იქ გამოთქმულ მოსაზრებებს იმ მიზნით, რომ არ გამოგვეპაროს ჯანსაღი კრიტიკა, გულშემატკივარს კი მადლობას ვეტყვი იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვიზრდებით, ერთმანეთის გარეშე ვერ ვიარსებებთ.
- აპირებთ მონაწილეობას წელს გასამართ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში? - როცა არჩევნები დაინიშნება, კანდიდატებიც მაშინ დასახელდება.