ქუთ-აისი ქართული ელექტრომობილებისთვის
"ელექტრომობილების საწარმოს ქუთაისში აშენება ადგილობრივი ავტოწარმოების ტრადიციებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველად აშენდება ელექტრომობილების ამწყობი საწარმო, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება"
მომავალი წლიდან ქუთაისი ოფიციალურად დაიბრუნებს ავტომშენებელი ქალაქის სტატუსს, თანაც უძველესიდან პირდაპირ სუპერთანამედროვეზე გადაერთვება და დაიწყებს როგორც ჩინური, ისე სრულად ქართული, ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილების წარმოებას წარწერით: Made in Georgia! კომპანია "აიგრუპი" ქუთაისში 100 ჰა ფართობზე აშენებს ინდუსტრიულ კომპლექსს, სადაც ელექტრომობილების საწარმოს გარდა, იმუშავებს მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. ყველა მათგანის ამუშავების შემდგომ კომპლექსში 3000-მდე კაცი დასაქმდება და როგორც კომპანიაში ამბობენ, 100% ადგილობრივი მცხოვრები იქნება! ელექტრომობილების საწარმოს აშენება გასულ კვირას დაიწყო და კომპანია "აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანთან ინტერვიუც ამაზე ლაპარაკით დავიწყეთ:
- ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ გასულ კვირას ავტომშენებლის ქუჩაზე, ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე, უკვე დაიწყო მუშაობა.
ელექტრომობილების საწარმოს ქუთაისში აშენება ადგილობრივი ავტოწარმოების ტრადიციებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. ამ მასშტაბის საწარმო აუცილებლად შეუწყობს ხელს რეგიონის განვითარებას.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველად აშენდება ელექტრომობილების ამწყობი საწარმო, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პროექტის თანახმად, ქარხანა ოთხი მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებს. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით: Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.
- ელექტრომობილების საწარმო ინდუსტრიული კომპლექსის მხოლოდ პირველი პროექტია. კომპლექსი კიდევ რა საწარმოებს გააერთიანებს?
- იქნება მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. შედეგად, ინდუსტრიული კომპლექსი, სადაც 3000-მდე კაცი დასაქმდება, რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა. საბედნიეროდ, ქუთაისს აქვს პროექტისთვის აუცილებელი სპეციალისტების რესურსი. უკვე მოვძებნეთ ინჟინრები, შემდუღებლები, საწარმო ხაზების სპეციალისტები და მენეჯერები, რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტს.
საწარმოო პროცესების პარალელურად, იგეგმება საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები. ვაპირებთ გავხსნათ ტექნიკური კოლეჯიც, სადაც ახალგაზრდები ავტოწარმოების სპეციალობებს დაეუფლებიან.
- სექტემბერში ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წარდგენილი ელექტრომობილი ბევრმა ქართულის პროტოტიპად ჩათვალა. - სამეცნიერო პიკნიკის ეგიდით წარვადგინეთ ელექტრომობილის ის მოდელი, რომელიც ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოში აეწყობა. ის სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ჩინეთიდან, რათა ჩავრთოთ ჩვენი ელექტრომობილების გაზიარების სერვისში "აიქარი". გვინდა მომხმარებელმა გამოცადოს "ჩანგანის" მოდელი "EADO", რომლის წარმოებასაც ადგილობრივად ვთავაზობთ.
- ახალი ქართული საავტომობილო ბრენდის დიზაინზე ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია მუშაობს. როდისთვის უნდა ველოდოთ ახალ მოდელს და დასახელებას? - ზვიად ციკოლიას დიზაინს მოსახლეობა წარმოების დაწყების შემდგომ იხილავს. ამ ეტაპზე ზუსტ თარიღს ვერ ვასახელებთ, ისევე როგორც ბრენდის სახელწოდებას, რომელიც ჯერ მუშავდება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრენდს ერქმევა "ორვო", რაც ძველ კოლხურად "რვას", "უსასრულობას" ნიშნავს. მართალია? - "ორვო" არა ავტომანქანის, არამედ ქარხნის სახელწოდების ერთ-ერთი ვარიანტია. ამ ვერსიის ავტორია ჩვენი ბრენდდირექტორი გიგა ხატიაშვილი.
- ქართული წარმოების პირველმა ავტომანქანამ მზის სინათლე უკვე 2020 წელს უნდა იხილოს. ამ ვადაში ლაპარაკია მხოლოდ ჩინური კორპორაცია "ჩანგანის" სამოდელო რიგის ავტომობილების ქუთაისში წარმოებაზე, თუ პირველ ქართულ ელექტრომობილსაც გაისად ვნახავთ? - თავდაპირველად წარმოებაში ჩაეშვება "ჩანგანის" მოდელები, პარალელურად კი დაიწყება მუშაობა იმ ელექტრომობილზე, რომელსაც ზვიად ციკოლია შემოგვთავაზებს.
- ელექტრომობილების საწარმოს სრულად დატვირთვის შემდგომ ინდუსტრიულ კომპლექსში დასაქმებულთა რაოდენობა 3000-ს მიაღწევს. დაახლოებით რამდენი პროცენტი იქნება ადგილობრივი? - 100%! "ჩანგანთან" გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ჩინური მხარე მხოლოდ ტექნოლოგიებს მოგვაწვდის. ასე რომ, ჩვენი კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი გახდება რეგიონში.
- წლიურად 40 000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავთ. აქედან ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. დარწმუნებული ხართ, რომ ქართული წარმოების ავტომანქანები კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ ავტომობილებს, რომლებიც მეორადია და შესაბამისად, ნაკლებფასიანი? ქართული ბრენდის მოდელები ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი? - ვამუშავებთ ლიზინგის სისტემას, რომელიც საქართველოში წარმოებულ მანქანებს ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომს გახდის.
- იგეგმება ოთხი სხვადასხვა კლასის ელექტრომობილის წარმოება. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ მათი მახასიათებლები?
- ჩვენი ელექტრომობილები ადაპტირებული იქნება ადგილობრივ პირობებზე და ქართულ გზებზე შედარებით მსუბუქად გაივლის. დასაწყისისთვის გამოვუშვებთ EADO-ს სედანს და ჰეჩბექს, რომელთა გამავლობა ერთ სრულ დამუხტვაზე 450 კილომეტრია, თუმცა ტექნოლოგიური დახვეწის შედეგად მონაცემები ყოველწლიურად გაიზრდება. გარკვეული დროის შემდეგ დავამატებთ შედარებით მცირე, A-კლასის მოდელს, რომლის გამავლობა 250 კილომეტრია. ასევე, BENNI-ს ახალ მოდელს გაორმაგებული ძრავითა და გაძლიერებული ბატარეით. ვაპირებთ ჯიპების წარმოებასაც CS55 EV Jeep და CS15 EV Jeep), რომლებიც ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის დაფარვას შეძლებენ!
- რაც შეეხება ღირებულებას... - ფასი ჩამოყალიბდება ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე. იარსებებს ლიზინგის სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სეგმენტის ინტერესების დაკმაყოფილებას.
ადგილზე წარმოებულ ავტომობილებს ექნებათ 3-5-წლიანი გარანტია, ელექტრომობილის ელემენტებს - 8-წლიანი! ამასთან, ჩვენს ავტომობილებს სხვადასხვა ქალაქში სრული მომსახურება ექნებათ. აღნიშნული მოდელების რეალიზაცია პირველი ეტაპისთვის საქართველოში მოხდება, უახლოეს წლებში კი საექსპორტო გაყიდვებიც იგეგმება.
- როგორ ფიქრობთ, 2020-2021 წლებისთვის, როცა თქვენი საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება, რა ვითარება იქნება საქართველოში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით? ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა კარგია, მაგრამ დასამუხტი ინფრასტრუქტურისა და სერვისის განვითარებაც აუცილებელია. ამ მიმართულებითაც იმუშავებთ? - "აიგრუპის" ერთ-ერთი კომპანიაა "აიენერჯი", რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. "აიენერჯი" ამონტაჟებს ელექტროგასამართ სადგურებს დიდ ქალაქებში.
დაგეგმილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით არსებულ გზებზე ელექტროგასამართი წერტილების შექმნა. იმ დროისთვის, როცა პირველი ელექტრომობილების პარტია გამოვა, ეს ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული.
- პარლამენტის ქუთაისში გადატანამ ვერ მოიტანა ისეთი შედეგი, რასაც ელოდნენ. იმედია, ახალი ინდუსტრიული კომპლექსი ბევრად მეტი სარგებლის მომტანი იქნება და გაცილებით მეტ ბიძგს მისცემს როგორც ერთი კონკრეტული ქალაქის, ისე მთელი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებას. - ვფიქრობ, ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა გარდამტეხი იქნება რეგიონისთვის. როგორც აღვნიშნე, პირველ ეტაპზე 300, შემდგომში კი 3000-მდე კაცის დასაქმებას ვგეგმავთ. უახლოესი გეგმაა ტექნიკური კოლეჯის დაარსება ჩვენი საწარმოებისთვის კადრების მოსამზადებლად და გადასამზადებლად.
ელექტრომობილების ამწყობი ქარხნის გარდა, აშენდება სხვადასხვა საწარმო, რომლებიც მანქანათმშენებლობას განავითარებს. ვგეგმავთ სხვა ეკოპროექტებსაც და ამისთვის საწარმო ბაზის შექმნას. ინდუსტრიული კომპლექსი რამდენიმე წელიწადში რეგიონის უმნიშვნელოვანესი ჰაბი იქნება.
- როგორია ქუთაისელების მოლოდინი?
- მოლოდინი დიდია. ეს კარგად გამოჩნდა ზაფხულში ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე. უამრავი ხალხი მოვიდა და მას მერეც მუდმივად გვეკითხებიან, როდის ვიწყებთ, როდის დაიწყება კადრების შერჩევა და ა.შ. ასეთი განწყობა გვახარებს და სტიმულს გვმატებს. თუმცა პასუხისმგებლობაც დიდია - საკმაოდ ამბიციური პროექტია და იმედი უნდა გავამართლოთ.
- რამდენიმე სიტყვა გვითხარით თქვენი უკვე წარმატებული პროექტ iCar-ის შესახებაც. - უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "აიქარი" წარმატებული კომპანიაა. ჩვენ ქვეყანაში შემოვიტანეთ სიახლე, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა ძალიან სწრაფად აიტაცა. ეს არის ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც აბსოლუტურად ეკოლოგიური პროექტია და ემსახურება სუფთა გარემოს, მანქანების რაოდენობის შემცირებას დიდი ქალაქების ქუჩებში და ამით მოძრაობის განტვირთვას. იმავდროულად, მომხმარებელს აძლევს როგორც არჩევნის თავისუფლებას, ასევე მობილურობას და ათავისუფლებს ისეთი ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან, როგორიც არის, მაგალითად, ავტომანქანის რეცხვა, მოვლა, ხელოსნებთან ვიზიტები, პარკირების პრობლემა და ა.შ. "აიქარის" იდეა სწორედ ამაშია, იყავი თავისუფალი და ამავე დროს მობილურიც. გვიხარია, რომ შეგვიძლია ადგილობრივ მომხმარებელს შევთავაზოთ ბიზნესი, რომელიც დიდ მიზნებს ემსახურება.
- "წარმოებულია საქართველოში" - ეს სიტყვები მხოლოდ კონკრეტულ ბიზნესპროექტს არ ნიშნავს - ეს საქართველოს კიდევ ერთი "სავიზიტო ბარათი" იქნება. გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? - ცხადია, უდიდესი პასუხისმგებლობაა შექმნა პროდუქტი, აწარმოო, გაიტანო ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შემდეგ თავი მოიწონო მსოფლიოში. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ამ პროექტით ვასახელოთ ქვეყანა. "დამზადებულია საქართველოში" უნდა გახდეს ბრენდი და ქვეყანას სახელი გაუთქვას.
ქუთაისის საავტომობილო ქარხანა
1945 წლის 6 მაისს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო დადგენილება საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისში საავტომობილო ქარხნის აშენების შესახებ. საავტომობილო ქარხნის აგება ხელს შეუწყობდა ამიერკავკასიაში ავტოტრანსპორტის განვითარებას და დააჩქარებდა ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას... დაიგეგმა, რომ ქუთაისის საავტომობილო ქარხანა გამოუშვებდა ღFP-150 ტიპის 3,5-ტონიან სატვირთო ავტომანქანებს, წლიურად 30 ათასს, ყოველდღიურად 100 ერთეულს...
ქუთაისის ავტოქარხანა მეტალურგიულ მუშაობასაც ეწეოდა - აღჭურვილი იყო მსხვილი კომპლექსური სიმძლავრეებით. მას ჰქონდა უნიკალური ჩარხ-დანადგარები, რომელთა ანალოგი კავკასიაში არ იყო. ისინი ოთხმოცდაათიან წლებში გაიტანეს და გაყიდეს საზღვარგარეთ.
ქუთაისის ავტოქარხანაში შეიქმნა სერიული თუ ექსპერიმენტული ავტომანქანები, სამხედრო ტექნიკა - ჯავშანტრანსპორტიორები.
საავტომობილო ქარხნის წარმატება გრძელდებოდა წლების განმავლობაში, სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა. მისმა დაშლამ ჯაჭვური სისტემის ეკონომიკისა და მრეწველობის მოშლა და რესპუბლიკაში მოქმედი ყველა დიდი საწარმოს, მათ შორის საწარმოო გაერთიანება "ქუთაისის საავტომობილო ქარხნის" გაჩერება გამოიწვია. 1993 წელს ქარხნის ვალმა 2 ტრილიონ კუპონს მიაღწია, სახელფასო დავალიანება კი 250 მილიარდს შეადგენდა.
2011 წლის ოქტომბერში საწარმო ლიკვიდირებულად გამოცხადდა.
ქუთაისის ყოფილი ავტოქარხანა რამდენიმე ქართული ფილმის გადაღების ადგილი გახლდათ, მათ შორის შოთა მანაგაძის ფილმისა "საბუდარელი ჭაბუკი".