ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევენ.

ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ერთ ბიულეტენს იღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად; ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.

მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატები არიან: ლაგოდეხში: მალხაზ მელაშვილი - "ევროპული საქართველო", დავით ბეგლარიშვილი - "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", ომარ შველიძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". ადიგენში: ზურაბ ფეიქრიშვილი - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". მარტვილში: რობერტ კაკულია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

"ინტერპრესნიუსი"