"წყალი არ იყო, მარაგი გველეოდა და წვეთებს "დავსდევდით" - ასხის ქვაბული ექსტრემალური ტურიზმისთვის - კვირის პალიტრა

"წყალი არ იყო, მარაგი გველეოდა და წვეთებს "დავსდევდით" - ასხის ქვაბული ექსტრემალური ტურიზმისთვის

ქვაბული, რომელზეც დღეს გიამბობთ, ადამიანის ხელით არის შექმნილი და ლეჩხუმში, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 800 მეტრზე მდებარეობს. იგი ასხის მთის ერთ-ერთ მიუვალ ქვაბულად მიიჩნევა.

და მოგზაურმა რეზო შალიბაშვილმა მითხრა, რომ მასზე ინფორმაციას ვერც ისტორიულ წყაროებში მიაკვლია და ვერც - თანამედროვეში. 1986 წელს სწორედ რეზოს თაოსნობით შევიდნენ მისივე დაარსებული კინომოგზაურ-მკვლევართა ჯგუფ "ხომლის" წევრები ხვამლის მთის განძსაცავში, სადაც 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოწყობილი ცნობილი არქეოლოგიური ექსპედიცია იმყოფებოდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სოფელ ზუბში ძველმა ნაცნობმა, გოგიტა არჯევანიძემ ცხენი გვათხოვა და მოკლე გზით გასასვლელად თავისი ვაჟი რომეო გამოგვაყოლა. ცხენით ბარგის გარკვეულ მანძილზე წაღებამ ძალები დაგვიზოგა, მერე ცხენი ვეღარ ივლიდა და ჩვენ მოვიკიდეთ ტვირთი. გზა გაუვალი იყო, უბილიკო, ეკალბარდებით, დაღმა - ციცაბო ფერდობით, ჩანჩქერებით, აუარებელი ბუზით და... ერთ ჩანჩქერზე გადასვლისას მამნეც მოწყდა კლდიდან... მადლობა ღმერთს, მას არაფერი დაუშავდა, მაგრამ მთავარი ფოტოაპარატის ობიექტივი კი ექსპედიციას "გამოეთიშა". ასე ჩავაღწიეთ მდინარე კვერეშულამდე. იქვე დავბანაკდით. საკარვე ადგილი არსად იყო, ამიტომ ღამე გავათიეთ გახსნილი ვიწრო ხეობის თავზე, ვარსკვლავებს შორის, სადაც, გეგონებოდა, თანამგზავრები ცარიელი ტაქსებივით დაბორიალობენო".

"დილიდან ავიბარგეთ და მთის ცივი და ჩქარი მდინარის მეორე ნაპირზე გადავაღწიეთ, სამ საათს ვეძებდით ბილიკს და მაინც ვიპოვეთ. ავუყევით დამღლელ აღმართს, გავაღწიეთ მხრებამდე ბალახიან, ეკალ-ჭინჭრიან მდელოზე, კაფვა-კაფვით გავიარეთ და დასუსხულები, დაკაწრულები და დიყისგან შხამდაყრილები ლოდების მონაკვეთზე გადავედით. შემდეგ კლდის ფერდობის ძირთან და სულისმოსათქმელ წყარომდეც მივაღწიეთ. 220 მეტრში მოსჩანდა ქვაბული, წინ ციცაბო ნაშალი და ციცაბო ფერდობი, შვეულკლდოვანი. მოსაღამოვებულზე მიზნამდეც მივედით. საერთოდ, მთავარია, პირველი კაცი სინათლეში შევიდეს ქვაბულში და დანარჩენს ღამეშიც მოაგვარებ... ასე, მთვარისა და ფანრების შუქზე გადავაბიჯეთ ნაშენი ქვაბულის ზღურბლს".

"ქვაბულში ბანაკად ყოფნა გაგვიჭირდა. დაზვერვით ექსპედიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იქ ყოფნისას ეს არ გვიგრძნია, რადგან კართან ტემპერატურა პლუს 10 გრადუსს ზემოთ არ ადიოდა, არადა, თურმე, შიგნით 5 გრადუსი იყო. უკვე მესამე დღეს სიცივე შემაწუხებელი გახდა. კარს მზე ადგა, მაგრამ შიგნით ძალიან ციოდა, ჩვენ კი შესაბამისი სამოსი არ გვქონდა. გარდა ამისა, წყალი არ იყო, მარაგი გველეოდა და წვეთებს "დავსდევდით". მერე გაავდრდა კიდეც და აპარატურის დამუხტვაც გაგვიჭირდა - მზეც აღარ იყო, მზის ელემენტით რომ დაგვემუხტა. მიუხედავად ამისა და არსებული საშუალებებისა, მაინც კარგი ვიდეომასალა მოვაგროვე".

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 25 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ირმა ხარშილაძე