"მეუფე იაკობი თავის სამარცხვინო და სჯულის კანონიდან ამოვარდნილ საქციელზე არასდროს არ დასჯილა და მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ" - კვირის პალიტრა

"მეუფე იაკობი თავის სამარცხვინო და სჯულის კანონიდან ამოვარდნილ საქციელზე არასდროს არ დასჯილა და მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ"

მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მეუფე პეტრეს უარყოფს მეუფე იაკობის განცხადებას, მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანცელარიის შენობაში არასდროს ყოფილა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის ამ არაფხიზელ მდგომარეობაში ბოდვაზე მიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ. მე პირადად, ცხოვრებაში ვერ გავიხსენე ვერც ერთი შემთხვევა, რომ ფიზიკურად ნამყოფი ვიყო საქართველოს კანცელარიის შენობაში. არც ერთხელ და რაც შეეხება ხელისუფლების შეთქმულებას, მე მინდა გითხრათ, როგორც თავიდან ვამბობდი, ციანიდის სკანდალი და საქმე არის, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო, საქართველოს საპატრიარქოს მავნებლური ჯგუფის მიერ, რომელთაც ასევე, ხელისუფლება ჩაითრიეს ამ სკანდალში და დააშვებინეს გამოუსწორებელი შეცდომა. როგორც ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, ციანიდის საქმე არის დამოკლეს მახვილი ეკლესიისთვის, მე დავამტებდი, რომ ის არის დამოკლეს მახვილი ეკლესიისა და ხელისუფლებისათვის. ამიტომ, ძალიან მივესალმები ამ ლუსტრაციას, რაც ღმერთმა დაუშვა დღეს ქორეპისკოპოსის სახით, მაგრამ მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც ამ ზაფხულს ბოდბეში ტაძრის კურთხევის დროს აიყვანა ხარისხში, დააჯილდოვა და განაცხადა, რომ მეუფე იაკობი გამოირჩევა თვითნებობით, ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ის ჩემს დავალებას ასრულებსო", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, ასევე, მეუფე იაკობის ეს უპასუხისმგებლო განცხადება მიაჩნია პატრიარქის პასუხისმგებლობად.

"მიმაჩნია, რომ პატრიარქის დავალების შესრულება იყო მისი ეს გამოხტომა. სრულიად ვადანაშუაულებ პატრიარქს მეუფე იაკობის საქციელზე და მის არსებობაზე საქართველოს ეკლესიაში, მიუხედავად იმისა ,რომ ჩემი აღკვეცილია და მღვდლად ჩემი ნაკურთხია. მეუფე იაკობი თავის არაადეკვატურ, სამარცხვინო და სჯულის კანონიდან ამოვარდნილ საქციელზე არასდროს არ დასჯილა და მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ.

მე უარვყოფ, რა თქმა უნდა, არანაირი შეხვედრა არ ყოფილა კანცელარიაში. ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონია და მქონდა შეხვედრა, გვისაუბრია, მათ შორის, ციანიდის სკანდალზეც და მითქვამს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და სჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპით რომ ემოქმედათ. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრას ვიხსენებ, პირველი ინსტანციის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომდე, რომ მე მათ ვურჩიე, რომ იქნებ მოიხსნას ზეწოლა სასამართლოზე და სასამართლოს მისცეთ უფლება, მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილება ანუ ადამიანი აღიაროს, როგორც ის არის სინამდვილეში უდანაშუალო და ამით ხელისუფლებაც გათავისუფლდება და ეკლესიასაც ბევრი პრობლემა მოეხსნება და ვწუხვარ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას.

მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა. მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა.

"ინტერპრესნიუსი"