"პუტინის მზარეული" - ვინ არის ევგენი პრიგოჟინი და რა აკავშირებს კრემლის "ტროლების ქარხანასთან" - კვირის პალიტრა

"პუტინის მზარეული" - ვინ არის ევგენი პრიგოჟინი და რა აკავშირებს კრემლის "ტროლების ქარხანასთან"

"ფეისბუკმა" რუსეთის ფედერაციაში "ინსტაგრამის" პროფილები დაბლოკა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ "ინსტაგრამზე" შექმნილი პროფილებიდან, რომლებიც თითქოს ამერიკის მოქალაქეებს ეკუთვნოდა, ვრცელდებოდა პოლიტიკური შინაარსის პოსტები. პოლიტიკურ მესიჯებში მთავარი აქცენტი კი აშშ-ის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.

ყალბი გვერდები, რომელიც, როგორც ამბობენ, სანკტ-პეტერბურგში არსებულ "ტროლების ქარხანას" ეკუთვნოდა, მოსკოვმა ჯერ კიდევ 2016 წელს აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიყენა.

ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, "ქარხანა", რომელიც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ცდილობდა, კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

"ინსტაგრამის" პროფილების დაბლოკვის შემდეგ, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა "ფეისბუკის" წარმომადგენელმა: "ვიცით, რომ ეს რუსული ოპერაცია მიმართული იყო აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად, რომელიც საბოლოო ჯამში აშშ-ში რთულ და საკამათო პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევდა".

"ფეისბუკის" წარმომადგენლის ცნობით, "ტროლების ქარხანას" ინსტაგრამზე ჰქონდა 50 გვერდი და ერთი "ფეისბუკპროფილი", მათ ინსტაგრამზე 246 000-მდე გამომწერი ჰყავდათ, აქედან 60% ამერიკის მოქალაქე იყო.

სოციალური მედიის გიგანტის ინფორმაციით, მან ასევე შეაჩერა სამი ცალკეული ქსელი ირანიდან, რომელშიც "გარკვეული კავშირები იკვეთებოდა რუსეთის ინტერნეტკვლევის სააგენტოსთან"

მედია ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ანალიზი გაუკეთონ, როგორ მუშაობს ყველასთვის ცნობილი "ტროლების ქარხანა", რომელიც ყოვეთვის ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცვლას და იმ კუთხით ფორმირებას, რაც სურს "ტროლების ქარხნის" დამკვეთს.

ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტროლების ქარხანა რუსეთშია და ის კრემლთან დაახლოებულ რუს ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება.

ვინ არის ევგენი პრიგოჟინი?

ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი რუსეთში რესტორნების ქსელის მფლობელია. სწორედ პრიგოჟინის კომპანიები ამზადებენ წვეულებებზე სადილსა თუ ვახშამს სახელმწიფო პირებისთვის, მათ შორის კი თავად ვლადიმირ პუტინისთვის. დროთა განმავლობაში ის რუსეთის პირველ პირს დაუახლოვდა და საზოგადოებაში ბიზნესმენს ზედმეტსახელი "პუტინის მზარეული" შეარქვეს.

რუსული გამოცემების მიხედვით, პრიგოჟინი სანკტ-პეტერბურგის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშიც მოხვდა.

"პუტინის მზარეული" მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მაშინ მოექცა, როცა ამერიკელი პროკურორი რობერტ მიულერი მოხსენებაში საუბრობდა, რომ პრიგოჟინი ერთ-ერთი ის რუსი ბიზნესმენია, რომელიც ცდილობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. მის სახელს უკავშირდება კერძო სამხდრო კომპანიის "ვაგნერის" და ფირმა "ინტერნეტ-გამოძიების" დაფინანსება, ეს უკანასკნელი საზოგადოებისთვის "ტროლების ქარხნის" სახელითაა ცნობილი.

მაშინ, როცა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ღიად დაიწყეს საუბარი, რომ სანკტ-პეტერბურგში არსებული "ტროლების ქარხანა" აქტიუად ცდილობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, სამართალდამცავებმა რამდენიმე "ტროლიც" დააკავეს.

ისინი საუბრობდნენ, რომ დავალებული ჰქონდათ საინფორმაციო საშუალებების გავრცელებულ ნიუსებზე კომენტარები დაეწერათ და შემდეგ სხვადასხვა ფორმით გაევრცელებიათ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი "ტროლის" ჩვენებაში კი ისიც იყო ნათქვამი, რომ "ტელეგრამზე" ხშირად "ტროლები" გამოგონილ და დამახინჟებულ ისტორიასაც ავრცელებდნენ.

"ამერიკის ხმასთან" რუსი ჟურნალისტები საუბრობენ, რომ პრიგოჟინის "ტროლების ქარხანა" არ არის მხოლოდ პრობლემა ამერიკის წინააღმდეგ, ეს საფრთხეს უქმნის თავად რუსეთს, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. გარდა ამისა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის არჩევნების შემდეგ, "ტროლების ქარხანა" ბუნდესტაგის არჩევნებზე ღიად გადაერთო, თუმცა გერმანიას გაუმართლა - სწორედ ამ პერიოდში შეიმუშავა "ფეისბუკმა" სხვადასხვა ხერხი და დაბლოკა ტროლების ყალბი პროფილები.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ "ტროლების ქარხნის" წარმომადგენლები - "უხილავი ფრონტის მებრძოლები" კრემლისგან ფინანსდებიან.

საინტერესოა ისიც, რომ სანკტ-პეტერბურგელი რესტორნების ქსელის მეპატრონე პუტინთან დაახლოებას ყველა გზით ცდილობდა. ამბობენ, რომ მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციის პირველი პირი ვლადიმირ პუტინი სილვიო ბერლუსკონის შეხვდა, რესტორანში პოლიტიკოსების საიდუმლო საუბარი მოისმინა პროგოჟინის რესტორნის თანამშრომელმა და ეს ინფორმაცია ბიზნესმენს მიუტანა.

ამ ფაქტზე პრიგოჟინი სამართალდამცავებმა დაკითხეს, კითხვაზე, რატომ აგროვებდა ის პუტინზე ინფორმაციას, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ მომავალში მემუარების დაწერისას გამოიყენებდა. ამის შემდეგ პრიგოჟინი სხვა გზით ცდილობდა პუტინისთვის დაემტკიცებინა, რომ ის "საჭირო" ადამიანი იყო. 2011-2012 წლებში, როცა რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, ბიზნესმენმა დააფინანსა НТВ-ზე დოკუმენტური ფილმი "პროტესტის ანატომია" და სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ჩაერთო ის კრემლის საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და PR-ში.

ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტის ვერსიით, ის გარდა ამ საინფორმაციო ომისა, ჩართული იყო კრემლის კულუარებში მიმდინარე დაპირისპირებაში. მისი დაფინანსებით გამოიცა პუბლიკაციები - ბლოგები და სატირული ანიმაციები რუსეთის ექსპრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ.

საბოლოო ჯამში, პრიგოჟინმა მოახერხა და მოიპოვა ვლადიმირ პუტინის ნდობა...

(სპეციალურად საიტისთვის)