"ჩემმა ყვავილებმა აიწყვიტეს და გაგიჟდნენ" - კვირის პალიტრა

"ჩემმა ყვავილებმა აიწყვიტეს და გაგიჟდნენ"

"მიყვარს ყვავილების დათესვა, თესლი არასდროს მიყიდია, მსიამოვნებს, თვითონ რომ მოვიპოვებ, ვაშრობ, ვინახავ და მერე ვთესავ"

"სამსახურიდან შინ ღამის 11 საათზე მოსული, საოჯახო საქმეებს რომ მოვრჩები, ბოლოს ჩემს ყვავილებთან ვინაცვლებ, აივანზე, და შინ უკვე იციან, რომ იქ უნდა მიპოვონ. თითქოს ძილის წინ რიტუალი მაქვს, რომ ჩემს ქოთნის ყვავილებს დავხედო, რომელთა შეგროვება და მოვლა-პატრონობა 6 წლის წინ დავიწყე", - გვეუბნება ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი, რომელსაც მაყურებელი წლების განმავლობაში "დილის გადაცემით" იცნობდა, დღეს კი გადაცემის "პირველამდე" წამყვანი და მთავარი პროდიუსერია. უზომოდ უყვარს მცენარეები და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ნინო არაზაშვილი სწორედ ამ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

- ქოთნის ყვავილები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ როცა დედაჩემთან ვცხოვრობდი, ფანჯრები დასავლეთის მხარეს იყო და მოგეხსენებათ, რა ძნელია იქ რამის გახარება, მწველ მზეზე. ახლა ჩემი აივანი ბაგებში ჩრდილო-დასავლეთის მხარესაა და მზის სხივები ჩემს მცენარეებს ძალიან სწყალობს. როცა მინდა ვინმეს ყვავილები ვაჩუქო, ქოთნით ვჩუქნი, რომ მასზე იზრუნოს. მიყვარს ყვავილების დათესვა, თესლი არასდროს მიყიდია, მსიამოვნებს, თვითონ რომ მოვიპოვებ, ვაშრობ, ვინახავ და მერე ვთესავ.

ყვავილობა "უვადოდ"

ყველა ყვავილს დათესვის თავისი პერიოდი აქვს. თუმცა ვარღვევ ვადებს და ხშირად შეუფერებელ სეზონზე ვთესავ.

რაკი ზამთარში აივნიდან მაინც სახლში, სითბოში უნდა შემოვიტანო, ამიტომ ნებისმიერ დროს ვთესავ, რათა სახლში მუდმივად რაღაც ყვაოდეს.

ეზოში აღმოვაჩინე, რომ ვიღაცას გულყვითელა დაურგავს. ძალიან ლამაზი ფორთოხლისფერი ყვავილები აქვს. ყოველ გავლა-გამოვლაზე ვაკვირდებოდი, როგორ დაჭკნა, როგორ გაიკეთა თესლი. მერე პეშვი შევუშვირე, გადმოვყარე, გავაშრე და სულ ერთი კვირის წინ ჩავყარე მიწაში. უკვე ამოყელყელავდა და ვეფოფინები. პატარა ბინა მაქვს და უკვირთ, ამდენი ყვავილი როგორ გაქვს სახლშიო. ამასობაში ვისწავლე, როგორ გავაკეთო სათბური. ყვავილების ნაწილს აივანზე ვტოვებ, მაგრამ სათბურს ვუკეთებ. ბაგებში ყოველთვის 2 გრადუსით გრილა, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ამ სხვაობის გამო ჩემი ქოთნის ყვავილები უფრო ადრე შემაქვს სახლში, ყინვამ ნოემბერში რომ დაარტყას და მომიყინოს? ამიტომ ამ სეზონზე ვფრთხილობ. აივანიც მოზრდილია და სივრცე მაძლევს საშუალებას, რომ იქ ზამთარში სათბური მოვაწყო.

სათბური

სათბურისთვის ცელოფანს ვყიდულობ, მეტრობით იაფია, 2 მეტრი 5 ლარამდე ჯდება და ყველა ქოთანს ჰყოფნის, რომელზეც ორ ფენად უნდა გადავაკრა. აივნის გრძელ ქოთნებში საყრდენს (ხის ან პლასტმასის) ჩავასობ შუაში, მოვრწყავ მცენარეებს და ზემოდან ცელოფანს გადავჭიმავ. გარშემო თოკით ვკოჭავ, სარტყელს ვუკეთებ ან სკოჩითაც მიცდია, ასე კიდევ უკეთესია. ამგვარად შიგნით ჰაერი თითქმის არ შედის. შეიძლება ერთ-ორ ადგილას ნასვრეტები გავუკეთო საჰაეროდ. შიგნითვე ხდება ნესტის აორთქლებაც და კონდიცირებაც. არანაირი მორწყვა არ სჭირდება. ასე გამოვაზამთრე "ივან და მარია", სამფერა იებს რომ ეძახიან.

იების ფერები

ია მიწიდან თავს რომ ამოყოფს, უკვე შემიძლია სათბურში გადავიტანო და მთელ ზამთარს დავტოვო. თუ ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისში დათესავ, მაშინ ნოემბერ-დეკემბერში ამოვა. ვთესავ სექტემბერ-ოქტომბერშიც. გაზაფხულზე ცელოფანს რომ გადავხსნი, უკვე კარგად ყვავის.

იები სულ 11 ფერის მაქვს. ზოგი ნაყიდია, ზოგი მაჩუქეს, ზოგი თესლით მოვიპოვე და თვითონ გავახარე. სათბურის ასე გაკეთება კი არავის უსწავლებია, თვითონ მივხვდი, რომ ასე შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

სუკულენტები და ჭორიკანები

როგორც ჟურნალისტმა, დიდხანს ვითანამშრომლე სუპერპროფესიონალ ზურა შევარდნაძესთან და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი მარტივი სიკეთე, რაც მახსოვს, ასეთია - ვისაც დიდი დრო არა აქვს, სუკულენტების გახარება ადვილია. ეს ფართო და მსუქანფოთლოვანი მცენარე იმდენ წყალს ინახავს, რომ მორწყვაც ნაკლებად სჭირდება. საერთოდ კი, როცა ქალაქიდან გავდივართ, 10 დღეში ერთხელაც რომ შემოვიაროთ სახლში მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრმა, ყველამ იცის, რომ მცენარეები უნდა მორწყას. სუკულენტების ბაღები მაქვს გაკეთებული. ჭორიკანას ტიპის მცენარეები სხვადასხვა ადგილას მოვიპოვე, მაქვს მუქი მწვანე, იასამნისფერი, რომელიც თვითონ დავაფესვიანე, ასევე მწვანე თეთრი ზოლებით და ბადრიჯნისფერი თეთრი ზოლებით. ერთ ქოთანში რომ გაიზარდა, სხვადასხვა ფერის ფოთოლი რომ გადმოეკიდა, ერთმანეთს შეერია, სიგრძით 3 მეტრი გახდა, საოცარი სანახავია. მოკლედ, აიწყვიტეს და გაგიჟდნენ.

დაბრუნება ბავშვობასთან

მეოთხე თაობის თბილისელი ვარ დედით და მამით, სოფელი არა გვაქვს. ბაბუამ ადრევე ჩემს სახელზე კახეთში, ბაკურციხეში მიწა იყიდა პატარა სახლით. ნაკვეთი პატარა არ არის, ყველანაირი ხეხილი ხარობს. იქ ბავშვობაში ვისვენებდით. მახსოვს, ბაბუაჩემმა, ქალაქელმა კაცმა, ჩემ თვალწინ ისწავლა მიწაზე მუშაობა. მეტყოდა, ახლა დავბარავ და შენ დათესეო. მეც ვთესავდი სიმინდს, ლობიოს... პატარას მალე მბეზრდებოდა და მეტყოდა: თუ არ ჩაყრი, ისეთი მოსავალი არ გვექნება, შარშან რომ გვქონდა, ხომ გახსოვს, სიმინდი რომ მოგიხარშეო. მოკლედ, მცენარეებთან ურთიერთობა ბავშვობაში მაბრუნებს. ამასთან ერთად, საოცარ შვებას ვგრძნობ. მაქვს ნიჩაბი, ხელთათმანები, სულ ვცდილობ, გადავრგა, გადმოვრგა, ვხვდები, მცენარეს როდის რა სჭირდება, მათ შორის, ნიადაგის გამოცვლა. თუ კარგად არ განვითარდა მიწის ზევით, შესაძლოა ფესვი იყოს ძალიან განვითარებული და ჩაგრავდეს მიწისზედა ნაწილს.

ყვავილები და სამეზობლო

მომწონს, როცა ჩემი შვილებიც აკვირდებიან, სახლის ამ ესთეტიკურ ნაწილზე ჩემს ზრუნვას. მიყვარს და მივესალმები, ადამიანს რომ მიწასთან, ცხოველებთან აქვს შეხება. ჩემს კორპუსში 200-ზე მეტი ოჯახია. აქ იმ დღიდან ვცხოვრობ, რაც ოჯახი შევქმენი სანდრო ონოფრიშვილთან ერთად, ყვავილები გადავიტანე და ახალი მცენარეებიც მივამატე... ყვავილებს ვრწყავდი და ვიგრძენი, რომ წყალი ქვემოთ ჩადიოდა. მეზობელი დავინახე, ქვედა სართულიდან იყურებოდა - ბოდიში, ხომ არ ჩამომესხა წვეთები, ყვავილებს ვრწყავდი-მეთქი. ოღონდაც ყვავილები მოაშენეთ, ამ კორპუსში თითქმის არავის აქვს და მაგ წვეთებს ავიტანო. მართლაც ცოტა ოჯახს ჰქონდა ყვავილები.

მერე ერთმა ქალმა საჩუქრად შესანიშნავი სუკულენტების ბაღი გამომიგზავნა. ერთხელაც ბინიდან გამოვედი და სადარბაზოში პალმა დამხვდა, ოღონდ მიწიანად და უქოთნოდ. არ ვიცი, საიდან და როგორ გაჩნდა, ვივარაუდე, რომ სამეზობლოში ვიღაცას ქოთანი გაუტყდა, არ იცოდა, რა ექნა მცენარისთვის და იფიქრა, ეს ქალი მაინც უვლის ყვავილებს და კართან დავუდებ, არ გაწირავსო.

პალმას ქოთანი უნდოდა და გამახსენდა, რომ სხვა სართულზე მეზობელმა გადასვლის შემდეგ სადარბაზოში დიდი ემალის ქვაბი დატოვა. პალმა იმაში ჩავრგე და ხარობს ასე ჩვენს სადარბაზოში.

გაბედეთ და დაიწყეთ

ვინმეზე ან რამეზე ზრუნვა თუ არ უნდათ, შემიძლია გავუგო, მაგრამ ვინც იცის, რამხელა სითბო და სიყვარული მოაქვს მცენარეებს, ყველას ვურჩევ, დაიწყოს და გაბედოს. ეს არც ისე რთულია, როგორც ჰგონიათ. ინტერნეტში ყველაფრის მოძიება შეიძლება. დამატებითი ინფორმაცია დამჭირდა, როდესაც ქრიზანთემებსა და ბეგონიებს პარაზიტები გაუჩნდა. ბევრი ძებნა არც დამჭირვებია, სტატია წავიკითხე - სარეცხის საპონი ავაქაფე წყალში, ძალიან ნაჯერი ხსნარი მივიღე და შევასხურე. მაინცდამაინც ყვავილებს არ უნდა შეასხა - შეიძლება მოიწყინონ. ეს პროცედურა შეიძლება რამდენიმე დღეში გაიმეორო. მოსავლელად ადვილია მარადმწვანე მცენარეები. არსებობს ლამაზი ბუჩქები, დაბალი ხეები, რომლებიც ყინვასაც უძლებს...

მოკლედ, შეძლებისდაგვარად უნდა გავილამაზოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.